ევროს ზონის კრიზისი მომაკვდინებელ ფაზაში შედის

ევროს ზონის კრიზისი მომაკვდინებელ ფაზაში შედის

ამგვარი ერთობ არადამაიმედებელი აზრი ცნობილმა ფინანსისტმა და მეცენატმა ჯორჯ სოროსმა გამოთქვა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შენელდეს, ევროს კრიზისი ბოლო დროს სულ უფრო მძაფრდება. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაწყებული კრიზისი უკუგამოსყიდვის გრძელვადიანი შეთანხმების წყალობით ცოტათი შეარბილა. ამ შეთანხმებამ, რომლის ფარგლებში ევროს ზონის ბანკებს 1 ტრილიონ ევროზე მეტი 1 პროცენტის განაკვეთით გამოეყო, ფინანსურ ბაზრებს გვარიანი შვება მოგვარა, მაგრამ ამგვარი ვითარება დიდ ხანს ნამდვილად არ გასტანს, რადგან ძირეული გაუარესება დამალულია.


სოროსის განცხადებით, არ გადაჭრილა ფუნდამენტური პრობლემები: მეტიც, კრედიტორ და მევალე ქვეყნებს შორის განსხვავება იზრდება. კრიზისი შედის ფაზაში, რომელიც შესაძლოა, მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.


კრიზისის დასაწყისში ევროს ზონის დაშლა უაზრობად ითვლებოდა: ერთიან ვალუტაში გამოხატული აქტივები და ვალდებულებები იმდენად ურთიერთდამოკიდებული იყო, რომ დაშლას უკონტროლო კრახი მოჰყვებოდა. მაგრამ კრიზისის განვითარებასთან ერთად, ევროს ზონის ფინანსური სისტემა თანდათანობით ნაციონალური მიმართულებით შეიცვალა.


ბოლო დროს ეს ტენდენცია ძალას იკრებს. უკუგამოსყიდვის გრძელვადიანმა შეთანხმებამ იტალიურ და ესპანურ ბანკებს საშუალება მისცა საკუთარი ქვეყნის ობლიგაციებთან მიმართებაში პერსპექტივაში ძალზე მომგებიანი პოზიცია დაიკავონ. თუ რამდენიმე წლის განმავლობაში ასე გაგრძელდება, ევროს ზონის დაშლა ყოველგვარი კრახის გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა, კრედიტორი ქვეყნების ბანკებს მევალეთა მიმართ ერთობ სერიოზული მოთხოვნები დარჩებათ.


გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა უკვე გაიაზრა ეს საფრთხე და დაიწყო ზომების გატარება, რაც საშუალებას მისცემს ზონის დაშლის შემთხვევაში შედარებით ნაკლები ზარალი ნახოს. კერძოდ, დაიწყო ბრძოლა ფულის მასის უსაზღვროდ გაზრდის წინააღმდეგ და გამკაცრდა ფულადსაკრედიტო პოლიტიკა ქვეყნის შიგნით.


სოროსის აზრით, გადარჩება თუ არა ერთიანი ვალუტა, ევროს ზონას ეკონომიკური უძრაობის ხანგრძლივი პერიოდის გადატანა მოუწევს. ამგვარი რამ სხვა ქვეყნებსაც გამოუცდიათ. მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა ათწლიანი რეცესია 1982 წლის შემდეგ გადაიტანეს, იაპონიაში კი ეკონომიკური უძრაობა თითქმის მეოთხედი საუკუნეა გრძელდება. მაგრამ ევროკავშირი ქვეყანა არ არის და ძნელი წარმოსადგენია იგი გადარჩეს. დეფლიაციის საფრთხე ჯერ კიდევ ბოლომდე აუწყობელი პოლიტიკური კავშირის დანგრევის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.


სოროსის ღრმა რწმენით, ამ საფრთხეს ევროპელები ექსტრაორდინალური ზომების გარეშე ვერ გაუმკლავდებიან. კარგი იქნება, თუ ევროპა აღიარებს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და კურსი შეიცვლება. ევროს ზონის წესები წარუმატებელი აღმოჩნდა და მათი რადიკალურად გადახედვა აუცილებელია, ოღონდ, ახალი წესები ფინანსური ბაზრების რეალურ მდგომარეობას უნდა ასახავდეს.


სოროსის აზრით, პირველ რიგში უნდა გადაიხედოს ევროს ზონაში არსებული საგადასახადო-საბიუჯეტო კანონმდებლობა. მან აუცილებლად უნდა ასახოს როგორც კომერციული, ასევე ფინანსური დავალიანებები. რაც მთავარია, უნდა მოიფიქრონ რაღაც არაჩვეულებრივი ზომები ნორმალური პირობების დასაბრუნებლად. ევროკავშირში ამჟამად არსებული საგადასახადო-საბიუჯეტო კანონმდებლობით მისი წევრი ქვეყნები ვალდებული არიან თავიანთი სახელმწიფო ვალი წოველწლიურად შეამცირონ. სოროსი თვლის, რომ ამ ვალდებულების შემსრულებელი ქვეყნებისათვის გარკვეული ჯილდო უნდა დაწესდეს, ხოლო დამრღვევთათვის არსებული დავალიანების გარკვეული პროცენტების სახით ჯარიმა დაწესდეს.


აღსანიშნავია, რომ ჯორჯ სოროსის მოსაზრებებს ანალიტიკოსთა უმრავლესობა თითქმის სრულიად იზიარებს. ისინი აღნიშნავენ, რომ რაც უფრო ჭიანურდება კრიზისი ევროს ზონაში, მით უფრო ძნელი დასაძლევი ხდება იგი. ასე რომ, ევროპული კრიზისი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, თორემ იგი მართლაც რომ მომაკვდინებელ ხასიათს მიიღებს.