ელექტრონული ზედნადების გამო მაღაზიებში გარკვეული პროდუქტის დეფიციტია

ელექტრონული ზედნადების გამო მაღაზიებში გარკვეული პროდუქტის დეფიციტია

შემოსავლების სამსახურის გამო მაღაზიებში გარკვეული პროდუქტის დეფიციტი გაჩნდა. მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ფული აქვთ და პროდუქტის ყიდვას ვერ ახერხებენ. შემოსავლების სამსახური ელექტრონული ზედნადების წარმოების წესის ამოქმედებას მოუმზადებელი შეხვდა. სამსახური სერვერების სიმცირის გამო ზედნადების დროულად დადასტურებას ვერ ახერხებს. დისტრიბუტორები ამბობენ, რომ ზედნადების დადასტურებისთვის თითო მაღაზიასთან რამდენიმე საათიანი ლოდინი უწევთ, შესაბამისად, რამდენიმე დღეში უკვე სერიოზულად იზარალეს. შემოსავლების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ტექნიკური პრობლემა ორშაბათსვე მოგვარდა.

"რეზონანსის" ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურში დღეში დაახლოებით 150 ათასი ელექტრონული ზედნადები შედის და გადასახადის გადამხდელის აქტიურობა მაღალია. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნესმენები გაცილებით მომზადებულები შეხვდნენ, ვიდრე ამ იდეის ინიციატორები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოსავლების სამსახურში შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, კომპანიებმა ფინანსური ზარალი განიცადეს, ხოლო მაღაზიების მეპატრონეები, არასათანადო მომსახურების მიზეზით, ზარალთან ერთად მომხმარებლის დაკარგვის გამოც წუხან. ბუნებრივია, შემოსავლების სამსახურს არავინ დასჯის იმის გამო, რომ მეწარმეებს პრობლემები შეუქმნა, საქართველოში მხოლოდ გადასახადის გადამხდელები ისჯებიან.

თბილისელ ზაზა კიკნაძეს კვერცხი, რომ ეყიდა რამდენიმე მაღაზიის შემოვლა დასჭირდა. იგი ვერც წარმოიდგენდა, რომ საქართველოში, ასე უცებ კვერცხის დეფიციტი გაჩნდებოდა.

"დილით სახლიდან კვერცხის საყიდლად გამოვედი და სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში შევედი, მითხრეს რომ არ გვაქვსო. გამიკვირდა, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სურსათის მაღაზიაში კვერცხი არ იყო. მეორე მაღაზიაშიც იგივე მითხრეს. გავოცდი, ვიკითხე ხომ მშვიდობაა-მეთქი, მითხრეს ელექტრონული ზედნადების გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემებია და დისტრიბუტორი პროდუქტის შემოტანას ვერ ახერხებსო", - ამბობს ზაზა კიკნაძე.

დიღმის მასივში, სუპერმარკეტის მფლობელი ლაშა სახვაძე ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები, კვერცხი, კარაქი, მაწონი მაღაზიაში ვეღარ შემოვიდა, ამიტომაც უკმაყოფილო მომხმარებელი სხვა მაღაზიაში მიდის, რომელსაც შეიძლება ეს პროდუქტი შემორჩენილი ჰქონდეს.

"შეხედეთ, კვერცხის დისტრიბუტორი უკვე 2 საათია ჩემს მაღაზიასთან დგას და ელოდება ბუღალტერის ზარს, რათა გაიგოს დადასტურდა თუ არა ელექტრონული ზედნადები. ისე კვერცხს ვერ მაბარებს. ამ ორი საათის განმავლობაში დისტრიბუტორის ტელეფონი სხვა მაღაზიის მფლობელებმა "ააფეთქეს", ყველა ურეკავს, რომ პროდუქტი მათთან დროზე მიიტანოს.

ასე საქმის კეთება შეუძლებელია. ამასობაში მოდის მყიდველი და უარით ვისტუმრებ. გარდა იმისა, რომ ვზარალობ, მომხმარებელსაც ვკარგავ. გადავა მეორე მაღაზიაში, რომელმაც ჩემზე ადრე უკვე მიიღო ეს პროდუქტი ან შემორჩენილი ჰქონდა, ჩემთან კი აღარ დაბრუნდება.

მაინტერესებს, მეწარმეებს კომპიუტერითა და ინტერნეტით აღჭურვა რომ ვერ მოესწროთ, ხომ დააჯარიმებდნენ. როგორც ყოველთვის, ასეთი პასუხი ექნებოდათ, დრო იყო და ტექნიკური საკითხების გადაჭრაზე უნდა გეზრუნათო. ჩვენ ვიზრუნეთ, ბატონო, და თვითონ რატომ არ იზრუნეს?" - ამბობს ლაშა სახვაძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიებში პურის დეფიციტი შეიქმნა. "ყველა ინდმეწარმეს კომპიუტერი არ აქვს, ზოგს აქვს და ინტერნეტში არ არის ჩართული, რის გამოც ელექტრონული ზედნადებების შევსებას და გაგზავნას ვერ ვახერხებთ. პურს მხოლოდ ადგილზე, თონეებში ვყიდით", - აღნიშნეს პურსაცხობების მეპატრონეებმა.

"რეზონანსს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, რომ სერვერის პრობლემა მხოლოდ ორშაბათ დილით იყო და მაშინვე მოგვარდა. პრობლემა შეიქმნა იმიტომ, რომ სამეწარმეო საქმიანობის დეკლარაციის შევსების ბოლო ვადა დაემთხვა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამა წარმატებით მუშაობს. თუმცა, "რეზონანსმა", გუშინ თვითონ ნახა, რომ მაღიზების ნაწილი კონკრეტული პროდუქტების შემოტანას ვერ ახერხებდნენ.

"შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, რომ სისტემა იყოს კომფორტული, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისათვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვავალდებულებთ მეორე მხარეს, ანუ შემსყიდველს, იგივე უბნის მაღაზიებს, ზედმეტი ინვესტიციები განახორციელონ და დამატებითი კომპიუტერული ტექნიკა შეიძენონ. ჩვენ, უბრალოდ, ვაჩენთ იმის საშუალებას, რომ მათ თუ აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული პროცედურა გაიარონ და თუ არ აქვთ, ეს სავალდებულო არც არის.

სასაქონლო ზედნადების ელექტრონულად გამოწერით მეწარმეები ადამიანური რესურსების და დროის დაზოგვას შეძლებენ. ამ სიახლით, გადამხდელს საშუალება ეძლევა, მოაწესრიგოს აღრიცხვიანობა, მინიმუმამდე შეამციროს შევსების დროს შეცდომების დაშვების რისკი და უზრუნველყოს ინფორმაციის დაცულობა", - წერია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.

ჯერჯერობით, გადასახადის გადამხდელის ნაწილს სისტემამ არათუ კომფორტი, არამედ პრობლემები შეუქმნა. შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ზედნადების გაგზავნის წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა. მეწარმე ელექტრონულ ზედნადებს პირდაპირ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავსებს, ელექტრონული ზედნადების შევსების შემდეგ კი, ხდება მისი გააქტიურება (ტრანსპორტირების დროის მითითებით), ამის შემდეგ ელექტრონულ ზედნადებს ენიჭება უნიკალური ნომერი. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქონლის მიმღები პირის შესახებ მონაცემების შევსება და ელექტრონული ზედნადების დახურვა.