მილიონიანი ქონება პრეზიდენტის დედას 1 ლარად გადაეცა

მილიონიანი ქონება პრეზიდენტის დედას 1 ლარად გადაეცა

კომპანიამ, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის - გიული ალასანიას საკუთრებაშია აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიყიდა ბათუმში საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა. ინფორმაციას ამის თაობაზე ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ გასულ წელს აჭარის მთავრობის მიერ ბათუმში სიმბოლურ ფასად გაყიდული ობიექტების შესახებ ინფორმაცია მოიკვლია.

2011 წლის 5 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ბათუმში, ჯავახიშვილის 5-ში მდებარე 1556 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 987კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ქონების 1 მილიონზე მეტ ლარადაა შეფასებული) „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას” სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია გიული ალასანია. იგივე, ასევე, ფლობს 37.5%-ან წილს შპს "საქართველოს უნივერსიტეტში", რომელიც არის "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის" 100%-ანი წილის მფლობელი.

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პრეზიდენტის დედის კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 1 ლარად შეძენილ ობიექტში 12 თვის ვადაში (ეს ვადა იწურება 2012 წლის 5 დეკემბერს) აამოქმედოს 60 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო სკოლა და განახორციელოს არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიცია. საშუალოს სკოლის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობამ 52 ობიექტი გაასხვისა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად.