ანტიმონოპოლიურ კანონს ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს არგებენ

ანტიმონოპოლიურ კანონს ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს არგებენ

პარლამენტი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონპროექტის განხილვას აჭიანურებს და როგორც ჩანს მიზანმიმართულადაც. გაზაფხულზე მისაღები კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადების შესახებ არავინ არაფერი უწყის.

ანტიმონოპოლიურ კანონთან დაკავშირებულ პრობლემებზე საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრა აღნიშნული კანონპროექტისა და ქვეყანაში მონოპოლიებთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობის მიზნით გაიმართა.  

ცაგარეიშვილის თქმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე განიხილეს, მეორე მოსმენით 2012 წლის თებერვალში, შემდეგ კი მისი განხილვა შეჩერდა. დეპუტატის აზრით, პროცესი იმის გამო იწელება, რომ ამ კანონპროექტით დაწესებულ ე.წ. შეზღუდვებთან არსებული მონოპოლიები შესაბამისობაში მოვიდნენ. დეპუტატი თვლის, რომ ყველასთვის თვალშისაცემია, რომ მონოპოლიები არსებობს, მათ შორის ფარმაცევტიკისა და ნავთობპროდუქტების სფეროში.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის” შესახებ კანონპროექტს “პაროდია პროექტს” უწოდებს.  “სჯობს არ მივიღოთ ეს კანონი, რადგან ეს არის პაროდია პროექტი”, - განაცხადა გიორხელიძემ და დასძინა, რომ კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში არსებული მონოპოლიური სიტუაციის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევაა და არა მის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება. 

გიორხელიძეს პრობლემად ის გარემოება მიაჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ღია ეკონომიკა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკის შედეგია. საბოლოოდ კი ყველა ასე თუ ისე მსხვილი ბიზნესი ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლდება, ბაზარი სრულად მონოპოლიზებულია, ხოლო ფასები არაადეკვატურად მაღალი.

ამის ნათელი დადასტურებაა ნავთობპროდუქტების ბიზნესი და მუდმივად მზრადი ფასები. “ვარდების რევოლუციამდე” ნავთობის ბიზნესში  100-მდე კომპანია იყო ჩართული, რაც ფასების რეგულაციას უწყობდა ხელს, დღეს კი მხოლოდ ხუთი კომპანია მუშაობს და ხუთივეს დავით კეზერაშვილი მართავს. ამიტომაცაა, რომ რევოლუციის შემდეგ, ნავთობპროდუქტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ლევან იზორია ხელისუფლებას საქართველოში არსებული ნავთობიმპორტიორი კომპანიების კონტროლსა და ფასების ზრდაში ადანაშაულებს.  მას მიუღებლად მიაჩნია არგუმენტი, თითქოს საქართველოში ბენზინის სიძვირეს, საერთაშორისო ბაზარზე ფასების მომატება და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა იწვევს.

იზორიას თქმით, წარმოუდგენელია “სოკარის” მიერ ტრანსპორტირებული ბენზინი და ევროპიდან შემოტანილი ბენზინი ერთი და იგივე ფასი “დაჯდეს”.

“კეზერაშვილის კონტროლირებადი ნავთობკომპანიები ფასებს ერთმანეთს უთანხმებენ. კონკურენციის პირობებში კი, მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა. მაგალითად, 13 თებერვალს, 26 თებერვალს და 18 მარტს რეგულარის ტიპის ბენზინი ხუთივე კომპანიამ ერთდროულად 5 თეთრით გააძვირა. 

თავისუფალი ბაზრის პირობებში წარმოუდგენელია ნავთობპროდუქტი ერთი და იმავე ფასით ერთი და იმავე დღეს გაიზარდოს. დღეს საქართველოში არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების ფასები რეგულირდება და კონტროლირდება, არამედ შემოტანის ლიმიტები და მარაგიც”, - განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა.

იზორიას ცნობითვე, სხვა იმპორტიორებს, საქართველოში ბენზინის დაბალ ფასად შემოტანის და გაყიდვის შესაძლებლობას ხელისუფლება არ აძლევს. ამიტომაც საწვავი კომპანიებს შორის შეთანხმებით ზუსტად დათქმულ დროს ძვირდება. ასეთი მორიგი დათქმული დღე 3 აპრილი აღმოჩნდა, როდესაც საქართველოში ყველა ტიპის საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა და ახალი საფასო რეკორდიც დამყარდა.