ქართული ავიაცია ნაბიჯ-ნაბიჯ უქმდება

ქართული ავიაცია ნაბიჯ-ნაბიჯ უქმდება

ქართულ ავიკომპანიებს საქმე ძალიან ცუდად აქვთ. საქართველოს ცაზე მხოლოდ ერთი ადგილობრივი კომპანია “აირზენა” დაფრინავს,რომელიც მგზავრების გადაყვანას ახორციელებს და მასაც ძალიან ცუდი დროება უდგას. ავიარეისების გაუქმება და თანამშრომლების შემცირება, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიის ფინანსურ სირთულეს ადასტურებს. ზოგადად კი ქართული ავიაცია რეგიონში ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.

მაგალითად, ქართული ავიაბაზრის ერთ-ერთმა მსხვილმა მოთამაშემ, “აირზენამ”, შესაძლოა, ევროპის მიმართულებაზე საერთოდ უარი თქვას. კომპანიამ, დაბალი მოთხოვნის გამო, მაისამდე სრულად გააუქმა პარიზის და ფრანკფურტის მიმართულებები, ხოლო ამსტერდამის რეისები კვირაში სამიდან ერთამდე შეამცირა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირებისა და აღნიშნულ რეისებზე დაბალი რენტაბელობის გამო, მოუწიათ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. მათივე განცხადებით, “აირზენას” მენეჯმენტი აპრილში გადახედავს მიღებულ გადაწყვეტილებას და არგამორიცხავს, რომ კომპანიამ ევროპის მიმართულებაზე საერთოდ უარი თქვას. ამჟამად ქართული ავიაკომანია ფრენებს 10-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს.

რეისების შემცირება კომპანიის თანამშრომლებს უკვე შეეხო. თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვების ფაქტი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ “დაბალშემოსავლიან პერიოდში ავიაკომპანია თანამშრომლებს დროებით უხელფასო შვებულებაში უშვებს”, თუმცა რამდენი თანამშრომელი მოხვდა ამ რიცხვში, გიორგობიანს ზუსტი ციფრი არ აქვს.

“იქედან გამომდინარე, რომ დატვირთვები არ არის,თბილისი-პარიზის რეისი მაისამდე შევაჩერეთ, ამსტერდამის რეისი კი კვირში ერთხელ სრულდება. ზოგადად, რეისების შეჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. სწორედ ამ დატვირთვების კლების გამო, კომპანიას ამ ეტაპზე მცირე ფინანსური პრობლემები აქვს”, -განაცხადა გიორგობიანმა.

“აირზენას” გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც გამოეხმაურა, რომლის მტკიცებით, მთავრობისთვის პრიორიტეტი ადგილობრივი ავიაკომპანიებისთვის ხელშეწყობაა.
“ქრისტიან-დემოკრატების” მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ადგილობრივ ავიაკომპანიებს ხელს არ ვუწყობთ, მაგრამ პირიქითაა. მაგალითად, ჩვენ “აირზენას” შევთავაზეთ, რომ ადგილობრივი რეისები განეხორციელებინა, მათ შორის მესტიაშიც, თუმცა მათი მხრიდან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია”, -განაცხადა ქობალიამ და დასძინა, რომ მესტიაში ფრენა სახელწიფოსთვის იქნებოდა დოტაციური და არა ავიაკომპანიისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ შეთავაზებას”აირზენას” მენეჯმენტში კატეგორიულად უარყოფენ.

აღსანიშნავია, რომ “აირზენა” პირველი არაა, რომელსაც ავიაბაზარზე ფინანსური პრობლემები შეექმნა. სააგენტო “პირველის”ინფორმაციით, ამ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე თვეა კრიმინალური პოლიციის შეფის ერეკლე კოდუას ძმის გიორგი კოდუას ავიაკომაპნია ”სქაი ჯორჯია” იმყოფება, რომელსაც მთავრობამ გასული წლის 1-ლი ნოემბრიდან ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო გადაზიდვების განხორციელება აუკრძალა და მიზეზად ხომალდების სიძველე და ევროკავშირის რეკომენდაცია დაასახელა.

თავის მხრივ კი, კოდუას თქმით, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის და ტრანსპორტის კომისიის ხელმძღვანელის სიმ კალასის კაბინეტის უფროსის ჰენრიკ ჰოლოლეის მიერ მისთვის გამოგზავნილი ოფიციალური წერილით ადასტურებს, რომ “ეს გადაწყვეტილება საქართველოს შიდა კომპეტენციის ქვეშ ექცევა”.

ამასთანავე, მაშინ კოდუამ ეჭვი გამოთქვა, რომ ავიაკომპანია”სქაი ჯორჯიასთვის” ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო გადაზიდვების აკრძალვა სახელმწიფო ავიაკომპანიის შესაძლო შექმნას უკავშირდება. მისი თქმით, “სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნის იდეა საქაერონავიგაციის ხელმძღვანელ გიორგი კარბელაშვილს დიდი ხანია “აწუხებს”.
ქართული ავიაკომპანიებს არა მარტო ფინანსური პრობლემები აქვთ, არამედ ისინი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებშიც კი ვერ ხვდებიან, როგორიც “სქაითრაქსია”. “ილიაუნი ბიზნესრევიუს” მიხედვით, რომელიც “სქაითრაქსის” კვლევაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, ქართული ავიაკომპანიები რეიტინგში ვერ მოხვდნენ მაშინ, როდესაც სომხურ და აზერბაიჯანულ ავიაკომპანიები იქ ნამდვილად ფიგურირებენ.

საქართველოს ავიაბაზარზე ერთი ხუთვარსკვლავიანი, ოთხი ოთხვარსკვლავიანი, 8 სამვარსკვლავიანი და ორი ორვარსკვლავიანი ავიაკომპანიაა. კავკასიის მასშტაბით 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში დაფრინავს.4-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიების მიმართულებით კვლავ საქართველო და აზერბაიჯანი ლიდერობენ, ამ ქვეყნებში ოთხ-ოთხი ასეთი რანგის ავიაკომპანია დაფრინავს. სომხეთში მხოლოდ ორი ოთხვარსკვლავიანი ავიაკომპანია დაფრინავს. 3-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიების კუთხით კი საქართველო ლიდერობს.
ქვეყანაში რვა 3-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია დაფრინავს.მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც შვიდი 3-ვარკვლავიანი ავიაკომპანიაა. ეს მაჩვენებელი ერთით აღემატება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2-ვარსკვლავიანი ავიაკომოპანიებიდან ორ-ორი მათგანი დაფრინავს საქართველოსა და სომხეთში.აზერბაიჯანში კი ეს მაჩვენებელი ნულის ტოლია.
სამაგიეროდ, ქართული ავიაკომპანიები რეიტინგში საერთოდ არ არის, განსხვავებით სომხური და აზერბაიჯანული ავიაკომპანიებისაგან (აზერბაიჯანული 3-ვარსკვლავიანი”აზერბაიჯან ეარლაინსი” და სომხური 2-ვარსკვლავიანი “არმავია”); საქართველოდან მგზავრების გადაყვანის მომსახურე ავიაკომპანიების რეიტინგი საშუალოზე მაღალია (80%-ზე მეტი); ევროპის 3 საუკეთესო კომპანიიდან 2 საქართველოში დაფრინავს, რაც მაღალი მაჩვენებელია; ამ დროსათვის საქართველოს ავიაბაზარზე 20-მდე ავიაკმპანია ოპერირებს, მათ შორის ერთი ქართული “აირზენა”. საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, მათ შორის “ალიტალია”, რომლიც კიდევ უფრო გაზრდის ხარისხობრივ მაჩვენებელს.