“მინდა დავუბრუნდე დედ-მამას და განვაგრძო სწავლა-განათლება“

“მინდა დავუბრუნდე დედ-მამას და განვაგრძო სწავლა-განათლება“

რედაქციაში პატიმარ გვანცა ყუფარაძის მამა, ალექსანდრე ყუფარაძე გვესტუმრა და გვთხოვა, მისი შვილის ღია წერილის გამოქვეყნება, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია. ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, ესაა რიგით 21 -ე წერილი, რომელიც მის შვილს საპყრობილიდან გაგზავნილი აქვს, როგორც ფოსტის, ისე მშობლების მეშვეობით.

 

რადგან აქამდე გაგზავნილ და ჩაბარებულ წერილებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ყუფარაძეებმა გადაწყვიტეს ღია წერილის ჩვენს მედიასაშუალებაში გამოქვეყნება – “ბატონმა პრეზიდენტმა, ეგებ აქ მაინც წაიკითხოს ეს წერილი და რეაგირება მოახდინოსო“. 

 

შეგახსენებთ, რომ პრესა.გე–ზე 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა მასალა სათაურით, დატუსაღებული 14 წლის გოგონა შველას ითხოვს! რომელიც გვანცას მამის, ალექსანდრე ყუფარაძესა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობზე დაყრდნობითაა მომზადებული.  გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს.

 

ღია წერილს, რომლითაც გვანცა ყუფარაძე მიხეილ სააკაშვილს ოცდამეერთედ მიმართავს, უცვლელად გთავაზობთ:

 

                                 “ საქართველოს პრეზიდენტს

                                                 მის აღმატებულებას,

                                                      ბატონ, მიხეილ სააკაშვილს 

                                             სასჯელაღსრულების    დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა წინასწარი 

 პატიმრობისა და ქალთა საერთო რეჟიმის 

 მეცხრე დაწესებულების მსჯავრდებულის, დედისერთა 

                                             გვანცა  ყუფარაძის

 

ღ  ი  ა       წ  ე  რ  ი 

 

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ საქალაქო სასამართლოს 12.06.2007 წ. განაჩენით, როდესაც ვიყავი 14 წლის,  გამამტყუნებელი მტკიცებულებების გარეშე, ცნობილი ვიქენი დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის II ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით. ამავე მუხლის III ნაწილის ბ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის, 88-ე მუხლის I ნაწილის და სსკ-ის 50-ე მუხლის VI ნაწილის შესაბამისად,  სასჯელის ზომად განმესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5  წლის ვადით, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით  დაწესებულებაში მოხდით და 5 წელი პირობითი ვადით.

 

მდედრობითი სქესის, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულების არარსებობის გამო, 2006 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე, ჩემივე უსაბრთხოებიდან გამომდინარე, ჩემივე სურვილით, დაუმსახურებელ  სასჯელს, ორმაგად ვიხდი, ქალთა კოლონიის  ჩაკეტილი რეჟიმის საკანში.

 

2006 17 ნოემბრიდან  სანიმუშო ყოფაქცევისთვის და 2009 წლიდან კარგი სწავლისთვის, კანონის შესაბამისად, მომეცა წელიწადში ორი დამატებითი პაემნით სარგებლობის  უფლება. ხშირი კონტაქტი ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ბევრს ნიშნავს.  მე მათი ერთადერთი შვილი ვარ.   

 

მართალია სავალდებულო არაფერი არ არის, მაგრამ კანონით ხომ გამოსწორებული, დადებითი ყოფაქცევის, მუდმივმისჯილი პატიმრისთვისაც კი აღარ არის საჭირო დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა?!  თუ ჩემს მიმართ სხვა მითითებები არ არის (არ მოვტყდი, პედაგოგებმა ვერ მათქმევინეს შავზე თეთრი, ვთქვი სიმართლე და არ გადავგვარდი, არ დავიბრალე დანაშაული და “მიზანი მიღწეული არ არის“) ალბათ, როგრც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის მუხლით გასამართლებული, 4  წელი ნებაყოფლობით “კრიტში“ ჯდომით გამოვსწორდი და გავხდი სანიმუშო ყოფაქცევის და საზოგადოებისთვის საშიში აღარ ვარ. 

 

კონსტიტუციის მუხლი 40 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. 3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სსკ მუხლი 88. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 1. არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა ენიშნება არა უმეტეს ათი წლის ვადით, რომელსაც ის სრულწლოვანებამდე მოიხდის აღმზრდელობით დაწესებულებაში.

 

სსსკ.მუხლი 496. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა

1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.

3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ყოველივე, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ იმედით, რომ ამ წერილის შინაარსი მაინც გახდება თქვენთვის ცნობილი, რადგან ჩემი გათავისუფლების სხვა სამართლებლივი ფორმა არ არსებობს, მინდა საჯაროდ გთხოვოთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და გამათავისუფლოთ უკანონო პატიმრობიდან, რათა ნაწილობრივ მაინც აღსდგეს ჩემდამი სამართლიანობა.

 

მინდა დავუბრუნდე დედ-მამას და განვაგრძო სწავლა-განათლება. ბავშვობის საუკეთესო წლები წამართვეს, ნუთუ საკმარისი არ არის?! 

 

პატივისცემით და იმედით,

დაუსაბუთებელი  მსჯავრდებით, უკანონო პატიმარი,

უკვე 18 წლის,  გვანცა ყუფარაძე                                                                                     

16.10.2010 წელი“