"გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორ გადაწმინდა სისხლით პროსპექტი"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა 2011 წლის 26 მაისი გაიხსენა და განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერმა "პროსპექტი სისხლით გადაწმინდა".

პლენარულ სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისს, უსამართლობა ჩაიდინა, დღეს პარლამენტში სხედან.

"ხვალ არის 26 მაისი, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უდიდესი თარიღი, მაგრამ ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, რა შავ დილად გაუთენა მოსახლეობას და ქვეყანას "ნაციონალურმა ბოლშევიკურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერმა, აქედან გაქცეულმა სხვა ქვეყნის მოქალაქემ. როგორ გადაწმინდეს სისხლით ის პროსპექტი, როგორ იძახნდენ წარმართულად ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერიო, როდესაც იძახდნენ "მიშა მიშა", მაშინ ყველა ვიძახდით -  "საქართველო". ყველას მინდა მოვუხარო ქედი, ვინც ამ ხროვას, "ბოლშევიკებს" ებრძოდა და მუხლი არ ჩახარა. რომელი ერთი ჩამოვთავლო - 7 ნოემბერი, 26 მაისი, არჩევნების გაყალბება. არჩევნების გამყალბებელთა კოჰორტა ზის აქ. ამას ვიტანთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არ ჩამოინგრეს. ეს ადამიანები ლაპარაკობენ ქვეყნის და საზოგადოების სახელით და უნდათ ხალხი დაარწმუნონ, რომ ჩვენ უნდა მოვბრუნდეთ ხელისუფლებაში, უარესად უნდა გაგხედნოთო. ამასაც ბედავენ",- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.