მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა

მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, "მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც გიგა ბოკერია და სხვები გალახა".

დეპუტატის თქმით, პირველ რიგში იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც 2012 წელს კარალეთის ინციდენტში მონაწილეობდა და ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

"ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ, დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ის ხალხი დაესაჯათ. მერე დააყენონ იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში და მერე კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი – დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორემ ისე საცემები არიან", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, სოფელ კორცხელში არჩვნების მიმდინარეობისას "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები დაკითხვაზე 24 მაისს იმყოფებოდნენ.