არგენტინამ ეკონომიკური პოლიტიკით ნახევარი მსოფლიო გადაიმტერა

არგენტინამ ეკონომიკური პოლიტიკით ნახევარი მსოფლიო გადაიმტერა

არგენტინის მთავრობამ ქვეყნის უმსხვილესი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიის YPF-ის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ კომპანიის აქციების 57,4 პროცენტიანი საკონტროლო პაკეტი ესპანურ Repsol-ს ეკუთვნის. ასე რომ, ბუენოს-აირესმა თავის “არაორთოდოქსალურ” ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელიც აქამდე საპენსიო ფონდების განსახელმწიფოებრიობასა და იმპორტზე შეზრუდვის დაწესებაში გამოიხატებოდა, ახალი ნაბიჯი გადადგა. პრეზიდენტ კრისტინ კირშნერის გადაწყვეტილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა არა მარტო Repsol-ის ხელმძღვანელთა და აქციონერთა შორის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე.


როგორც ცნობილია, არგენტინამ ფინანსური კრიზისის წნეხი საკუთარ თავზე აშშ-სა და ევროპაზე ადრე გამოსცადა. მართალია, გასული საუკუნის 90-იან წლებში მისი ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდებოდა, ისევე, როგორც ორივე ამერიკის თითქმის ყველა ქვეყნის, მაგრამ, საუკუნეთა გასაყარზე არგენტინას თავს ნამდვილი ეკონომიკური კატასტროფა დაატყდა, რომელიც შიდა პროდუქტის 15 პროცენტიანი შემცირებით, დეფოლტით, მასობრივი არეულობებით და “ცარიელი ქვაბების მარშებით” დასრულდა.


შეიძლება ითქვას, 2002 წლის არგენტინა გვარიანად გავდა 2012 წლის საბერძნეთს. მხოლოდ ის განსხვავება იყო, რომ მის გადარჩენაზე არავინ ზრუნავდა და კრიზისის სიმძიმეების დაძლევა არგენტინელებს საკუთარი ძალებით მოუწიათ.


ამ კრიზისში მთავარ დამნაშავედ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა ჩაითვალა, რომლი გატარება ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ურჩია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ეკონომიკის აღმასვლას ხელს უწყობდა, მაგრამ კრედიტირების მეტისმეტი ზრდისა და სტრუქტურული გადახრების გამო ბოლოს აღარ მუშაობდა. წმინდა მონეტარული მეთოდებით კრიზისის საწყის ეტაპზე დაძლევა არ მოხერხდა, შემდეგ კი უკვე ძალიან გვიან იყო.


არგენტინელებს მომხდარი მწარედ დაამახსოვრდათ. ჰოდა, ქალბატონ კირშნერის მეთაურობით სოციალისტური მთავრობა აირჩიეს და მეორე უკიდურესობისაკენ გასწიეს. უკვე სახელმწიფო ეკონომიკურ ცხოვრებაში ნებისმიერი მიზეზით ერეოდა, მაგრამ სანამ 2000-იან წლებში ეკონომიკის აღდგენა (საშუალოდ წლიური 6 პროცენტით) მიდიოდა, ამ ჩარევებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არავინ ანიჭებდა. მაგრამ ახლა, პოსტკრიზისული მსოფლიოს პირობებში, სიტუაცია სრულიად რადიკალურად შეიცვალა.


ამ მიმართულებით პირველი დიდი ნაბიჯი 2008 წლის ნოემბერში მთელი კერძო საპენსიო სისტემის ნაციონალიზაცია გახლდათ. მაშინ გლობალური კრიზისი ბობოქრობდა და ამას ყურადღება ბევრმა არავინ მიაქცია, ხოლო ვინც მიაქცია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უპატიებელ ქმედებად არ ჩათვალა.


მაგრამ ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ საერთაშორისო ვაჭრობაზე კონტროლის დამყარება ასე შემწყნარებლურად არ აღქმულა. საუბარია თებერვალში მიღებულ კანონზე, რომლის მიხედვითაც უცხოეთში საქონლის შეძენის ყველა გარიგებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან ნებართვა სჭირდება. მარტის ბოლოს ორგანიზაცია Global Trade Alert-მა არგენტინა “პროტექციონიზმში მსოფლიოს ჩემპიონად” დაასახელა. სხვათა შორის, მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა.


მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრებმა: აშშ-მ, ევროკავშირმა, ავსტრალიამ, იაპონიამ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ ბუენოს-აირესისაგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს. მათი აზრით, არგენტინის მთავრობის ქმედება არანაირად არ შეესაბამებოდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებს. თუმცა, არაერთმა სხვა სახელმწიფომ პროტექციონიზმის გაფართოვებაზე არანაირი რეაქცია არ მოახდინეს.


YPF-თან დაკავშირებულ სიტუაციას კი შესაძლოა, ნამდვილი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვეს. საუბარი ხომ კომპანიის აქციების 51 პროცენტის სახელმწიფოს მიერ იძულებით შესყიდვაზეა. მისი მანდვილი მფლობელი, ესპანური Repsol კი ხახამშრალი დატოვეს.


ბუენოს-აირესი თავის ქმედებას მოახლოებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდის სურვილით ხსნის. თანაც, არგენტინის მთავრობა აღნიშნავს, რომ მთელს ლათინურ ამერიკაში სწორედ მისი ქვეყანაა ერთადერთი, რომელიც საკუთარ ენერგორესურსებს ვერ აკონტროლებს.


ბუენოს-აირესი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Repsol-ს სამართლიან თანხას გადაუხდის. მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, ეს სამართლიანი ფასი რა იქნება. ამჟამად YPF-ის კაპიტალიზაცია 10 მილიარდი დოლარია, მაგრამ აქედან გამომდინარე ფასს ესპანელები ალბათ არ დათანხმდებიან.


თავისთავად ცხადია, ყოველივე ამან როგორც YPF-ის, ისე Repsol-ის აქციების გაუფასურება გამოიწვია. ესპანური კომპანიის დასაცავად უმალ გაილაშქრა ქვეყნის ხელისუფლებამ. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს არგენტინის ელჩი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კირშნერის გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობას ძალიან დააზარალებს და არგენტინას სასტიკი სანქციებით დაემუქრა.


მაშ როგორ, თავად ესპანეთს დღეს ძალიან უჭირს და მისი ინდუსტრიის ერთ-ერთი ფლაგმანისათვის ასეთი დარტყმის მიყენება ქვეყანას გვარიანად დააზარალებს. თავისთავად ცხადია, ესპანეთს მხარს უჭერს მთელი ევროკავშირი, აშშ და სხვა ბევრი ქვეყანა. სხვათა შორის, კირშნერის წინააღმდეგ გაილაშქრა მექსიკის პრეზიდენტმაც და იგი რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუარესებაში დაადანაშაულა.


ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. ფაქტია, რომ ევროკავშირთან, რომელიც არგენტინის ძირითადი პარტნიორია, ურთიერთობის გაფუჭება ბუენოს-აირესს ძალიან დააზარალებს. მაგრამ არგენტინელი მაღალჩინოსნები ამაყად აცხადებენ, რომ აღებულ კურსს არ გადაუხვევენ.