„ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც გიორგი უძილაურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა ქობულეთის „აკვაცენტრის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით დასასვენებელი კომპლექსი აშენდება.
„ადრე აქ იყო სამხედრო ბუნკერები, რომლებიც ამჟამად უკვე აღებულია, გაწმენდილია ეს ტერიტორია, შემოტანილია ახალი ნიადაგი და მზადდება ტერიტორია იმისთვის, რომ ეს გახდეს მიმზიდველი, ულამაზესი და რეკრეაციული ცენტრი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც აქ აშენდება და ტურიზმის განვითარებას მოემსახურება. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ტყუილები იმის შესახებ, თითქოს მათ აქ ნახეს ნაგვით სავსე ტერიტორია, რომელიც ვალდებულებით იყო დატვირთული და ეს ვალდებულება არ შესრულდა, საფუძველს მოკლებულია“, - აღნიშნავს გიორგი უძილაური.
მისივე თქმით, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია „აკვაცენტრს“ 2006 წელს გადაეცა.