ხვალ ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება

ხვალ ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება

დიდმარხვის მესამე კვირა დღეს, ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს.

ჯვართაყვანისცემასთან დაკავშირებით ხვალ წირვის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას ასრულებს.

პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა და ძალით მშვიდობით მოხდეს მარხვის დასრულება.

დიდმარხვის მეოთხე კვირაში, 7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვაში ეს დღე თევზით ხსნილია. მე-4 კვირის შაბათს კი მიცვალებულთა ხსენებაა. ასევე, დიდმარხვის მე-4 კვირა დღეს წმინდა იოანე კლემაქსის, ანუ კიბისაღმწერელის ხსენების დღე აღინიშნება.