მსოფლიო ბანკი: ფულს საქართველოში მხოლოდ 1% აგროვებს

მსოფლიო ბანკი: ფულს საქართველოში მხოლოდ 1% აგროვებს

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში - ”საფინანსო ჩართულობის შეფასება” - 148 ქვეყნის მაგალითზე ასახავს ადამიანების საბანკო სისტემასთან დამოკიდებულებას. დასკვნა დაახლოებით ასეთია: 2,5 მილიარდი ადამიანი, რომელიც არ სარგებლობს საბანკო მომსახურებით, მათ შორის ღარიბებიც, ეკონომიკურ ზრდასა და საკუთარ შესაძლებლობებს აზარალებს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რატომ არ აგროვებენ ფულს ადამიანები?

150 ათასი რესპონდენტის გამოკითხვის შედეგად მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში საბანკო ანგარიში ზრდასრული ადამიანების 50%-ს აქვს გახსნილი, თუმცა ღარიბი მოსახლეობის სამი მეოთხედი არ სარგებლობს საბანკო მომსახურებით და ეს მხოლოდ სიღარიბის ბრალი არ არის. კვლევის თანახმად, საბანკო ანგარიშების გახსნის ხელის შემშლელ ფაქტორებს ასევე წარმოადგენს: დანახარჯები, სამგზავრო დისტანცია თუ პროცედურების სირთულე.

2011 წლის მდგომარეობის ამსახველი კვლევა აჩვენებს, რომ განვითარებად ქვეყნებში საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს ქალების 37%-ს, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი კაცებში 46%-ს შეადგენს. ამ ჭრილის გენდერული განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოა ღარიბად მცხოვრებთა პირობებში.

საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ანუ საფინანსო ჩართულობა, მსოფლიო ბანკის აზრით, საშუალებას აძლევს ღარიბ მოსახლეობას: შეიქმნას უფრო დაცული მომავალი, დანაზოგის შექმნისა და სესხის აღების გზით დაიწყოს ბიზნესი, დაიფინანსოს განათლება თუ შეიძინოს ბინა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რობერტ ზელიკის თქმით, ამ მექანიზმის მდგრადობა მასში ჩართული ადამიანების სიმრავლეზეა დამოკიდებული:

”საფინანსო სერვისების მიწოდება იმ 2.5 მილიარდი ადამიანისთვის, რომლებიც ამჟამად არ სარგებლობენ საბანკო მომსახურებით, გააძლიერებდა ეკონომიკურ ზრდასა და შესაძლებლობას მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობისთვის.”

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ახალი ანგარიშის ძირითადი მესიჯი ის არის, რომ, რაც უფრო მეტი ღარიბი ადამიანი ურთიერთობს ბანკთან დღეს, მით უფრო მეტს აკეთებენ ისინი საკუთარი მომავლისთვის.

მათთვის, ვინც ბანკთან ურთიერთობასა და სიღარიბეს ერთმანეთთან შეუთავსებელ ცნებებად აღიქვამს, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილს საქართველოში მცხოვრები პენსიონერების მაგალითი მოჰყავს:

”ბევრი პენსიონერი საქართველოში, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის მოხვედრილი, სარგებლობს საკრედიტო ბარათით. ერთი მხრივ, ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ისეა მართვის სისტემა აწყობილი ამ სივრცეში, რომ რეალურად პენსიონერი აღარ იღებს ფულს ქეშად, აღარ იღებს ცოცხალ ბანკნოტებს და მისი ფულის დარიცხვა საკრედიტო ბარათზე ხდება. ამასთან, პენსიონერებს აქვთ საშუალება აიღონ სესხი 2-3 თვის საპენსიო თანხის ოდენობით. ცხადია, რომ ბანკთან კავშირის გარეშე მათ ასეთი შესაძლებლობა არ მიეცემოდათ.”

მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს ზრდასრული მოსახლეობის 33%-ს და მათ შორის არიან პენსიონერებიც. ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელ დირექტორს დავით ნარმანიას ეს მაჩვენებელი სასურველზე დაბალ მაჩვენებლად მიაჩნია და ჩვენთან საუბრისას შესაბამის განმაპირობებელ ფაქტორსაც ასახელებს:

”საქართველოს მოსახლეობის 47 პროცენტი სოფლად ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის სფეროშია ჩართული, ხოლო ამ სფეროს პრაქტიკულად კავშირი არა აქვს საბანკო სისტემასთან.”

ერთია კავშირი ბანკთან და მეორეა კლიენტების მხრიდან ფულადი დანაზოგის შექმნა ბანკებში. მსოფლიო ბანკის კვლევაში 148 ქვეყნის მაგალითები ცხადყოფს, რომ ასეთი დანაზოგი გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 22% -ს ჰქონდა, ხოლო მათ შორის, ვისაც გახსნილი ჰქონდა საბანკო ანგარიში, მხოლოდ 43% აგროვებდა ფულს. 

ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია საქართველოს შემთხვევაში და ირკვევა, რომ დანაზოგს ქმნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 1 %, ხოლო საბანკო ანგარიშის მქონეთა მხოლოდ 3%. დავით ნარმანიას აზრით, ამ მეტად დაბალ მაჩვენებელს, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს, ანუ ვერ დააგროვებ ფულს, როცა საკმარისი ფული არ გაქვს:

”ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლებთან. დაბალშემოსავლიან კატეგორიას პრაქტიკულად არ რჩება თანხა, რასაც ისინი დანაზოგის სახით განათავსებდნენ ბანკში... ”

ეკონომიკური ფაქტორის არსებობას, ცხადია, არ უარყოფს რევაზ საყევარიშვილი, თუმცა იქვე ასახელებს კიდევ ერთ საყურადღებო ფაქტორს, რომელიც უშუალოდ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი:

”...შემიძლია მოვიყვანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება, რომელთანაც მე მქონია ამ თემაზე საუბარი: ქართველის კულტურა, თავისი შინაგანი მოცემულობით, არის ბევრად უფრო მხარჯველი, ვიდრე ბევრი სხვა კულტურის წარმომადგენლებისა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნები (თუნდაც მსოფლიო ბანკის ამ ახალი ანგარიშის მიხედვით), რომლებიც საქართველოზე დაბალ ნიშნულზე იმყოფებიან და საზოგადოებაში კონკრეტულ ადამიანებს გაცილებით ნაკლები შემოსავალი აქვთ, მაინც საქართველოზე გაცილებით მეტი აქვთ დაზოგილი საბანკო სექტორში. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, მულტიდისციპლინარული პრობლემა, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე არ დგას.”

არის თუ არა საბანკო დანაზოგების სიმცირე გამოწვეული იმითაც, რომ საქართველოში ბანკები თავიანთ კლიენტებს ვერ სთავაზობენ მრავალფეროვან ხელსაყრელ სერვისებს? ეკონომიკის სფეროს ექსპერტების აზრით, ნაწილობრივ ეს სწორედ ასეც არის და, შესაბამისად, ფულიან ადამიანს კერძო მევახშეების შედარებით მაღალპროცენტიანი მომსახურებით ურჩევნია სარგებლობა. თუმცა იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი მოთხოვნა დანაზოგთან დაკავშირებულ სერვისებზე, ნაკლებია მიწოდებაც.