გიორგი ტუმასიანი:   ბან კი მუნის ახალი ინიციატივა საქართველოს ინტერესებშია

გიორგი ტუმასიანი: ბან კი მუნის ახალი ინიციატივა საქართველოს ინტერესებშია

დიპლომატიის კავკასიური აკადემიის დამფუძნებლის, გიორგი ტუმასიანის შეფასებით, ბან კი მუნის ახალი ინიციატივა, 2030 წლისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის ნახევრამდე მაინც შემცირებასთან დაკავშირებით, საქართველოს ინტერესებს ეხმიანება.

„იმის გათვალისწინებით, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გლობალური ინიციატივების მწვავე საჭიროება დგას. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების პრევენციის წარუმატებლობა ერთი მხრივ, ხაზს უსვამს გლობალური აქტორების საქმიანობის არაეფექტურობას, მეორე მხრივ კი აღნიშნავს, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი ლიდერების მნიშვნელოვან როლს“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

მისი თქმით, გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდება დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისკენ შეიძლება სერიოზული პოზიტიური ცვლილებების მომტანი იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობისთვის.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ბან კი მუნის ინიციატივაში არამხოლოდ მისი მხარდაჭერით გლობალურ დონეზე, არამედ ამ ინიციატივის რეგიონალურ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ჩვენ მოგვეცემა შესაძლობლობა ჩვენი დევნილების საკითხს აქტუალურობა დავუბრუნოთ, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მცირდება დევნილთა რაოდენობის სერიოზული ზრდის გამო“, - აცხადებს გიორგი ტუმასიანი.

გიორგი ტუმასიანი მიიჩნევს, რომ ბან კი მუნის ეს ინიციატივა სრულად ეხმიანება როგორც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს, ასევე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.