ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ახალი ბიუჯეტი ორიენტირებული იქნებოდა განათლების სისტემასა და სოციალურ სფეროზე, თუმცა განათლების სისტემის დაფინანსება არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ნინო გოგუაძის თქმით, განათლების ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული განათლების განვითარებაზე და ეს არის უმაღლესი ხელისუფლების სურვილის გათვალისწინებით შედგენილი ბიუჯეტი.
„განათლების სისტემის დაფინანსება მკვეთრად შემცირებულია 2010 წლის ბიუჯეტში და 554.897.0 მილიონს შეადგენს, ხოლო 2011წლის ბიუჯეტში თანხა 554.000.0 ლარამდე მცირდება. ამასთან, თუ გავითალისწინებთ ლარის ინფლაციას, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბავშვებს უხარიათ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, მაგრამ ამ პროგრამის ღირებულება 32 მილიონი ლარია, მაშინ როცა უმაღლესი სასწავლებლების კვლევების დაფინანსებისთვის 17 მილიონი ლარია გამოყოფილი და ეს პროგრამა 6 მილონით არის შემცირებული.
მართალია, გაზრდილია აბიტურეინტების დაფინანსება, მაგრამ სწორედ აქ არის ქვაკუთხედი – აბიტურეინტებს დაფინანსების 70% მიაქვთ სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე, ფუნდამენტური მეცნიერებები კი დაფინანსების გარეშე რჩება. ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ფუნდამენტურ მეცინიერებებს საერთოდ განადგურება ემუქრება. არ შეიძლება მთვარობამ საზოგადოება ფუნდამენტური მეცნიერებების გარეშე დატოვოს“, – ამბობს ნინო გოგუაძე.
როგორც აღმოჩნდა ახალ ბიუჯეტში პროგრამა „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში“ ადგილი არ მოიძებნა.
„საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, აქ სახელმწიფო ენა ქართულია. იმისათვის, რომ მოქალაქემ ინტეგრაცია მოახდინოს სახელმწიფოს სივრცეში ქართული ენის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთიანობისათვის, ამიტომ ეს პროგრამა შემცირების მაგივრად უნდა გაძლიერებულიყო“, – ამბობს ნინო გოგუაძე.
ახალი ბიუჯეტით პროფესიული სწავლების ცენტრი დაფინანსება 3 მილიონით შემცირდა და გაუქმდა „პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამა“, ასევე გაუქმდა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა. 1.200.000-ით შემცირდა ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვს სტიპენდიების და გრანტების მინიჭების პროგრამა, ასევე შემცირებულია „ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების“ პროგრამის დაფინანსება, რითაც ყოველთვის თავი მოგვქონდა. გაუქმდა საზღვარგარეთ ქართული სკოლებისათვის დახმარების პროგრამა.
„ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როდესაც, 10 მილიონი ლარი იხარჯება ინგლისური ენის პედაგოგების ჩამოყვანაზე, რასაც რევოლუცია უწოდეს. თუმცა, რევოლუციით ენის სწავლა არ ხდება. მაშინ როდესაც ქართველ პედაგოგებს სერტიფიცირებას უტარებენ, შეამოწმა ამ უცხოელი მასწავლებლების კვალიფიკაცია ვინმემ? ეს ქართველი პედაგოგების შეურაცხყოფაა. ამ ყველაფერს რევოლუცია კი არა დაგეგმილი მიზანი სჭირდება“, – ამბობს ნინო გოგუაძე.