ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხები, დიმიტრის ავრამოპულოსი, საქართველოს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას აღნიშნა.
“საქართველომ, რომელმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა წინაპირობა შეასრულა, საუკეთესო მაგალითი მისცა რეგიონის ქვეყნებს და განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ევროკომისარმა.
პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის ანგარიშის შესახებ, რომელშიც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული, ასევე, განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და უახლოეს თვეებში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.