ევროპაში საწვავის მონოპოლიებს ებრძვიან, საქართველოში - ხელს უწყობენ

ევროპაში საწვავის მონოპოლიებს ებრძვიან, საქართველოში - ხელს უწყობენ

საწვავზე ფასების არანორმალურმა ზრდამ მთელი ევროპა აღაშფოთა. რამდენიმე სახელმწიფოში დაიწყო მენავთობე მონოპოლისტების წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა - სადაც მონოპოლიაა, მთავრობაც იქ არის.

უახლოეს ხანებში ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი, შესაძლოა,ისევ გაიზარდოს. 

“ვისოლის” გენერალური დირექტორის განცხადებით,საწვავზე ფასი მსოფლიო ფასების შესაბამისად იცვლება. როგორც ვასილ ხორავამ განაცხადა, ამჟამად “ვისოლის” ქსელში ძველი ფასით შეძენილი საწვავი იყიდება, ხოლო რესურსის ამოწურვის შემდეგ ბენზინს ახალი ფასით შეიძენენ და შესაბამისად საწვავი ისევ გაძვირდება.

ევროპული საწვავის კიდევ ერთი მსხვილი იმპორტიორის”რომპეტროლის” კომერციული დირექტორის თქმით, მსოფლიო ბაზარზე”პლატცის” ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და”რომპეტროლსაც” უახლოეს დღეებში ბენზინის გაძვირება მოუწევს.

მოკლედ, ავტომფლობელები ახალ ფასთან შეგუებას ვერ ასწრებენ,რომ მენავთობეები საწვავს ხელახლა აძვირებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი ქვეყანაში არსებული მონოპოლია და ოლიგოპოლიაა.

ე.წ. ვარდების რევოლუციამდე ნავთობის ბიზნესში 100-მდე კომპანია იყო ჩართული, რაც ფასების რეგულაციას უწყობდა ხელს,დღეს კი მხოლოდ 5 კომპანია მუშაობს და ხუთივეს დავით კეზერაშვილი მართავს. ამიტომაცაა, რომ რევოლუციის შემდეგ, ნავთობპროდუქტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის ლევან იზორიას ცნობით,სხვა იმპორტიორებს, საქართველოში ბენზინის დაბალ ფასად შემოტანის და გაყიდვის შესაძლებლობას ხელისუფლება არ აძლევს.ამიტომაც საწვავი კომპანიებს შორის შეთანხმებით ზუსტად დათქმულ დროს ძვირდება. ასეთი მორიგი დათქმული დღე 3 აპრილი აღმოჩნდა.წლის დასაწყისიდან, ეს ქართულ ბაზარზე საწვავის გაძვირების უკვემეოთხე შემთხვევაა და როგორც ჩანს მეხუთესაც დიდი ხანი არ დასჭირდება.

საქართველოში ნავთობპროდუქტების გაძვირებას უშუალოდ მსოფლიო ტენდენციებს უკავშირებენ. ნავთობიმპორტიორები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექსპერტთა და ავტომფლობელთა”მონოპოლიურ თეორიას”. ხელისუფლება კი ჩუმადაა. საინტერესოა ამ მხრივ რა ხდება ევროპის სახელმწიფოებში. როგორც აღმოჩნდა, იქ საწვავის ფასებს ზრდას სწორედ, რომ ბაზრის მონოპოლიზებას უკავშირებენ.

გერმანიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ხუთი უმსხვილესი კომპანიის BP-ARAL-ის, ESSO-ს, JET-ის, SHELL-ისა და TOTAL-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, რადგან მათ შორის საფასო გარიგების არსებობის ეჭვი გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ეს ხუთი კომპანია ბენზინს სისტემატურად ყიდდა შესასყიდ ფასებზე იაფად, რათა კონკურენტები ბაზრიდან განედევნა. გარდა ამისა, დამოუკიდებელ ოპერატორებს ისინი საწვავს მაღალ საბითუმო ფასად სთავაზობდნენ.

ბოლო პერიოდში გერმანიაში ბენზინის ფასების საკითხმა პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო, რისი მიზეზიც ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაძვირება გახდა. ამასთან, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაახმოვანეს ეჭვები მსხვილი კომპანიების კეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებით.

დამოუკიდებელი ავტოგასამართი სადგურები გერმანიის ბაზრის მესამედ იკავებენ, თუმცა მათ საწვავის შეძენა იგივე 5 წამყვანი ჯგუფისგან უწევთ.

ეს გერმანიის ხელისუფლების მიერ ბენზინის კომპანიების მონოპოლიასთან ბრძოლის პირველი მცდელობა არ არის, თუმცა ბაზარზე ფასების ძლიერი რყევის გამო მათ დღემდე ვერ შეძლეს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა.

დაახლოებით იგივე ვითარებაა უკრანიაშიც. “თუ უკრაინის მთავრობა არაფერს გააკეთებს საწვავის ფასების სტაბილიზაციისთვის, თვის ბოლოს, ყველაზე პოპულარული, A-95-ის მარკის ბენზინის ფასმა, შესაძლოა, 12 გრივნას (დაახლოებით 1,5 დოლარი) გადააჭარბოს”, - განაცხადა უკრაინული ტელეარხით გამოსვლისას ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი მარუნიჩმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის არსებული ფასების გათვალისწინებით, უკრაინაში საწვავის ფასების სტაგნაციაა, თუმცა მათი შემცირებისთვის საფუძველი არ არსებობს, რადგან მომავალი თვის ბოლოს ბაზარზე უფრო მაღალ ფასად შეძენილი საწვავი შევა და, შესაბამისად, ავტოგასამართ სადგურებზე ფასები მოიმატებს. “თუ მთავრობა იმოქმედებს, ფასი ან დასტაბილურდება ან შემცირდება”, - განაცხადა ექსპერტმა.

უკრაინაში ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება ფიქსირდება, რაც ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდის ფონზე ხდება.  თუმცა ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ბენზინი მსოფლიო კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად ძვირდება. გასულ კვირაში უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ბენზინის ფასების ზრდის საკითხის შესწავლა დაიწყო.

საქართველოში კი ამ კუთხით სრული სტაგნაციაა და ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმის...