პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიზისული ვითარების მიღების საფრთხეზე საუბრობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ სურს ისეთი ჩიხური მდგომარეობის შექმნა, როდესაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუტი, კონსტიტუციის ფარგლებში, საკუთარ ძალაუფლებას იყენებს დაბოლოს, შედეგად, კრიზისული ვითარება დგება.
”დიახ, პარლამენტს შეუძლია ისეთი კანონი მიიღოს, რომელსაც ის საჭიროდ თვლის. დიახ, პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს კანონს, თუ არ ეთანხმება. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია კანონი არაკონსტიტუციურად ცნოს, თუ ასეთად მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ-ჩვენს მოქმედებებში ჯამური შედეგი არ მივიღოთ - კრიზისული ვითარება. კრიზისული ვითარება უკიდურესად არასასურველია წინასაარჩევნოდ, მით უმეტეს, როცა საქმე კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირებას ეხება, რომლებიც საჭირო და უმნიშვნელოვანესია უშუალოდ საარჩევნო პროცესში. ამიტომ ვისურვებდი ის გამოსავალი დამენახა, რომელიც მხარეებს პოზიციების შეჯერების საშუალებას მისცემდა და არ იქნებოდა ისეთი დამოკიდებულება, რომ მე კანონის მიღება შემიძლია - კანონს მივიღებ, მე კანონის გაუქმება შემიძლია - კანონს გავაუქმებ. მერე ჩვენ რა, მოქალაქეებს?! ჩვენ გვინდა ვიხილოთ სტაბილური სახელმწიფო, სადაც კანონები მოქმედებენ და ინსტიუტუტები მუშაობენ”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.