მოვალეთა რეესტრში მოვალეთა რაოდენობა ინტენსიურად იზრდება

მოვალეთა რეესტრში მოვალეთა რაოდენობა ინტენსიურად იზრდება

2011 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხის რაოდენობამ 110 569 084,48 ლარი შეადგინა, რაც 2008 წელთან შედარებით თითქმის 11-ჯერ მეტია. ამასთან,  გაზრდილია მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობაც. თუ ათიოდე დღის წინ რეესტრში ჩანაწერთა რაოდენობა თითქმის 60 ათასს  შეადგენდა, დღეის მონაცემებით ამ ციფრმა 61 ათასს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოვალეთა რეესტრში იურიდიულზე მეტად  ფიზიკური პირები ჭარბობენ.

ამ მზარდი სტატისტიკის ფონზე ექსპერტები მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას არც მომავალში გამორიცხავენ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ. მეორე და ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და ამაზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ.

ექსპერტის საბანკო საკითხებში ლია ელიავას თქმით,  დღეისათვის საბანკო სექტორთან დადებული საკრედიტო  ხელშეკრულებების რაოდენობა დაახლოებით 543 ათასს შეადგენს. აქედან 1000 ლარამდე სასესხო ხელშეკრულებაზე მოდის 90%, ანუ 488 ათასი. რაც შეეხება მსხვილ სესხებს, რომლებიც აღემატება 50 ათასს ლარს, მათზე ხელშეკრულებების რაოდენობა მხოლოდ 134 ერთეულს შეადგენს.

„სწორედაც რომ ამ 134 ხელშეკრულებით და ანაბრების მიღების უფლებით ბანკი შეიძლება განვასხვავოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან. რა თქმა უნდა, ეს დასანანი მოვლენაა იმის  გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ვერ ასრულებენ ეკონომიკაში საბანკო სექტორის დანიშნულების უპირველეს ამოცანას - თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულირებას  და მის გადანაწილებას ეკონომიკის დარგებს შორის“, - აღნიშნა  ელიავამ.

ეს საქართველოში, ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში კი სიტუაცია განსხვავებულია. დიფერენცირებულია ბანკების  მუშაობაც, მაგალითად, თუ ერთი ბანკი მუშაობს მხოლოდ მსხვილი  კრედიტების გაცემაზე, მეორე ბანკი სამომხმარებლო კრედიტების  გაცემაზე, მესამე ანაბრებზე და ა.შ.

„ჩვენთან ეს ასე არ ხდება და ალბათ, აქამდე რომ მივიდეთ,  კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება”, - განაცხადა ელიავამ ჩვენთან  საუბარში.

მისივე თქმით, ბანკების მიერ სამომხმარებლო დაკრედიტებაზე  აქცენტის გადატანა ბიზნეს ინტერესითაა განპირობებული. უპირველეს  ყოვლისა, ასეთი სახის სესხების ადმინისტრირება და ამოღება ადვილია მათი მცირე მოცულობის გამო, მეორეც, მათზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ ბანკებს  პრაქტიკულად არც სჭირდებათ სხვა სახის სესხების გაცემა იმისათვის, რომ ყოველთვის ჰქონდეთ მსუყე შემოსავალი. მესამე, ასეთი სესხების მონიტორინგი ეროვნული ბანკის რევიზორების მიერ

პრაქტიკულად შეუძლებელია აქედან გამომდინარე ყველა შესაბამისი შედეგით. გარდა ამისა, გრძელვადიანი რესურსების უქონლობისა და მაღალი რისკების არსებობის პირობებში ბანკები თავს არიდებენ რეალურსექტორზე გრძელვადიანი სესხების გაცემას.

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძის თქმით მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა 1000 და 2000-ლარიანი სამომხმარებლო კრედიტების გაცემა. ამის ფონზე კი გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციები.

„თუ არ შემცირდა ეს პროცენტი და ამასთან, არ მოხდა  სამომხმარებლო კრედიტის გაცემისას გარკვეული გარანტების  მოთხოვნა, ცხადია, რომ მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მართალია, მარტო საბანკო კრედიტების გაცემის ხარჯზე არ ხდება მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების ზრდა, თუმცა მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა სილაგაძემ.

იმისათვის, რომ საბანკო სექტორმა მსხვილი ბიზნესის, მრეწველობის თუ აგროსექტორის დაკრედიტება დაიწყონ, ექსპერტების თქმით, პირველ რიგში საჭიროა, რომ მათ ამის სტიმული სახელმწიფომ  მისცეს.

„დღეს, ისევე როგორც ადრე, და სავარაუდოდ, ახლო მომავალშიც, ადგილობრივ ბიზნესს სჭირდება სერიოზული სახელმწიფო მხარდაჭერა.

ამიტომ აუცილებელია საბანკო სექტორისათვის შესაბამისი სტიმულების შექმნა და მის მიერ ბიზნეს-სექტორის დაკრედიტების გააქტიურება. ამისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული მეთოდები, ასევე მთავრობის

მიერ შესაბამის ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმები. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელია საბანკო სექტორის გამოყვანა მიკროდაფინანსების სფეროდან და მასზე დაკისრებული ეკონომიკის ლოკომოტივის ფუნქციის ამოქმედება“, - აღნიშნა ელიავამ.

„კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაში გაცემული კრედიტების რაოდენობა არის მინიმალური, ეს მაჩვენებელი 2011 წელს 2010 წელთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა. საერთო ჯამში თუ გაცემულია 6 მილიარდის კრედიტი, აქედან მხოლოდ 47 მილიონია აგროკრედიტი, დაახლოებით 2 მილიარდი კი ვაჭრობაშია წასული.

ცხადია, ვაჭრობის სფერო ამ თანხების ბრუნვას და მის დაბრუნებას ჯერ კიდევ ახერხებს, ამას ვერ აკეთებს სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. ამიტომ კომერციული ბანკები დაინტერესებულები არ არიან, რომ ასეთი სესხები გასცენ. „ამის გამო ჩვენ კომერციულ ბანკებს ვერ ვუსაყვედურებთ, რადგან ის კომერციული სტრუქტურაა და მოგებაზეა ორიერნტირებული. აქ სახელმწიფომ უნდა აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი და

კომერციულ ბანკებს შეუქმნას ისეთი მექანიზმები, რის შედეგადაც ისინი აუცილებლად დაწევენ საპროცენტო განაკვეთს. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ შესაძლებელი იქნება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში იყოს კრედიტები“, - მიაჩნია სილაგაძეს.