ფასები უძრავია, მომხმარებელი კი შედარებით მოძრავი

ფასები უძრავია, მომხმარებელი კი შედარებით მოძრავი

წლევანდელი წინასააღდგომო სამზადისი იშვიათი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ მომსახურების და ვაჭრობის თითქმის არც ერთ სფეროში ფასების ზრდა არ შეინიშნება. არადა, სადღესასწაულოდ პროდუქციის (მომსახურების) გაძვირება ჩვეული და ტრადიციადქცეული ამბავია. თუმცა, გამორიცხული არ არის, ბოლო მომენტში მავან ადამიანებს სულმა მაინც წასძლიოს და ფასები მაღლა დაიძრას.

ჯერჯერობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე მოთხოვნის გაზრდის მიუხედავად, საწარმოები სარეალიზაციო ფასის შეცვლას არ აპირებენ. პატარძეულის მეფრინველეობის ქარხნის დირექტორის ოთარ მუჩიაშვილის თქმით, საწარმო ყოველდღიურად 120 ათას ცალ კვერცხს აწარმოებს და ჩვეულებრივ 25-26,5 თეთრად აბარებს.

„გამყიდველები კვერცხზე 2 თეთრს უნდა უმატებდნენ, მაგრამ არავინ აკონტროლებს და ზოგჯერ ფასს ძალიან ზრდიან“, - აღნიშნა მუჩიაშვილმა.

სააღდგომო სუფრის ძირითად პროდუქტებზე ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ გაძვირებულა. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში გაიაფებაც დაფიქსირდა. პასკისთვის აუცილებელი კვერცხი, ფქვილი და შაქარი, საშუალოდ, 12-30%-ით გაიაფდა.

ფასები არ შეცვლილა პურსა და რძეზე. 1 კილოგრამი ხორბლის პური გასული წლის სააღდგომო პერიოდის მსგავსად 1.63 ლარი, ხოლო ერთი ლიტრი რძე 2 ლარი და 4 თეთრი ღირს.

შესაბამისად, გაიაფდა სააღდგომო ნამცხვრის ფასიც.  შარშანდელთან შედარებით, პასკა 10-20%-ით უფრო იაფი ღირს. მწარმოებლები ამას ნედლეულის გაიაფებას და კონკურენციის ზრდას უკავშირებენ.

ჯერჯერობით ტარიფების ცვლილებას ადგილი არ აქვს მომსახურების სფეროში. სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებული დატვირთა ტრასპორტზე მოდის. ამიტომ, მოთხვონის შესაბამისად ფასიც იზრდება ხოლმე. ამ ეტაპზე ავტოსადგურების წარმომადგენლები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები საფასო ცვლილებს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მგზავრობა წინასააღდგომოდ არ გაძვირდება. მათი განცხადებით, ტარიფი ისედაც მაღალია და მორიგი გაძვირების შემთხვევაში, მგზავრებს დაკარგავენ.

ასეთი განცხადებები ისმის ყოველი აღდგომის მოახლოებისას, მაგრამ უშუალოდ დღესასწაულის წინა დღეს ფასები მინიმუმ 20-25%-ით იმატებს.

ავტოსადგურ „ოკრიბასა“ და „ნიგეში“ ამბობენ, რომ სატარიფო ცვლილება ერთ წელზე მეტია არ მომხდარა და ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი იგეგმება. „ნიგეს“ სადგურიდან ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 10 ლარი ღირს, „ოკრიბაში“ კი თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობა ისევ 12 ლარია.

საწვავის გაძვირების მიუხედავად, მგზავრობა არ გაუძვირებიაავტოსადგურ „დიდუბის“ ხელმძღვანელობასაც. გორის მიმართულებით ავტობუსით მგზავრობა უკვე რამდენიმე წელია 3,50 ლარი ღირს,მიკროავტობუსით კი - 4 ლარი. მგზავრობა არც კერძო ტაქსებს გაუძვირებიათ და ჯერჯერობით ამის გაკეთებას არც აპირებენ.

ბილეთის ღირებულება არც „საქართველოს რკინიგზას“ შეუცვლია. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რკინიგზა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის.  მგზავრების გაზრდილი ნაკადის უზრუნველსაყოფად, მატარებლებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაემატა შემადგენლობები.

თბილისი-ზუგდიდისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებელი დაინიშნა. იგი 18 აპრილამდე ყოველდღე იმოძრავებს. თუმცა, მიუხედავად შემადგენლობების დამატებისა, ზუგდიდის მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდული იყო.