საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მთავრობამ და უმრავლესობამ იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, ვინც კორცხელის ინციდენტის "დამკვეთი" იყო.
აღნიშნული განცხადება, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"ვხედავთ, რომ არავინ არის დაკავებული, საერთოდ არ არის საუბარი დამკვეთებზე. ასევე, გუშინ ვნახეთ, რომ დამნაშავე პირები იქით აყენებდნენ ულტიმატუმებს, რომ მათი დაკავების შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. სანამ არ იქნება საუბარი დამკვეთის გამოვლინებაზე, სანამ უმრავესობასა და მთავრობაში არ იქნება ნება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს მას, ვინც ეს ინციდენტი დაუკვეთა, მანამდე დამნაშავეები ულტიმატუმებით ილაპარაკებენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ დაიწყოს ფიქრი, რომ იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისაც ვითარება მიჰყავდა",- განაცხადა სერო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.