ანზორ ქოქოლაძის დაკავებით ხელისუფლებამ დაუმორჩილებელი ბიზნესს მკაცრად გააფრთხილა. ოპოზიცია თვლის, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ბიზნესმენების დატერორების ახალი ტალღა დაიწყო.“თიბისი ბანკს“ უკვე თავის დაცვა უწევს.
ქოქოლაძის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ „ელიტ ელექტრონიკსის“ ყოფილი მმართველი ბანკის სარჩელის გამო დააკავეს.
სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია კომპანია „ტექნო ბუმის“ მფლობელის ანზორ ქოქოლაძის დაკავების ფაქტს ქართულ ბიზნესში ტერორის დაწყებად აფასებს. ბესელია საქმის სრული მონიტორინგის ინიციატივით გამოდის.
„ხელისუფლება კვლავ განაგრძობს ქართული ბიზნესის ტერორს, განსაკუთრებით იმ ბიზნესმენებისა და მეწარმეთა მიმართ, რომლებიც ღიად თუ ფარულად ცდილობენ გზა გამონახონ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ბიზნეს საქმიანობისათვის.
მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დიდი ხანია აკვირდებოდა ხელისუფლების მცდელობას, ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტებით საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელიც ყველანაირი სამართლებრივი გზით ცდილობდა ხელისუფლების ზეწოლის მოგერიებასა და საკუთარი უფლებების დაცვას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დაკავება არის ხელისუფლების მხრიდან იმ ბიზნესმენების დატერორების თვალსაჩინო მაგალითი, რომლებიც არ ექცევიან მისი გავლენის ქვეშ, ან ცდილობენ გათავისუფლდნენ ხელისუფლების გავლენისაგან“, - აცხადებს ეკა ბესელია.
„ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილ მმართველს 7 მლნ ლარზე მეტის დამალვაში ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ქოქოლაძე კრედიტორებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს ფულს არ უხდიდა. კერძოდ, ქოქოლაძე ორი სქემით მოქმედებდა: 2008-09 წლებში, როდესაც „ელიტ ელექტრონიქსის“ მმართველი იყო, მის სახელზე დარეგისტრირებულ მცირე კომპანიებს აძლევდა სესხებს, რომელსაც კომპანიები „ელიტ ელექტრონიქსს“ აღარ უბრუნებდნენ. თანხა ქოქოლაძეს რჩებოდა.
მეორე სქემის მიხედვით კი, „ელიტ ელექტრონიქსი“ ქმნიდა შვილობილ კომპანიებს, მათ საბაზრო ღირებულებას ზრდიდა და „ელიტ ელექტრონიქსზე“ ჰყიდდა. „ელიტ ელექტრონიქსმა“ კომპანიები7 მილიონ ლარად მაშინ იყიდა, როდესაც სახელმწიფოს დიდი დავალიანება ჰქონდა.
ქოქოლაძე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2008-09 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე ქოქოლაძემ თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
“ტექნო ბუმში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ანზორ ქოქოლაძე „თიბისი ბანკის“ სარჩელის საფუძველზე დააკავეს. კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ქოქოლაძის გუნდი ვითარებაში ერკვევა და ოფიციალური განცხადებაც ამის შემდეგ გაკეთდება.
თავის მხრივ, „თიბისი ბანკი“ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის დაკავებასთან რამე კავშირს უარყოფს. როგორც სააგენტო „ინტერპრენიუსს“ ბანკში განუცხადეს, მათ არანიარი სარჩელით ან საჩივრით სასამართლოსთვის ან პროკურატურისთვის არ მიუმართავთ.
“ელიტ ელექტრონიქსსა“ და „თიბისი ბანკს“ შორის დავა 1 წელზე მეტია, გრძელდება. ქოქოლაძემ „თიბისი ბანკი“ 5,5 მლნ აშშ დოლარად დაგირავებული „ელიტ ელექტრონიქსის“ 55%-იანი წილის არაკეთილსინდისიერად, 116 000 ლარად გადაფორმებაში დაადანაშაულა.
ქოქოლაძე აცხადებდა, რომ „თიბისი ბანკმა“ „ელიტ ელექტრონიქსი“ არაკეთილსინდისიერი გზებით მიითვისა. მისი თქმით, „ელიტ-ელექტრონიქსი“ გადაჭარბებით ასრულებდა რეაბილიტაციის გეგმას და ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი არსებობს, ხოლო „თიბისი ბანკის“ მიერ დანიშნულმა ახალმა მენეჯმენტმა შეგნებულად დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი 15 მარტს, რათა „თიბისი ბანკს“ შეუფერხებლად მიეთვისებინა „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 55%.
ამ დროს, „თიბისი ბანკში“ არ ფარავდნენ, რომ „ბანკის მენეჯმენტი ინტერესდება გასული წლის ბოლოსთვის გადახდისუუნარო კომპანიის ყოფილი მფლობელის, ანზორ ქოქოლაძის ფინანსური მდგომარეობით, თუ რა სახსრებით შეძლო ქოქოლაძემ „ელიტ ელექტრონიქსის“ კონკურენტი ახალი ქსელის „ტექნო ბუმის“ შექმნა“. განცხადების თანახმად, ბანკის მენეჯმენტი საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად პროკურატურის ჩართვასაც არ გამორიცხავდა.
სწორედ ასეთ განცხადებას ეყრდნობა „ტექნო ბუმის“ თანამშრომელთა მოსაზრება, რომ ანზორ ქოქოლაძე სწორედ „თიბისის“ ხელმძღვანელთა დაინტერესების გამო დააკავეს.