ევროპამ ჯერჯერობით ვერც ქართული ბაყაყი დააგემოვნა და ვერც ქართული ნიანგი. ეგზოტიკური ბიზნესი ჯერჯერობით ვერ ვითარდება. ქვეყანაში, სადაც მსხვილფეხა საქონლის ერთი გამართული ფერმაც კი არ არსებობს, უცნაურ ბიზნეს-პროექტებს ეპოტინებიან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ბაყაყების შესაძლო ექსპორტის შესახებ გაკეთებული განცხადება განცხადებად რჩება.
კვეზერელმა ქართული ბაყაყის მოსალოდნელი ექსპორტის შესახებ ჯერ კიდევ 10 აგვისტოს განაცხადა. მინისტრმა იქვე დასძინა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში ბაყაყების მომშენებლი მეურნეობები უკვე არსებობს და საქმე მხოლოდ სფეროს ინვესტირებასა და განვითარებაზეა. ამჯერად კი კვეზერელის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ჩადუნელი ბაყაყების მომშენებელი მეურნეობების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
სოფლის მერუნეობის სამინისტროში ბაყაყების ექსპორტთან დაკავშირებული სამომავლო საკითხები გარკვევა ვერაფრით მოხერხდა. ჩადუნელი ამ საკითხზე ინფორმირებული არ არის, ხოლო მინისტრი კი ბაყაყებზე კომენტარს არასდროს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მხრიდან პირველი შეუსრულებელი განცხადება არ არის. მთავრობის 2009 წლის ერთ-ერთ სხდომაზე ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ 2010 წელს სახელმწიფო დაუმუშავებელ მიწებს თავად დაამუშავებდა და მოსავალს საერთო ბეღელში შეინახავდა, თუმცა მსგავს „ქველმოქმედებას“ მთავრობის მხრიდან ადგილი დღემდე არ ჰქონია.
ცნობისთვის, წლეულს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის არც მინერალური სასუქი დაურიგებია. როგორც სამინსიტროში განგვიმარტეს, 2009 წელს სოფლის მოსახლეობას მინერალური სასუქი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაურიგდა, წელს კი მსგავსი პროგრამა გათვალისწინებული არ იყო.
თუ ბაყაყი არ იქნა, იქნება ნიანგი, ან სხვა რომელიმე ამფიბია. მთავარია, რომ ბიზნესი მომგებიანი იყოს. სხვათა შორის ნიანგების ბიზნესის წარმატებაზეც კარგა ხანია მიდის საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. როგორც სამეცნიერო კვლევით ცენტრთან არსებული, კომპანია „ფაზის პლანტის“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩოკოლაიამ განუცხადა, ქვეყანას აქვს 99% პოტენციალი იმისა, რომ საქართველოში ნიანგის სანაშენე მეურნეობები მოეწყოს.
კომპანიამ 2 წლის წინათ არგენტინის ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი შემოიტანა, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. თუმცა, მალევე 1 პატარა ნიანგი დაიღუპა, ხოლო 3 ნიანგმა სამეგრელოში ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის გარემო პირობებთან შეგუება დაიწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წყალი გოგირდს შეიცავდა, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს.
„ფაზის პლანტის“ ინფორმაციით, ნიანგის ზრდა–განვითარებისათვის თერმული წყლები მნიშვნელოვანი ფაქტორია.სოფელ ცაისში თერმული წყლის საბადო არსებობს და კომპანიასაც სახელმწიფოს თანადგომის იმედი აქვს, რათა სამომავლოდ სამეგრელოში ნიანგთსაშენი ფერმის მოწყობა მოხერხდეს და საქართველომაც ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტი დაიწყოს.
„ფაზის პლანტში“ განმარტავენ, რომ ნიანგის შენახვა ძვირი არ არის, რადგანაც ეგზოტიკურ ცხოველს ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით, 10 ლარის ხორცი ყოფნის. ნიანგი ზრდასრულ ასაკს 3 წლის შემდეგ აღწევს და ზრდასრული ნიანგი 12 დან 18 კილომდე ხორცს იძლევა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 1 კილო 60 ევრომდე ღირს. ხოლო რაც შეეხება ნიანგის ტყავს, ტყავით ძირითადად დიზაინერები ინტერესდებიან, თუმცა საექსპორტოდ ნიანგის ტყავის გასატანად სპეციაური საერთაშორისო ლიცენზიაა საჭირო. ერთი ნიანგის ტყავი „შავ ბაზარზე“ 500 ევრო ღირს, ხოლო ლიცენზირებული ტყავის ფასი 1000 ევროდან იწყება.