პრეზიდენტი მხარს უჭერს პრემიერის სახელმწიფოებრივ პოზიციას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით

პრეზიდენტი მხარს უჭერს პრემიერის სახელმწიფოებრივ პოზიციას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით

მმართველმა გუნდმა უნდა გაითავისოს, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ყველა კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს, - ასე შეაფასა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ კორცხელში განვითარებული მოვლენები.

მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობა ქვეყნის დემოკრატიულობის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტია.

„სწორედ ინსტიტუციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი, აღკვეთოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება. ის, რაც მოხდა კორცხელში, არის უფრო მეტი სამართალდარღვევა. ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. კორცხელში მომხდარზე ეფექტური რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შესწევს უნარი თავისუფალი და მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩაატაროს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე მომხრადზე დროული და ეფექტური რეაგირება. მიშველაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა აჩვენოს რომ ქვეყანაში პროცესებს ის მართავს.

„პრეზიდენტი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფოებრივ პოზიციას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რომ უსწრაფესად გამოვლინდეს ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისროს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მიშველაძემ.