მომავალი ბიუჯეტი სეკვესტრისთვის არის განწირული

მომავალი ბიუჯეტი სეკვესტრისთვის არის განწირული

2011 წლის ბიუჯეტი სეკვესტრისთვის არის განწირული. დონორებიდან მისაღები თანხების შემცირების ფონზე, მთავრობამ ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებული განცხადებები, რომ გაამართლოს, მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახადებიდან მისაღებ შემოსავლებს ზრდის. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები წლევანდელთან შედარებით 18%-ით იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ არ იზრდება ხელფასები საინტერესოა, როგორ უნდა მოხდეს ამ გადასახადიდან მისაღები შემოსავლების ზრდა. „ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, წლეულს ამ გადასახადიდან მიღებული შემოსავლები 10%-ით არის გაზრდილი.

 

გასათვალისწინებულია ისიც, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი უცვლელი რჩება. ამიტომ, პარტიის წევრი დავით ონოფრიშვილი თქმით, საინტერესოა, თუ რა გათვლებს ემყარება საშემოსავლო გადასახადის ზრდის ასეთი პროგნოზი მაშინ, როცა სამუშაო ბაზარზე მუშახელზე მოთხოვნის ზრდა არ ფიქსირდება. რეალურად, საშემოსავლო ბაზის ასეთი მატება საკმაოდ რთული მისაღწევია.

 

„ვერ ვხედავ ბაზას ვის ეზრდება ისე ხელფასები, რომ ამ გადასახადის ზრდა გამოიწვიოს. არა მგონია ბიზნესი კრიზისიდან ისე გამოვიდეს, რომ ხელფასები 18-20%-ით გაიზარდოს. მე, ბიზნესის კუთხით, ამგვარ ოპტიმისტს ვერ ვამჩნევ?“ - ამბობს დავით ონოფრიშვილი.

 

უფრო ზუსტად, წლეულს ამ გადასახადიდან მთავრობა 1,195 მილიარდ ლარს ელის, გაისად კი ეს მაჩვენებელი 1,457 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ასევე საკმაოდ იზრდება მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავლებიც - 12%-ით. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ჩაირიცხება მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელები, რომელთა გამოთვლაც 2010 წელს მიღებული მოგების ბაზაზე ხორციელდება.  გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლოს მთავრობის პროგნოზით 4-5 ან 6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, მოგების გადასახადის გაზრდა ამ გათვლებზეა დამყარებული.

დღგ-დან მისაღები შემოსავლები 15%-მდე იზრდება, ანუ თუ ამ მაჩვენებელს წლევანდელ პარამეტრებს შევადარებთ (5%-იანი წრდა 2009 წელთან) გაისად სამინისტრომ დღგ-დან 3-ჯერ მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს.

 

ასევე იზრდება აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლები. ეს პროგნოზი კი საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებების შედეგია. მიუხედავად განაკვეთების უცვლელად დატოვებისა, გაიზარდა აქციზით დასაბეგრი პროდუქტების ბაზა.

 

„აღნიშნული გადასახადები ზედმეტად, საეჭვოდ, ოპტიმისტურად არის გაზრდილი. მაინც მგონია, პოლიტიკურად რეალური ბიუჯეტის წარმოდგენა ძნელი იყო. ვინაიდან შემცირდა, დონორებიდან მისაღები თანხების მაჩვენებელი, მთავრობის პროგნოზით წლეულს ეკონომიკა 4-5%ით გაიზრდება, თუმცა ეს მაინც არ არის ოპტიმალური ზრდა. ამიტომ, მთავრობამ შემოსავლების ზრდა გადასახადების ხარჯზე აჩვენა. „თავისუფალი დემოკრატები“ კი თვლიან, რომ 2011 წლის მე-2 კვარტალში ბიუჯეტის შემცირებაა მოსალოდნელი“, - ამბობს დავით ონოფრიშვილი.

 

აღსანიშნავია, ისიც, რომ ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხების მობილიზება ჯარიმების, სანქციებისა და საპროცესო გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე ხდება. თუმცა, ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მიმართ ასეთი მიდგომა ეკონომიკის წინსვლას ხელს უშლის, ბევრი ბიზნესმენი იძულებული გახდება საქმიანობა შეწყვიტოს. ამიტომაც, ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესზე განხორციელებული წნეხის გამო, ეკონომიკის ზრდა საფრთხის ქვეშ დგება.

 

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა შემოსავლებიდან მისაღები შემოსავლები 299 მილიონ ლარამდე იზრდება. აქედან ჯარიმები, სანქციები და საურავები 90 მილიონია, 2010 წლის ბიუჯეტში კი ამ ტიპის შემოსავლები 77 მილიონი იყო.  სხვა შემოსავლებში ასევე გაწერილია შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები, თუმცა ეს რას ნიშნავს განმარტებული არ არის.

 

რაც შეეხება ხარჯებს, ზოგიერთი უწყების ბიუროკრატიული აპარატების ხელფასები იზრდება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი - სერიოზული ზრდა ფიქსირდება ე.წ. სხვა ხარჯებში - 900 მილიონ ლარამდე. რას ნიშნავს სხვა ხარჯები, რომელზედაც მთავრობა ასეულობით ლარს ხარჯავს გაურკვეველია. „ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბიუჯეტი არ არის გამჭირვალე“, - აღნიშნავს ონოფრიშვილი.

 

არადა, სხვა ხარჯებისთვის გაწერილი თანხა მთლიანი ბიუჯეტის 16%-ს შეადგენს. მაგალითად, გაურკვეველი ხარჯებისთვის 2009 - 650 მილიონი ლარი გაიწერა, 2010 - 723 მილიონი ლარი, ხოლო გაისად ეს - 896,9 მილიონი ლარი იქნება. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, მთავრობას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის რა რაოდენობის თანხა დახარჯოს. ონოფრიშვილის განცხადებით, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც პარლამენტში ბიუჯეტი განსახილველად ამ პროგრამების გარეშე შევიდა.

 

„იმის ახსნა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ახალია, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბიუჯეტს მარტო მინისტრი არ განსაზღვრავს, წინასწარ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის დაგეგმვა, შესაბამისად, როდესაც პარლამენტში ბიუჯეტში განსახილველად შევა ყველა პარამეტრი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი“, - ამბობს ონოფრიშვილი.

 

ასევე საკმაოდ პრობლემატურია განათლების ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც იზრდება განათლების სამინისტროს აპარატის ბიუროკრატიული ხარჯები, ხოლო მცირდება ან საერთოდ უქმდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება. ყოველ წელს მცირდება ქართული ენის პროგრამის ბიუჯეტი.  „როგორც ჩანს ეს პრიორიტეტი აღარ ყოფილა“, - ამბობს ონოფრიშვილი. ასევე შემცირდა განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრობისთვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭება.  გაუქმდა საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების პროგრამა.

 

„როდესაც მასწავლებლები ჩამოგყავს, რომ საქართველოში ქართველმა ბავშვმა ინგლისური ენა ისწავლონ და ამისთვის 10 მილიონ ლარს ხარჯავ, საზღვარგარეთ მყოფმა ბავშვებმა ქართული რომ ისწავლონ ამისთვის 100 ათას ლარს რატომ აღარ ხარჯავ?“ - კითხულობს ონოფრიშვილი.

 

საერთოდ გაუქმდა „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში“ - აქ საუბარია აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის ქართული ენის სწავლებაზე.

ასე რომ, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ნათლად იკვეთება, რომ მთავრობისთვის ქართული ენა და მოსახლეობის სოციალური ყოფა პრიორიტეტი არ არის.