ბიჯეტიდან გასანიავებელი 900 მილიონი

ბიჯეტიდან გასანიავებელი 900 მილიონი

მომავალი წლის ბიუჯეტში „რაღაცისთვის“ 900 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს ის თანხაა, რომელიც სხვადასხვა უწყების მიერ ე.წ. „სხვა ხარჯებისთვის“ უნდა დაიხარჯოს. იმის გამო, რომ არ ხდება გაწერა, ამაში რა იგულისხმება არავინ უწყის. ოპოზიციაც და ექსპერტებიც ეჭვობენ, რომ ეს თანხა „სამინისტროების მესვეურების პირად ხარჯებს მოხმარდება“.

 

სამინისტროების დაფინანსებაში ე.წ. „სხვა ხარჯების“ გათვალისწინება ახალი არ არის და ამის პრაქტიკა უკვე მრავალი წელია არსებობს. სხვადასხვა სამინისტროსთვის ამ გრაფით გამოყოფილი თანხა სხვადასხვაა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ საერთო ჯამში ყოველწლიურად იზრდება.   

 

2009 წლის ბიუჯეტით, სხვა ხარჯები მთლიანად 650 მილიონი ლარით დაფინანსდა. 2010 წლისთვის ეს დაფინანსება 723 მილიონამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 12%-ს წარმოადგენდა და უპრეცედენტოდ დიდი თანხა იყო. მომავალი წლისთვის კი უკვე 900 მილიონი ხდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 16%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში, წლევანდელთან შედარებით, 31 მილიონი ლარით მცირდება. წელს ქვეყნის ბიუჯეტი 6 მილიარდ 991 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. მომავალი წლის ბიუჯეტი კი 6 მილიარდ 960 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რაც თავისთავად ცალკე პრობლემაა. ამ შემთხვევაში კი გარკვეველია თუ რატომ იზრდება ე.წ. სხვა ხარჯების დაფინანსება. მთავრობას ამასთან დაკავშირებით ის პასუხი აქვს, რომ, თურმე, ამ სფეროს ასეთი დაფინანსება თავად სამინისტროების მიერ არის განსაზღვრული. არადა, ხელისუფლების განცხადებებს თუ დავუჯერებთ, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა გრძელდება და მით უმეტეს გაუგებარი ხდება, ამ პოლიტიკაში გაურკვეველი ხარჯების დაფინანსების გაზრდა რამდენად ჯდება.

 

სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ამ საკითხს საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის გაკონტროლება პრობლემას წარმოადგენს. 

 

„სხვა ხარჯები, თავისთავად, უცნაური ფენომენია. როდესაც სხვა ხარჯები წერია და არავინ იცის, ეს ხარჯები რაში იხარჯება. უკვე ხალხზეც კი აღარ არის ლაპარაკი. ჩვენ არავინ არ ვიცით, ეს რა ხარჯებია და ეს თანხა, რომელიც არცთუ ცოტაა, რაში იხარჯება. უფრო მეტიც, პარლამენტი ბიუჯეტს რომ ამტკიცებს, პარლამენტმაც კი არ იცის. პრობლემა კი ის არის, რომ ამ ხარჯებზე არანაირი კონტროლი არ განხორციელდება და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს დაიხარჯება, შეიძლება გავიგოთ ან ისიც ვერ გავიგოთ, რა მიმართულებით დაიხარჯება. ამიტომაც ამ სფეროს ასეთი ოდენობით დაფინანსება ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი.  

 

ამასთან, იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ მთლიანად ბიუჯეტი არის არასწორად დაგეგმილი.  „წინა წელთან შედარებით ეს ბიუჯეტი მწირია 31 მილიონი ლარით. ამასთან, ხარჯები, რომელიც გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურებაზე, არის ძალიან დიდი. გაზრდილი რომ იყოს ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები, კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ ეს მიდის სოციალურ საკითხებზე. მაგრამ, როდესაც იზრდება სამინისტროს აპარატის ხარჯები ისე, რომ არ იზრდება მომუშავეთა რიცხოვნობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა გათვალისწინებულია ან ხელფასების გასაზრდელად, ან პრემიებისთვის. როდესაც ეს ხარჯები არ არის შემცირებული და რეალურად არ უმჯობესდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობა, ასეთი რამ სრულიად გაუმართლებელია. მით უმეტეს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა კი არ მცირდება, არამედ მატულობს და უკვე 1 მილიონ 800 ათასს გადააჭარბა. ამასთან, მათი მცირე ნაწილი, მხოლოდ მეოთხედი ღებულობს მცირე დახმარებას თვეში 24 ლარის ოდენობით.

 

„პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხის მოგვარების ნაცვლად, ჯანდაცვაში მთელი რიგი პროგრამების დაფინანსება მცირდება და იგივე განათლებაში შემცირებულია ქართული ენის პროგრამის დაფინანსება. საერთოდ გაუქმდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებლების სწავლის პროგრამა. ასევე საზღვარგარეთ ქართული ენის სწავლების დახმარების პროგრამა. ანუ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პრიორიტეტები კვლავ არეული აქვს. ჯანდაცვას და განათლებას არაფერი არ ემატება და, თუკი სადმე მატება არის, ეს არის მხოლოდ კონკრეტული აპარატის გაწეული ხარჯებისთვის.

 

ეს ბიუჯეტი არანაირად არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, იმ მოთხოვნებს, რაც ქართულ მოსახლეობას აქვს ხელისუფლების მიმართ ან რასაც ხელისუფლება შეჰპირდა მოსახლეობას პენსიების გაზრდით, ჯანდაცვის თუ ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ამ ბიუჯეტით ეს არათუ არ ხორციელდება, არამედ ეს მიმართულებები ყველანაირად არის დაკნინებული. ეს არ არის ხალხის ბიუჯეტი, ეს არის ბიუროკრატიის ბიუჯეტი“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.