ერთ დღეს რედაქციაში მოსული ქართლოსი ჰყვებოდა, ნოდარი ყურს უგდებდა, არაფერს ლაპარაკობდა. კარგა ხნის შემდეგ გააჩერა ქართლოსი და ღიმილით უთხრა:
- კაი, ბიჭი ხარ, ძამა, შენ, მარა სანამ ცნობას არ მოიტან, რომ ნორმალური ხარ, ვერაფერს ვერ დაგიბეჭდავ!
ქართლოსს თითქმის ყურადღებაც არ მიუქცევია ამ სიტყვებისათვის, კვლავ გააგრძელა მისებური ანეკდოტების მოყოლა.
გადის რამდენიმე დღე. იღება რედაქციის კარი და ქართლოსი გახარებული, ხელში აფრიალებული ქაღალდით შემოდის. ამ ქაღალდს ერთ-ერთი თანამშრომლის მაგიდაზე დებს.
ამ საბუთში შემდეგი დასკვნა ეწერა:
“ქართლოს დავითის-ძე კასრაძე არ არის გიჟი, იგი ნორმალურია.” ეს სიტყვები ფსიქიატრიული დისპანსერის ბლანკზე იყო დაბეჭდილი და მას საკმაოდ ავტორიტეტული ხელმოწერა ადასტურებდა.
ამის შემდეგ ქართლოსი ნოდარ დუმბაძის კაბინეტში შევიდა. ნოდარმა ამ “ცნობის” კითხვა რომ დაასრულა, სიცილ-ხარხარით ფეხზე წამოვარდა და “ნორმალურ” ქართლოს კასრაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- წადი, ძამა, ახლა იმის ცნობა მომიტანე, ამის დამწერი რომაა ნორმალური!