Facebook-მა არჩევანი Nasdaq-ის ბირჟაზე შეაჩერა

Facebook-მა არჩევანი Nasdaq-ის ბირჟაზე შეაჩერა

ცნობილი გახდა მაისში დაგეგმილი Facebook-ის აქციების ბირჟაზე განთავსების დეტალები. ახალი მონაცემებით, ბოლო წლების ყველაზე საინტერესო IPO განხორციელდება Nasdaq-ის ბირჟაზე და ამგვარად მარკ ცუკერბერგის კომპანია 5-დან 10 მილიარდ დოლარს მიიღებს.

სავარაუდოდ, კაპიტალიზაციის მიხედვით Facebook მსოფლიო ბიზნესის ისეთ გიგანტებს გაუტოლდება, როგორებიცაა McDonald's ან Citigroup.

ეჭვი არ არის, რომ ბირჟაზე გასვლის შემდეგ Facebook-ის აქციები ინვესტორთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს და ალბათ, ყველაზე ლიკვიდურ ამერიკულ ფასიან ქაღალდთა შორის შევა. ეს ნიშნავს, რომ Facebook-ისათვის ბირჟებს ნამდვილი ბრძოლა უნდა გაეჩაღებინათ, ნებისმიერი კომპანიის აქციებზე განხორციელებულ ნებისმიერ გარიგებას ხომ მათთვის ტრანზაქციის სახით მშვენიერი შემოსავალი მოაქვს.

Facebook-ს ორი ვარიანტი ჰქონდა და ორივე ამერიკული: ქვეყნის ყველაზე დიდი და ცნობილი ბირჟა NYSE და Nasdaq, რომელზეც ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიების აქციებით ვაჭრობენ. თითქოს პროფილის მიხედვით Facebook-ს არჩევანი სწორედ მეორეზე უნდა შეეჩერებინა, მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა და NYSE-მაც Nasdaq-ს რამდენიმე პროფილური ემიტენტი წაართვა. კერძოდ, ამერიკის ყველაზე დიდ ბირჟაზე აქციები განათავსეს სოციალურმა ქსელმა LinkedIn-მა, ონლაინ-რადიო Pandora-მ და ინტერნეტ-ძებნის პორტალმა Yelp-მა.

მთლიანობაში, 2012 წლისათვის ტექნოლოგიური სექტორი ბირჟებს შორის ამგვარადაა განაწილებული: აშშ-ს ათი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიიდან შვიდის აქციები Nasdaq-ზეა განთავსებული. მათ შორის გახლავთ Apple, Microsoft დაGGoogle. ხოლო სამ კომპანიას, მათ შორის თვით IBM-ს აქციები NYSE-ზე აქვს განთავსებული.

ასე რომ, Facebook-ს ერთნაირი წარმატებით შეეძლო არჩევანი როგორც ერთ, ისე მეორე ბირჟაზე შეეჩერებინა. გავრცელებული ინფორმაციით, გადამწყვეტი როლი ფინანსურმა ფაქტორმა ითამაშა – კომპანიას NYSE-ზე აქციების განთავსება თითქმის ხუთჯერ ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე Nasdaq-ზე. თანაც, მნიშვნელოვანია, როგორი სარეკლამო მომსახურება შესთავაზეს ბირჟებმა კომპანიას. აქციების განთავსების პირველ დღეს ხომ, როგორც წესი, ბირჟაზე ნამდვილი შოუ ეწყობა.

საერთოდ, ანალიტიკოსები თვლიან, რომ Facebook-მა სწორი არჩევანი გააკეთა. თუმცა, მათ ის აღიზიანებთ, რომ მოლაპარაკებების დეტალები გასაიდუმლოებულია. Facebook-ის IPO-ს ხომ ყველა მოუთმენლად ელის. ასეთი მოლოდინი 2004 წელს ბირჟაზე Google-ის ტრიუმფალური გასვლის შემდეგ არ ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრმა ინტერნეტ-კომპანიამ როდი შეძლო ბირჟაზე გასვლის შემდეგ წარმატების მალე მოპოვება. Facebook-ისაგან კი სწორედ ტრიუმფს ელიან.

IPO-ს წინ Facebook-ის შეფასება მხოლოდ ზარმაცებს არ გაუკეთებიათ. საინვესტიციო ბანკები და ანალიტიკური კომპანიები გამუდმებით ცდილობდნენ კომპანიის ფასის პროგნოზირებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში Facebook-ს 25 მილიარდ დოლარად აფასებდნენ, შემდეგ 40-ად, ბოლოს კი სულაც 100 მილიარდად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ანალიზისათვის არცთუ ბევრი მასალა არსებობდა.

საქმე იმაშია, ინტერნეტ-IPO-ს ბუმის მიუხედავად, საიტების პოპულარობის და მათი საბაზრო ღირებულების ურთიერთშეფარდების სტატისტიკა საკმარისად არ არის დაგროვილი. რიცა ბირჟაზე ნავთობკომპანია გადის, ექსპერტები მის კაპიტალიზაციას მისი ფინანსური მაჩვენებლების და წარმოების მოცულობის სხვა ანალოგიურ კომპანიასთან შედარებით ვარაუდობენ. ინტერნეტ-გიგანტების შემთხვევაში კი ამგვარი “ანალოგიურობის” გამოყენება არ ხდება, რადგან ყველა თავისებურად უნიკალურია.

Facebook-ისათვის უდიდესი წარმატების პროგნოზირებისას ანალიტიკოსები მისი მოგების ზრდის მონაცემებს ეყრდნობიან. მსოფლიო ბიზნესის ისტორიაში ძნელად მოიძებნება კომპანია, რომლის შემოსავალი ერთ წელში 88 პროცენტით გაიზარდა, როგორც ეს შარშან Facebook-ის შემთხვევაში მოხდა.

თუ ზუსტად რომელ მაისს განხორციელდება Facebook-ის IPO, ჯერჯერობით უცნობია, რადგან მოსაგვარებელია ათასგვარი ფორმალობა. სავარაუდოდ, ეს მაისის მეორე ნახევარში მოხდება. თავად ცუკერბერგი ჩქარობს, რადგან კარგად იცის, რომ აქციების განთავსება სწორედ არსებული განწყობის ფონზე სჯობია და არა მისი განელების შემდეგ