“სილქნეტმა” გადასაყრელი კაბელების გამო, გლეხებს ყანები გაუნადგურა

“სილქნეტმა” გადასაყრელი კაბელების გამო, გლეხებს ყანები გაუნადგურა

საქართველოში საკუთრების უფლებას არავინ ცნობს. საუბარი აღარ არის ხელისუფლების წარმომადგენლების ძალმომრეობაზე. კერძო კომპანიებიც კი მავანი ადამიანის მიწაზე, ეზოში, სახლში ისე შეიჭრება, რომ ნებართვასაც კი არ ითხოვს.

2 კვირაა რაც კომპანია “სილქნეტის” წარმომადგენლები მიწიდან სპილენძის მავთულებს ამოსაღებად ხორნაბუჯელი 12 გლეხის ყანაში თვითნებურად შეცვივდნენ და ამოსული ჯეჯილი ტრაქტორით გაანადგურეს. მიზეზად კი საავარიო-აღდგენითი სამუშაოები დაასახელეს.

“1 ჰექტარი მიწის მოხვნას 80 ლარი სჭირდება. გარდა ამისა,ხორბლის თესლიც შევიძინეთ და რა თანხაც დავხარჯეთ, იმასაც ვეღარ ავინაზღაურებთ. მალე სხვებსაც მიადგებიან. სიტუაციის გასარკვევად რაიონის გამგებლის მოადგილეს ემზარ ჯანაშვილს მივმართეთ. მან გვითხრა, რომ მიყენებული ზარალის კომპენსაციას გადაგიხდიანო, მაგრამ “სილქნეტის” წარმომადგენლებმა ეს უარყვეს.  იძულებულები ვართ, რომ კომპანია “სილქნეტს” ვუჩივლოთ”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულმა ციცინო ფიდუაშვილმა.

რაიონის გამგებლის მოადგილე ემზარ ჯანაშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრიდან მიღებული ამონაწერის მიხედვით, მიწები და, შესაბამისად, მავთულები “სილქნეტის” კუთვნილებაა და მას თავისი ქონების განკარგვის სრული უფლება აქვს. ჯანაშვილის თქმით, გლეხები კომპენსაციას კომპანიისგან იმ შემთხვევაში აიღებენ თუ საჯარო რეესტრიდან ქონების დამადასტურებელ ამონაწერს წარმოადგენენ.

როგორც აღმოჩნდა, ჯანაშვილმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა. “სილქნეტში” აცხადებენ, რომ მიწები მათი საკუთრება არ არის, თუმცა კანონის მიხედვით, მათ აქვთ უფლება, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მათი კუთვნილი კაბელები გადის სამუშაოები აწარმოონ.

ამასთან კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ არცერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით უარი არ უთქვამთ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

“დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები ითვალისწინებს ექსპლოატაციისთვის გამოუსადეგარი კაბელების დემონტაჟს კომპანიის კუთვნილ განთვისების ზოლში.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზნით, 6 თვით ადრე კომპანია “სილქნეტმა” წერილობით შეატყობინა კახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოს, ასევე ყველა რაიონულ სამმართველოებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებს. 

ჩვენი კომპანია მოქმედებს, როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებუილი მოთხოვნების, ასევე საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად. კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე მიწათმფლობელების წინასწარი შეტყობინების გარეშე სამუშაოების ჩატარება. კანონმდებლობა, სამუშაოების ჩატარების საფუძველზე მიწათმფლობელისთვის (მესამე პირებისთვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან არ ათავისუფლებს ელექტროგადამცემი ხაზისა და ქსელის მფლობელ კომპანიას.

კომპანიას, არცერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით უარი არ განუცხადებია მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და ვალდებულების თავიდან აცილებაზე. დამატებით გაცნობებთ, რომ სხვა რეგიონებში სამუშაოების წარმოების შედეგად მიწათმფლობელებს სრულად დაუკმაყოფილა მიყენებული ზიანის პროპორციული თანხები და პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინა მიწის ზედაპირები”, -  აღნიშნულია “სილქნეტის” განცხადებაში.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში, კომპანია “სილქნეტის” მიერ 40 ჰექტრამდე ყანის გადათხრასთან დაკავშირებით, კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმაც გააკეთა კომენტარი.

“სილქნეტი” ნამდვილად აწარმოებს ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობას და ეს შეთანხმებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან.  თუ “სილქნეტის” ქმედებით რომელიმე გლეხი დაზარალდა, მას შეუძლია კომპანიას წარუდგინოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპენსაციას მიიღებს”, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.