იანუკოვიჩს დემოკრატია „სხვაგვარად“ ესმის

იანუკოვიჩს დემოკრატია „სხვაგვარად“ ესმის

პრეზიდენტი იანუკოვიჩი ცდილობს ევროპა და ამერიკა დაარწმუნოს, რომ უკრაინაში დემოკრატიას აშენებს. თუმცა უკრაინულ დემოკრატიას „სპეციფიკურს“ უწოდებს და დასძენს, რომ „დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის“. თავად უკრაინაში კი ბევრი სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რამდენად დემოკრატიული ღირებულებები აქვს ქვეყნის ხელისუფლებას.

იანუკოვიჩი საპრეზიდენტო ძალაუფლების რადიკალურად გაძლიერებას ცდილობს.
ეს მაშინ, როცა მისმა წინამორბედმა ვიქტორ იუშჩენკომ კონსტიტუციური ცვლილებებით პრეზიდენტის ძალაუფლება შეიზღუდა, პარლამენტისა კი გაძლიერდა. ამასთან ახალი საარჩევნო კანონები წინასწარგანზრახულად ასუსტებს ოპოზიციას და ამცირებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.

პრეზიდენტი იანუკოვიჩი ამერიკის შეერთებულ შტატებს არწმუნებს, რომ უკრაინაში ადგილობრივი არჩვენები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით - სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „იანუკოვიჩმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობასა და სამართლიანობაში პირადად არის დაიტერესებული“.

ამასთან, მხარეებმა სატელეფონო საუბრისას საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სამომავლო განვითარების, უკრაინაში დემოკრატიის განვითარების და 31 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების საკითხები განიხილეს. 

„ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანაა, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა და ამ საკითხით პირადად ვარ დაინტერესებული“, - განაცხადა იანუკოვიჩმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას.

მისივე რწმენით, „უკრაინული დემოკრატია ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება“.  
თუმცა პრეზიდენტი უკრაინულ დემოკრატიას „სპეციფიკურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი ჰუმანიტარული საბჭოს სხდომაზე განაცხადა. იანუკოვიჩის აზრით, „დემოკრატია“ და „სიტყვის თავისუფლება“ ყველას სხვადასხვაგვარად ესმის.

„მე ვიტყოდი, რომ მოცემულ მომენტში უკრაინას აქვს თავისებური, უკრაინული დემოკრატია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო მიუახლოვდეს. დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური ძალების არსებობითა და საარჩევნო სისტემით არ ფასდება“, - აცხადებს იანუკოვიჩი.

მისი თქმით, არსებობს სხვა მრავალი ფაქტორი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას ადგას. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად იანუკოვიჩმა საზოგადოებისათვის დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემის შექმნა დაასახელა.

უკრაინული დემოკრატია პირველ რიგში მაინც ამერიკელების ზრუნვის საგანია. აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონიდან ბოლო ვიდეომიმართვისას უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თქვა, უკრაინელებსა და ამერიკელებს საერთო დემოკრატიული ღირებულებები აქვთო. 

თუმცა თავად უკრაინაში ბევრი სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რამდენად დემოკრატიული ღირებულებები აქვს ქვეყნის ხელისუფლებას. მეტიც, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მოსახლეობის აზრის კვლევის უკრაინული კომპანიის - „რაზუმკოვ ცენტრის“ - გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 45 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ჯერაც ვერ გამხდარა. 

ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევში - დამოუკიდებლობის მოედანზე - გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას ცვლილებები სჭირდება და ამ ცვლილებების საკუთარი ხედვაც წარმოადგინა. მისი თქმით, უკრაინას სტაბილური პოლიტიკური სისტემა სჭირდება, რომელსაც ძლიერი პრეზიდენტი გაუძღვება. 
„ეს უკრაინის პოლიტიკური ხედვის მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ. იანუკოვიჩის წინამორბედმა ვიქტორ იუშჩენკომ კონსტიტუციური ცვლილებები წარადგინა, რომლითაც პრეზიდენტის ძალაუფლება შეიზღუდა, პარლამენტისა კი გაძლიერდა. 

ახლა კი იანუკოვიჩი ამბობს, რომ სწორედ ამ მიდგომამ - საპრეზიდენტო ძალაუფლების შეზღუდვამ - გამოიწვია ხელისუფლების კრიზისი. მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ გაძლიერებული პრეზიდენტი უფრო ადვილად შეძლებს რთული რეფორმების გატარებას, როგორიცაა, მაგალითად, მოსახლეობისთვის გაზის ფასის გაზრდა“, – აცხადებს რადიო თავისუფლება. 

თუმცა, ცხადია, ცვლილებები მხოლოდ გაზის ფასს არ ეხება. ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრის, ვიქტორ ტკაჩუკის, წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კანონები წინასწარგანზრახულად ასუსტებს ოპოზიციას და ამცირებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.

ლაპარაკია ცვლილებებზე საარჩევნო კანონში, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ პარტიებს აღარ შეეძლებათ ბლოკების შეკვრა, არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ პარტიები, რომლებიც ერთ წელზე ნაკლებია არსებობენ, კენჭს ვეღარ იყრიან დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატები... 
ტკაჩუკი პრობლემას იმაშიც ხედავს, რომ დემოკრატიის დასუსტება უკრაინაში კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას ევროპას. იანუკოვიჩის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაც პრეზიდენტის მიმართ სწორედ ესაა - რუსეთთან კავშირების გაძლიერება ევროპის ხარჯზე.

თავად იანუკოვიჩმა საკუთარ საგარეო პილიტიკას იცავს. მან თქვა, რომ რუსეთთან კავშირების გაძლიერება ევროპაში ინტეგრაციის ნაწილია. მანამდე გაკეთებულ განცხადებაში კი ის ხაზს უსვამდა ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეტენზია, რომელიც იანუკოვიჩის წინააღმდეგ აქვთ, პრესის თავისუფლებასთან ბრძოლაა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლების ხარისხის შეფასებას იძლევა, უკრაინას რეგიონისთვის მაგალითის მიმცემს უწოდებდა დემოკრატიზაციის სფეროში. 

მაგრამ უკვე ივლისში ორგანიზაციის კვლევების ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უკრაინაში იზრდება ზეწოლა სამოქალაქო საზოგადობასა და მედიაზე. თუმცა დამოუკიდებლობის დღეს იანუკოვიჩმა პრესის მხარდაჭერის აღთქმაც დადო.