სომხეთში ავტოგაზიც კი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში

სომხეთში ავტოგაზიც კი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში

სომხეთში საწვავიც უფრო იაფი ღირს და ავტოგაზიც. თუ ჩვენთან 1 ლიტრი დიზელი მინიმუმ 2,3 ლარი ღირს, სომხეთში 1,7 ლარს არ აღემატება. შედარებით მცირე სხვაობაა ბენზინის საცალო ღირებულებაში (საქართველოში - 2,25 ლარი, სომხეთში - 2,05 ლარი). ავტოგაზი კი მეზობელ ქვეყანაში 85 თეთრის ფარგლებშია, საქართველოში კი - 1,1 ლარი. ეს მაშინ, როცა ჩვენთან ავტომობილებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირი “მეგობარ აზერბაიჯანელებს” “შეღავათიან ფასში” შემოაქვთ. 

ახალი მემარჯვენეები საწვავის ბაზარზე არსებულ მონოპოლიურად მაღალ ფასებს და ხელისუფლების უმოქმედობას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მთავრობისაგან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვენ.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად ფიქსირდება საწვავის ფასის შემცირების ტენდენცია, საქართველოში როგორც ბენზინის, ასევე დიზელის საწვავის ფასი პერმანენტულად იზრდება და თითქმის ყოველ კვირას საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება ფიქსირდება”, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავისი უმოქმედობით და პასიური პოლიტიკით პირდაპირ უწყობს ხელს საწვავზე მონოპოლიურად მაღალი ფასების შენარჩუნებას და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კარტელებს და მათთან დაახლოებულ სახელისუფლებო წრეებს ზემაღალი მოგების მიღების საშუალებას აძლევს.

“ბოლო გათვლებით მომხმარებელი დიზელის საწვავში რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით - 50, ხოლო ბენზინში 40 თეთრით მეტს იხდის. გლეხებისთვის და ფერმერებისთვის საწვავის ასეთი მაღალი ფასის არსებობა განაპირობებს იმას, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი რჩება. 

საქართველოში საწვავის ფასების ხელოვნურად ზრდაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სომხეთში, ქვეყანაში რომელშიც საწვავი საქართველოს გავლით შედის, მისი ფასი ბევრად დაბალია.  კონკრეტულად, ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ფასი დღეისთვის იქ 1,70 ლარის ეკვივალენტია, მაშინ როდესაც თბილისში 2,30 ლარს შეადგენს”, - განაცხადა კალანდაძემ.

ახალი მემარჯვენეები ითხოვენ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული დიზელის საწვავის გაიაფების მიზნით, გლეხებისა და ფერმერების მიერ მოხმარებული დიზელის საწვავი გათავისუფლდეს აქციზის და დამატებული ღირებულების გადასახადებისაგან; საწვავის საცალო ბაზარზე კონკურენტული პირობებისა და საწვავის რეალური, არამონოპოლიური საბაზრო ფასის უზრუნველყოფის მიზნით, რეალურად ამოქმედდეს “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის რეგულაციები ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან და საცალო ქსელში რეალიზატორებთან მიმართებაში.

“ეს ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში დიზელის საწვავი დაახლოებით 65 თეთრით გაიაფდეს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის - გლეხებისთვის და ფერმერებისათვის, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მისი შეძენა”, - აღნიშნა კალანდაძემ.

რაც შეეხება სომხეთში საწვავის იმპორტის სტატისტიკას და ადმინისტრირების ფაქტორს. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2011 წელს სომხეთში იმპორტირებული იყო 358 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი მაშინ, როცა საქართველოში იმპორტმა შეადგინა 780 ათასი ტონა.  შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში სომხეთში შარშან შევიდა 100 მლნ ლარამდე, ხოლო საქართველოში - 450 მლნ ლარამდე.

“აღნიშნული სტატისტიკაც მიუთითებს, რომ სომხეთის ბაზარზე არის აღურიცხავი და კონტრაბანდული საწვავი. აქვე უნდა ითქვას, რომ სომხეთში ავტომანქანების საკმაოდ დიდი რაოდენობა გადასულია ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, რომელიც იქ დაახლოებით 85 თეთრი ღირს და სერიოზულ კონკურენციას უწევს ბენზინითა და დიზელით მოვაჭრე კომპანიებს.

ცალკე ყურადღებაა გასამახვილებელი ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზეც. დღეისათვის საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურა და მასთან არსებული სერვისი ევროპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც ვერ ვიტყვით სომხურ ავტოგასამართ სადგურებზე. ის ახლოსაც კი ვერ მოვა საქართველოში მოქმედი გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურასთან”, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სომხეთში პროდუქცია, ძირითადად, რუსეთიდან და ირანიდან (ამ ქვეყნიდან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში) მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შედის საერთაშორისო ფასთან შედარებით.