კოდექსი, რომელიც ადამიანს შრომის სურვილს უკლავს

კოდექსი, რომელიც ადამიანს შრომის სურვილს უკლავს

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ პრობლემა მხოლოდ უმუშევრობაა, დასაქმებულ ხალხს კი საწუწუნო არაფერი აქვს. სინამდვილეში, დასაქმებულ ადამიანებსაც უამრავი წინააღმდეგობა ხვდებათ, რომელიც პირდაპირაა დაკვშირებული სამუშაო პირობებთან და სამუშაო გარემოსთან.

არასათანადო ანაზღაურებას თითქმის ყველა დასაქმებული ასახელებს უმთავრეს პრობლემათა შორის. ასევე ბევრია ისეთიც, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმ საქმით, რასაც აკეთებენ. მხოლოდ იმის გამო, რომ შემოსავალი არ დაკარგონ, უწევთ ისეთი რაღაცების კეთება, რაც არ აინტერესებთ.

პრობლემათა შორის დასახელდა გადამეტებული სიმკაცრე და ხშირ შემთხვევაში უფროსების მხრიდან თანამშრომლებთან უხეში დამოკიდებულება. როგორც წესი, სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8-9 საათია. თუმცა, ზოგიერთ ორგანიზაციაში თანამშრომლები იძულებულნი ხდებიან ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე იმუშაონ დასვენების დღეებშიც და ოფისიდან დროულად ვერასდროს გადიან.

ამ შემთხვევაში დამოკიდებულება დასაქმებულებისადმი საკმაოდ მარტივია - თუ არ მოგწონს, შეგიძლია ახალი სამსახური ეძებო.

ქვეყანაში, სადაც ამდენი უმუშევარია, საშუალო ხელფასი ძალიან დაბალია, სადაც წლების განმავლობაში ხალხს უფასოდ ამუშავებენ ან თეთრებს უხდიან და სტაჟიორებს ეძახიან, რთულია ვინმემ საკუთარი უფლებების დაცვისთვის ხმა ამოიღოს. მის ნაცვლად მარტივად იპოვნიან ისეთს, რომელიც კაბალურ პირობებზეც კი მადლიერი იქნება და ხმას არ ამოიღებს.

ამიტომაც ყველა სპეციალისტი თუ პოლიტიკოსი „შრომის კოდექსის“ შეცვლას ითხოვს. ბოლო, ვინც კოდექსი გააკრიტიკა სახალხო დამცველი იყო, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას შრომის კანონმდებლობის გადახედვა მოითხოვა. 

როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა: „შრომის კოდექსით“, ძირითადად, მხოლოდ ფეხმძიმე ქალების უფლებებია დაცული, თუმცა ისიც - მეტ-ნაკლებად. ამ დროს კი ქვეყანა აცხადებს მზადყოფნას, მოახდინოს სრული ინტეგრირება ევროკავშირში. ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს იმ სტანდარტებს, რომლებიც მოქმედი შრომითი კანონმდებლობით არის დადგენილი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებები და იმათი უფლებებიც, რომელთა დამსაქმებელთან ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კოდექსით, უნდა გადაიხედოს და მათი დაცვის სტანდარტი ამაღლდეს.

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, თუ მოქმედი შრომის კოდექსი არ შეიცვლება, საქართველოს ევროკავშირთან და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებაში, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.

პროფკავშირები ხელისუფლებას შრომის კოდექსის შეცვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვაშიც ადანაშაულებენ. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებთან აიღო ვალდებულება და დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში შრომის კოდექსს შეცვლის.

რამდენად მოხდება კანონმდებლობაში ცვლილება, მალე გამოჩნდება. საქართველოს მთავრობაში საკმაო ხანია შექმნილია შრომის კოდექსზე მომუშავე კომისია, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები შედიან, თუმცა ჯერჯერობით ბენდუქიძისეულ შრომის კოდექსს „არაფერი ემუქრება“.