ფულადი გზავნილები - ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის

ფულადი გზავნილები - ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის

2011 წელს, საქართველოში 1 268 000 000 დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კი მხოლოდ 980 000 000 დოლარი იყო. როგორც ჩანს, საქართველოში მცხოვრები ბევრი ოჯახისთვის ფულადი გზავნილები საკმაოდ სერიოზული შემოსავლის წყაროა. თბილისის ლიბერალურმა აკადემიამ ფულადი გზავნილების ტენდენციებიც გამოიკვლია, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს ეყრდნობა. დუხჭირი ეკონომიკური ყოფა და გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა – ესაა იმ კვლევის შედეგი, რომელიც ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, თბილისის ლიბერალურმა აკადემიამ ჩაატარა. 

თბილისის ლიბერალური აკადემიის დირექტორი, ქეთევან ციხელაშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ სხვადასხვა კვლევების თანახმად, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეოთხე ოჯახს ერთი მიგრანტი ჰყავს. მისი თქმით, მიგრაციასა და ფულად გზავნილებზე საუბრის დროს, ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ _ სრულყოფილი მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მათი მონაცემები მიახლოებითი და შეფასებითია: ,,იმისათვის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დიალოგი დავიწყოთ, სამომავლოდ, აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ მიგრაციის სტრატეგია, მიგრაციის სამოქმედო გეგმა, პოლიტიკა და მექანიზმები, რათა ეს ნაკადები აღვრიცხოთ. 

მოსახლეობის ბოლო აღწერა საქართველოში 1989 წელს ჩატარდა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დროს კი _ 2002 წელს, თუკი ამ ორი აღწერის შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მათ შორის განსხვავება, დაახლოებით, 1 000 000-ია. მართალია, 2002 წლის აღწერის შედეგებში კონფლიქტის რეგიონების მოსახლეობის მონაცემები არ შედის, მაგრამ სავარაუდო რაოდენობა იქაც დათვლილია. ცხადია, აღწერის შედეგებში დემოგრაფიული მაჩვენებელიც მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, საქართველოს მთელ რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რადგან შობადობის კოეფიციენტი, ყოველ 1 000 კაცზე მხოლოდ 14-ია. მაგალითად, 2005 წლის გაეროს შეფასებებით, თუკი საქართველოში მიგრაციისა და დემოგრაფიის ისეთივე ტენდენციები შენარჩუნდება, როგორიც იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა განახევრდება. რა თქმა უნდა, ეს პროგნოზია და იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება, რადგან შობადობის კოეფიციენტიც გაიზარდა და წმინდა მიგრაციის მაჩვენებელიც ისეთი მაღალი აღარ არის, როგორიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო, როდესაც საქართველოდან მასობრივად ბევრი ადამიანი გავიდა. ასეა თუ ისე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსახლეობის 25% ემიგრაციაში იმყოფება და ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რადგან ფაქტობრივად, მოსახლეობის ერთ მეოთხედზე ვსაუბრობთ''. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის 80% შრომითი მიგრანტია. ამ 80%-დან კი საქართველოში ფულად გზავნილებს 70% გზავნის.

ქეთი ციხელაშვილი აცხადებს, რომ ახალი ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონში, წმინდა მიგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. წმინდა მიგრაცია მიგრანტებისა და ემიგრანტების რაოდენობის ბალანსია ყოველ 1000 კაცზე. ქეთი ციხელაშვილის თქმით, 1990-1995 წლებში, საქართველოში წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი მინუს 20 იყო, 2005-2012 წლებში კი მინუს 12-ია, რეგიონის საშუალო მაჩვენებელია _ 0-დან მინუს 1,5-მდე. ,,ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, 2005-2006 წლებში, ანუ ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, საქართველოში წმინდა მიგრაციის თვალსაზრისით, დადებითი სალდო დაფიქსირდა, რადგან ამ პერიოდში 18 000 ადამიანით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან წავიდა. როგორც ჩანს, მათი დაბრუნება გარკვეულ მოლოდინს უკავშირდებოდა, მაგრამ დანარჩენ წლებში, ჩვენი მონაცემებითაც კი, უარყოფითი სალდოა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მიგრანტებისგან განსხვავებით, მისი დათვლა გაცილებით მარტივია, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ფულადი გზავნილების ზუსტი მონაცემები, რასაც რეგულარულად აქვეყნებს კიდეც. მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ფულადი გზავნილები არ არის მხოლოდ ის ფულადი დახმარება, რასაც მიგრანტები საკუთარ, ან ნათესავების ოჯახებში აგზავნიან. ზოგიერთი მიგრანტი ფულს საბანკო გზით კი არა, ,,ქეშის'' სახით გზავნის ან ოჯახში სხვადასხვა ტიპის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებს გზავნის. 

აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ფულადი გზავნილების ოფიციალური მონაცემები იმ დახმარების მხოლოდ 70%-ია, რასაც სინამდვილეში, მიგრანტები აგზავნიან საქართველოში და რაც ფულადი გზავნილების ოფიციალურ მონაცემებში აისახება'', _ აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, ფულადი გზავნილების რაოდენობა ევროკავშირიდან მზარდია, ამ საერთო გზავნილებში, ევროკავშირის წილი, განსაკუთრებით 2006 წლიდან გაიზარდა, რადგან სწორედ ამ დროს, რუსეთის მიმართულება ჩაიკეტა. მაგალითად, თუ 2006 წელს, ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილი _ 11% და რუსეთის წილი _ 66,6% იყო, 2011 წელს ევროკავშირის წილი _ 27,8% და რუსეთის კი _ 51%-ია. ,,რაც შეეხება ევროკავშირს, სამი ძირითადი ქვეყანაა, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილების თითქმის 80% შემოდის, ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფულად გზავნილებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკაში. მაგალითად, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ფულადი გზავნილებისა და სოფლის მეურნეობის წილები რომ შევადაროთ, საკმაოდ საინტერესო სურათს მივიღებთ. 2011 წელს ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში 9,2%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი _ 8,5%. როგორც ჩანს, ფულადი გზავნილების წილი გაცილებით მეტია, ვიდრე სოფლის მეურნეობის, არადა, სოფლის მეურნეობაში საქართველოს მოსახლეობის 54%-ია ჩართული. მეტსაც გეტყვით, ფულადი გზავნილების რაოდენობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობასაც გადააჭარბა. მაგალითად, 2007 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა და ამ მხრივ, პიკი იყო. 2007 წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2 14 000 000 დოლარი, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობა _ 866 000 000 დოლარი იყო. 2010 წლის მონაცემებით, ფულადი გზავნილები 939 000 000 დოლარი, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები _ 814 000 000, ანუ ფულადი გზავნილების რაოდენობამ აშკარად გადააჭარბა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ მხრივ, ყველაზე საინტერესო მონაცემები 2011 წელს დაფიქსირდა, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 980 000 000 დოლარი, ხოლო ფულადი გზავნილები _ 1 268 000 000 დოლარზე მეტი იყო'', _ აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი საკმაოდ უცნაურ მონაცემებს აქვეყნებს: საბერძნეთში შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ფულადი გზავნილების მონაცემებში, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საბერძნეთის წილი საგრძნობლად გაიზარდა. 

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ევროკავშირიდან შემოსულ ფულადი გზავნილების მთლიან მონაცემებში 41% მხოლოდ საბერძნეთზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთში შექმნილი საკმაოდ მძიმე პირობების მიუხედავად, იქ მყოფი ჩვენი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას არც კი ფიქრობენ: ,,აუცილებლად უნდა გავითვალისწინით, რომ ამ ფულადი გზავნილების საშუალო მოცულობა, 1 000-დან 2 000 დოლარამდეა წელიწადში, ანუ ბევრი არ არის. რა თქმა უნდა, მიგრანტების ანაზღაურებაც ძალიან დაბალია. მაგალითად, იტალიაში დასაქმებული დიასახლისები, რომლებიც უვლიან მოხუცებს და, იმავდროულად, სახლსაც ალაგებენ, მაქსიმუმ 700, ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში _ 800 ევროს გამოიმუშავებენ თვეში. ეს მაღალი ანაზღაურება არ არის, მაგრამ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აწყობს, რომ ასეთი იაფი მუშა-ხელი ჰყავდეს, ამიტომაც მიგრაციის არხებს სრულად არც კი კეტავენ. მართალია, მიგრაციის პრობლემა აწუხებს, მაგრამ სამაგიეროდ, მიგრანტები არ მონაწილეობენ მათ შრომით ბაზარში, არც რაიმე ტიპის სოციალური უზრუნველყოფა აქვთ, შესაბამისად, არც სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულებები ასეთი მიგრანტების წინაშე. რაც მთავარია, ისინი ისეთ სამუშაოს ასრულებენ და იმ ფასად, რომელსაც ადგილობრივი სამუშაო ძალა არ შეასრულებს''. ციხელაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსგან არალეგალური მიგრაციის შემცირებას ითხოვს, რათა შესაძლებელი იყოს არარეგულარული და არალეგალური მიგრაციის მართვა, მათ შორის, კრიმინალის, ტრეფიკინგის და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ქეთევან ციხელაშვილს მიაჩნია, რომ მიგრაციის შემცირებასთან ერთად, ევროკავშირში მყოფი მიგრანტებისთვის გარკვეული ალტერნატივებიც უნდა შეიქმნას. ფულადი გზავნილები მართლაც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე თითოეულ ოჯახში, ამიტომ ეს თემა საკმაოდ ფრთხილია. ქეთევან ციხელაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ევროკავშირში მყოფ მიგრანტებს სამშობლოში არავინ დააბრუნებს. უვიზო მიმოსვლის დიალოგის ფარგლებში, საუბარია იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ ქვეყნიდან მიგრანტები მასობრივად არ წავიდნენ, ზუსტად ისე, როგორც ეს 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა.