გია ვოლსკი საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების თაობაზე ”ნაციონალების” გადაწყვეტილებას კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებად აფასებს

გია ვოლსკი საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების თაობაზე ”ნაციონალების” გადაწყვეტილებას კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებად აფასებს

”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატთა მიერ პარლამენტის სხდომის მიტოვება და მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმა ძალიან ჰგავს კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებას, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა აღარ მიიღონ.

”ამ ყველაფრის მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ორიენტირებაა წინასაარჩევნო ”უსამართლობაზე” (სხვა პროვოკაციებსაც უნდა ველოდოთ), არჩევნების შედეგების გაპროტესტება ამ ნიშნით და 2003 წლის ნოემბრის მოვლენების გამეორების მცდელობა”, - წერს ვოლსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” თავის გვერდზე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით განცხადება დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელის მას კორცხელის ინციდენტზე ეკისრება.

”მთელი საქართველო ხედვას, რომ დამნაშავე ხელისუფლებაშია და ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას არჩევნებზე ”არას” ეუბნება. მათ ამ არჩევანის წართმევა უნდათ. ვერ აცნობიერებენ იმას, რომ მათ 4 წლის განმავლობაში ვერ გააკეთეს ვერაფერი ხალხისთვის და ახლა უნდათ, რომ ხალხის არჩევანზე იძალადონ. ეს არის მათი პასუხი ხალხის ნებაზე, ამიტომ ჩვენ ვიდრე არ იქნება დადგენილი დამნაშავე, დამკვეთი, ისევე როგორც ადამიანები, ვინც იმ დღეს იძალადეს, ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში”, - განაცხადა სერგო რატიანმა.