მცირე ბიზნესი კვლევაშიც დაჩაგრულია

მცირე ბიზნესი კვლევაშიც დაჩაგრულია

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იგი ასახავდა მეწარმეთა დამოკიდებულებას საქართველოში ბიზნესის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების მიმართ.

კვლევის მიმდინარეობისას საქართველოში 1 000-ზე მეტი მეწარმე გამოიკითხა. რესპონდენტთა 75% მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემო მეტნაკლებად ან საკმაოდ მიმზიდველია, გამოკითხულთა მხოლოდ 0,11%-მა ახსენა კორუფცია, როგორც პრობლემა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და მხოლოდ 6%-ს სმენია სამთავრობო ორგანოებში კორუფციის შესახებ. იგივე კვლევის თანახმად, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით, მსხვილ საწარმოებს ბიზნესის ზრდის უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე მცირე საწარმოებს. შარშან მსხვილ საწარმოთა ნახევარზე მეტი, ხოლო მცირე საწარმოების მხოლოდ 17% გაფართოვდა. კვლევამ ასევე გამოავლინა პრობლემები, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან:  ფინანსებზე მიუწვდომელობა, ჯარიმები, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და კომუნალური ხარჯები.

საგადასახადო შემოწმება კვალავაც რჩება ერთ-ერთ სერიოზულ საკითხად და ტვირთად მცირე ბიზნესისთვის. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროგრამების მენეჯერის ლიზა კესნერის თქმით, ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ეს საკითხი შეიცვალოს. “ჩვენი რჩევა ყოველთვის იყო, რომ საგადასახადო შემოწმება ყოფილიყო აქცენტირებული უფრო რისკის მატარებელ კომპანიებსა და ორგანიზაციებზე, რაც უფრო მსხვილ ბიზნესს ეხება და არა მცირე ბიზნესს”, - აღნიშნა კესნერმა. 

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის თქმით, IFC-ის კვლევაში მეტი აქცენტი ნაკლოვანებებზე უნდა გაკეთებულიყო. ნაკლოვანებებზე აქცენტის გაკეთება საჭიროა იმისთვის, რომ უკვე შემდეგი კვლევებისას ისინი აღმოფხვრილი იყოს - თუნდაც ფინანსურ რესურსზე ხელმიუწვდომლობა, მაღალი ტარიფები და ჯარიმები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ისაკაძის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსზე მიუწვდომლობა დღეს უმთავრეს პრობლემად რჩება, რადგან მათ, მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ დაიქირავონ ბევრი ადამიანი და ჰყავდეთ ბევრი კონსულტანტი.  მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის აზრით, ვიდრე არ მოხდება ამ საკითხის ორგანიზება, ბიზნესში ყოველთვის იქნებიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანები.

ისაკაძე მიიჩნევს, რომ მხარეები ნებისმიერ კვლევას აბსოლუტურად საღად უნდა მიუდგნენ. მისივე თქმით, არც ერთმა კვლევამ და სხვადასხვა სარეიტინგო მაჩვენებელმა არ უნდა ჩააგდოს ისინი არც ხბოს აღტაცებაში” და არც იმაზე აპელირება უნდა მოხდეს, რომ ამა თუ იმ პარამეტრში ბიზნესს ჩავარდნები აქვს.

“ავიღოთ რაღაც რაციონალური, რათა ის ასპექტი, სადაც საქართველო კარგად ჩანს, ყველას ერთად გაგვიხარდეს, მაგრამ ხბოს აღტაცებაში ნუ მოვალთ, რადგან კიდევ ბევრი პრობლემაა დარჩენილი და ამას ყურადღება სჭირდება”, - აღნიშნა ისაკაძემ.

მისგან განსხვავებით ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია IFC-ის ახალი კვლევის შედეგებით კმაყოფილია. როგორც პერტაიამ აღნიშნა, კვლევის მნიშვნელოვან ნაწილს ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2011 წელს ბიზნესმენებს შეხება არ ჰქონიათ კორუფციულ გარიგებასთან და 2010 წელთან შედარებით ჯარიმები შემცირებულია.

“ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაში არის ის, რომ ბიზნესმენთა უმეტესობა 2012 წელს საქმიანობას გაფართოებას აპირებს”, -  განაცხადა პერტაიამ.

კიდევ უფრო ნასიამოვნები ჩანდა შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ბიზნეს საგადასახადო წნეხთან მიმართებაში პრეტენზია აღარ აქვს, რადგანაც სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და მათი მიდგომა ბიზნესის მიმართ უფრო ლიბერალური გახდა. მისი აზრით, ბიზენსს საგადასახადო წნეხზე უფრო მეტად კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებს

“აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ბიზნესმენების საკმაოდ დიდი უმრავლესობა შემოსავლების სამსახურის მომსახურებით კმაყოფილნი არიან და საკმაოდ სასიამოვნოა ისიც, რომ პირველ რიგში ბიზნესი სხვა ტიპის პრობლემებს ასახელებს, როგორიცაა მათი პროდუქციის მოთხოვნის ზრდა ან კლება, ბაზარზე კონკურენცია. მხოლოდ 3-5 %-ი ასახელებს, რომ მათი ბიზნესის კლების ან ზრდის მიზეზი იყო საგადასახადო კანონმდებლობა, ან საგადასახადო წნეხი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენთა უმეტესობა ასახელებს, რომ კომუნალური გადასახადები უფრო მეტი ტვირთია ბიზნესისთვის ვიდრე საგადასახადო გადასახადი. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ის ძველი მიზეზები, რომელიც საგადასახადო ტვირთით იწყებოდა თითქმის შეიცვალა და ბიზნესი პრობლემად სხვა ფაქტორებს ასახელებს”, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ.