უმრავლესობა კალმახელიძესთან ტრენინგზე

უმრავლესობა კალმახელიძესთან ტრენინგზე

დღეს პარლამენტში სასჯელაღსრულების მინისტრს პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ეკატერინე ხერხეულიძე, ოთარ თოიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ზურაბ მელიქიშვილი, კობა ხაბაზი, გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ლაშა თორდია და აკაკი მინაშვილი დაიცავენ. ყოველ შემთხვევაში, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის წინა საღამოს კალმახელიძის ტრენინგი სწორედ ამ დეპუტატებმა გაიარეს.

პარლამენტმა სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში უნდა განიხილოს. 645 გვერდიან ანგარიშში მოცემულია 2011 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანალიზი, საიდანაც, დახლოებით, ნახევარი სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ მდგომარეობას ეძღვნება და, როგორც ჩანს, კალმახელიძეს უმრავლესობის ნაწილთან შეხვედრა იმისთვის დასჭირდა, რომ ისინი შესაძლო კითხვებზე პასუხების გაცემაში ევარჯიშებინა.

შეხვედრა არც დაანონსებული ყოფილა და უმრავლესობა ბოლო წუთებამდე კატეგორიულად უარყოფდა, რომ რაღაც შეკრებას აწყობდნენ. თუმცა, რამდენიმე ჟურნალისტი, ცხადია, არასატელევიზიო, ამ შეხვედრას გარეთ მაინც ელოდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ შეხვედრის გამართვამდე პრეზიდენტი უმრავლესობას თავის რეზიდენციაში შეხვდა და, თურმე, მელიორაციის საკითხებზე უსაუბრიათ. რაც მთავარია, უმრავლესობა იმის დამტკიცებასაც ცდილობს, რომ ამ შეხვედრაზე არც არჩევნებზე, არც ივანიშვილზე და არც ნატოს ჩიკაგოს სამიტზე უსაუბრიათ.

სხვა საკითხია, თუ რატომ სურს უმრავლესობას იმის დამტკიცება, რომ პრეზიდნეტი მათ იმდენად არ აგდებს არაფრად, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არც კი ელაპარაკება. ამ შემთხვევაში საინტერესო უკვე კალმახელიძესთან საიდუმლო ვითარებაში გამართული შეხვედრაა, რომელიც ღამის ცხრა საათზე გაიმართა და უმრავლესობიდან ზემოთ ნახსენები დეპუტატები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატები არ აკონკრეტებდნენ არც შეხვედრის მიზანს და არც იმას, თუ ვისთან იგეგმებოდა აუდიენცია. მოგვიანებით კი, დეპუტატებთან საკონფერენციო დარბაზში ხათუნა კალმახელიძე შევიდა, რომელმაც ასევე არაფერი თქვა შეხვედრის მიზანზე.

მოგვიანებით უმრავლესობის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ კალმახელიძესთან გამართული შეხვედრა სახალხო დამცველის ანგარიშს და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ასახულ პრობლემებს შეეხებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, მინისტრმა მათ ინფორმაცია უწყებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა.

გაბაშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობა ანალოგიურ ფორმატში ყველა იმ მინისტრს შეხვდა, რომელთა უწყებები სახალხო დამცველის ანგარიშშია მოხვედრილი, თუმცა, აქამდე ასეთი შეხვედრის შესახებ არავის არაფერი შეუტყვია.

როგორც ჩანს, უმრავლესობა ელოდება, რომ ყველაზე მეტი კრიტიკა და კითხვა ამ უწყების მისამართით იქნება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ანგარიშის თითქმის ნახევარი სწორედ სასჯელაღსრულებას ეძღვნება.

როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ გამართულ დებატებზე აქცენტები, ასევე, რა მიმართულებით აქვს სახალხო დამცველს არასწორი სტატისტიკა და ა.შ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ კი თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის ყველა რეკომენდაციას ეთანხმება და ხვალინდელი მოსმენის შემდეგ დადგენილებას სწორედ ამ რეკომენდაციების მეტად შესრულებასთან დაკავშირებით მიიღებს.

როგორც ლაშა თორდიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის ანგარიში არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ხელისუფლებისთვის და სახალხო დამცველის ყველა რეკომენდაცია მისაღებია.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია, ეს რეკომენდაციები უფრო და უფრო კარგად სრულდებოდეს და სწორედ ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხვალ სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ დადგენილებას.

ანგარიშში კი სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული რეგულარული მონიტორინგის, შესწავლილი საქმეებისა და განცხადებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა უფლებების ჯეროვანი დაცვა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. 2011 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა შეისწავლა და რეაგირება განახორციელა როგორც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ასევე მთელ რიგ სხვა უფლებადარღვევებზე, რომლების ძირითადი ნაწილი დაკავშირებული იყო როგორც პატიმართა ჯანმრთელობის უფლების, ასევე სხვა ძირითადი უფლებების დარღვევასთან.

საანგარიშო წელს სამწუხაროდ კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფაქტიურად არ განსხვავდება 2010 წლის მაჩვენებლისგან. შესაბამისი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ტუბერკულოზი კვლავ რჩება პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ შესრულდა სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წინადადებების და შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულ იქნა პენიტენციალური ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების პრაქტიკაში უკეთესად რეალიზებას”.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კი ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა ისიც განაცხადა, რომ პენიტენციალურ სისტემაში ომბუდსმენის ანგარიშში მოხვედრილი პრობლემები მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმის საფუძველს იძლევა.

კალმახელიძე კი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, სისტემაში დაწყებული რეფორმები გაგრძელდეს, თუმცა ვინ განახორციელებს ამას, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც კალმახელიძემ აღნიშნა, მისმა უწყებამ სასჯელაღსრულების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ეს რეფორმები ლოგიკურ შედეგამდეა მისაყვანი. ლოგიკურ შედეგად კი, ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას ასახელებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ეს კურსი და გაგრძელდეს რეფორმების ტენდენცია და ტემპი არ შენელდეს, თუმცა, ვინ განახორციელებს რეფორმებს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ და დასძინა, რომ სისტემაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

ცხადია, უმრავლესობა იძულებული გახდა, რომ ეს კომენტარი გაეკეთებინა. ტრენინგის შედეგი კი უკვე დღეს გამოჩნდება, თუ ეს დეპუტატები მის დაცვას როგორ შეძლებენ.