კუკავას და ბურჯანაძის პარტიები არჩევნებში კოალიციის სახით მიიღებენ მონაწილეობას

კუკავას და ბურჯანაძის პარტიები არჩევნებში კოალიციის სახით მიიღებენ მონაწილეობას

Presage.tv -ს პრეს-კლუბში დღეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავასა და „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტის ალექსანდრე ებრალიძის პრეს-კონფერენცია გაიმართა. ებრალიძე სტუდიაში skype-ით პეტერბუგრიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც საქართველოში ოქტომბერში უნდა გაიმართოს, პარტია „თავისუფალ საქართველოს“ და მის ლიდერს დაუჭერს მხარს.

„შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოგცეთ ამ კონფერენციის მთავარი აზრი. „საქართველოს მსოფლიო კონგრესში“ გაერთიანებულია 450 000 ადამიანი. მათი უმეტესობა არ არის საქართველოს მოქალაქე. პირადად მე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეობას არ მაძლევს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება, რადგან მე და კონგრესის მრავალ წევრს არ გვაქვს საშუალება პირადად მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენ გვინდა მოვახსენოთ ქართულ საზოგადოებას, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დავუჭერთ „თავისუფალ საქართველოს“ და მის ლიდერს ბატონ კახა კუკავას.

ეს მხარდაჭერა იქნება როგორც მორალური, ასევე მატერიალური. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ქმედება იქნება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოს პოლიტიკურ მოედანზე, გვაიძულებს ჩვენ ჩვენს წინაშე დავსახოთ მხოლოდ ერთი პატარა მიზანი - არჩევნების შედეგად „თავისუფალი საქართველო“ უნდა მოხვდეს საქართველოს პარლამენტში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ იმ პარტიას, რომელიც გამოხატავს ქართველი ერის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ებრალიძემ.

კახა კუკავას განცხადებით კი მისი პოლიტიკური ძალის ამოცანა არის ქართულ დიასპორასთა გადავიდეს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, რომელსაც ექნება რამდენიმე პრიორიტეტი და კუკავა აპირებს, რომ ამის შესახებ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე ქართულ მედიას რეგულარუად მიაწოდოს ინფორმაცია.

მისი ქთმით, პირველი პრიორიტეტი იქნება ქართული დიასპორის აღრიცხვა.

„მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნებისთვის 40-ზე მეტი საარჩევნო უბანი იხსნება, სადაც დარეგისტრირებულია სულ 4000-მდე ამომრჩეველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რეალურად საქართველოდან 800 ათასზე მეტი ამომრჩეველია გასული. ამიტომ ჩვენ, „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ ეგიდით გავუკეთებთ ორგანიზებას იმას, რომ მოხერხდეს მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ამომრჩევლების აღრიცხვა და დარეგისტრირება. ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი იქნება, რომ ამ ადამიანებმა გამოხატონ თავისი ნება და ხმა მისცენ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე. ხოლო პროგრამა მინიმუმი იქნება, რომ თუკი ეს ადამიანები ხმას ვერ მისცემენ, რადგან ბევრი მათგანი იქ არალეგალურად იმყოფება, ყოველ შემთხვევაში მათი აღრიცხვის გზით უზრუნველვყოთ ის, რომ მათი ხმები არ იქნებს გამოყენებული საქართველოში“, - აცხადებს კახა კუკავა.

მისი თქმით, მისი პარტიის მეორე პრიორიტეტი იქნება კანონით დადგენილი წესით შემოწირულობების მობილიზება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო ფონდში. „მოგეხსენებათ, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ცივილიზებული წესით ატარებენ ე.წ. „ფანდ-რაიზინგის“ კამპანიას, რომლის ფარგლებში შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა კანონით დადგენილი წესით გაიღონ შემოწირულობა ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოში დღეს არსებული ბიზნესები თავიდან ბოლომდე კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და მე არ მჯერა არანაირი შემოწირულობებისა, რომლებიც საქართველოს შიგნით არის მობილიზებული. ამიტომ, ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ერთადერთი წყარო, რომელმაც შეიძლება ოპოზიცია დააფინანსოს, ბუნებრივია ეს არის საზღვარგარეთ მყოფი ქართველები. კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ იმ პირებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, გაუწიონ ფინანსური შემოწირულობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის „თავისუფალ საქართველოს“.

ჩვენ შევეცდებით, რომ ეს პროცესი გახდეს მაქსიმალურად მასშტაბური. კარგად გვესმის, რომ სხვადასხვა ადამიანს აქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, თუმცა დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ჩვენ რეგულარულად გამოვაქვეყნებთ, თუ რა რაოდენობის შემოწირულობები იქნა მიღებული და რა წყაროებიდან“, - ამბობს კუკავა.

მისი თქმით, ამ თანშმრლობობის მესამე პრიორიტეტი, იქნება ქართული ლობის ამოქმედება. კუკავა აღნიშნავს, რომ ქართული დიასპორა, რომელიც არის უზარმაზარი ძალა და რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი, დღესდღეობით არ არის გამოყენებული ქართული სახელმწიფოს მიერ. პირიქით, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ის, ერთგვარ საფრთხედ არის წარმოჩენილი. „თავისუფალი საქართველოს“ ამოცანა არის, რომ ქართული დიასპორა გამოყენებული იქნას ეროვნული ინტერესებისათვის სწორედ როგორც ქართული ლობი.

„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ რუსეთში ქართულ დიასპორასთან. ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო მოლაპარაკებები ბატონ ონიშენკოსთან და რომელიც მიზნად ისახავს ქართული ექსპორტის განახლებას რუსეთის ბაზარზე, ეს არის სწორედ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ ერთობლივი პროექტი. უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ასევე სხვა საკითხების ლობირების მიზნით კამპანიების დაწყებას. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება და ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტები.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს თანამშრომლობას არ ამოვწურავთ რუსეთში ქართული დიასპორით და პირიქით, გვაქვს ინტენსიური ურთიერთობები სხვა ქვეყნებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვთხოვთ, რომ გაწევრიანდნენ კონგრესში და ამ ყველაფერმა მიიღოს ორგანიზებული სახე, რომ როგორც ეს აქვთ დავუშვათ სომხებს, ებრაელებს, ირლანდიელებს, ქართული დიასპორაც წარმოჩენილი იყოს, როგორც ერთი და ძლიერი ძალა, რომელიც თავის როლს შეასრულებს მათ შორის ქართულ პოლიტიკაშიც“, - აცადებს კუკავა.

იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის პარტიასთან კოალიციის ან საარჩევნო ბლოკის სახით მიიღოს მონაწილეობა, რადგან აცხადებს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას აქვს იდენტური პოზიციები და ამიტომ ლოგიკური იქნება, რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.