ივანიშვილი თავს კვლავ საქართველოს მოქალაქედ თვლის

ივანიშვილი თავს კვლავ საქართველოს მოქალაქედ თვლის

„ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ თხოვნით არ მიმართავს. ეს ფარისევლობა იქნებოდა, რადგან ერთხელ უკვე სწორედ სააკაშვილმა ჩამოართვა მას მოქალაქეობა. რატომ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენა იმ პირის ნება-სურვილზე დამოკიდებული, რომლის ნება-სურვილითაც მოხდა მისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევა?!“ - ასეთია ბიძინა ივანიშვილის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გაახმიანა.

ეფუძნება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება ღირსებას, როცა ბიძინა ივანიშვილს არ სურს თხოვნით მიმართოს მას, ვინც ერთხელ უკვე ჩამოართვა მოქალაქეობა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, მაგრამ მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს მაინც საქართველოს მოქალაქედ თვლის და ფარატინა ფურცელი მისთვის არაფერს ნიშნავს.

„ყველაზე დიდი ფასეულობა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობაა, ოღონდ არა - ფორმალურად გაფორმებული მოქალაქეობა, რასაც მას ვერანაირი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აუკრძალავს. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პასპორტი და საქართველოს მოქალაქეობა ქართველმა ხალხმა მიანიჭა და მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პასპორტის ქონა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი.

აქედან გამომდინარე, მაია ფანჯიკიძე ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელ განცხადებას, რომ 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილი, როგორც საქართველოს მოქალაქე, დააფუძნებს პარტიას - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პარტიის დაარსებიდან ცოტა ხანში კი პოლიტიკური ბლოკი ჩამოყალიბდება.

„პირობა არ დაირღვევა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 21 აპრილს დააფუძნებს პარტიას, როგორც საქართველოს მოქალაქე. ამაში იგულისხმება, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პასპორტის ქონა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, იქნება და არის საქართველოს მოქალაქე“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ეს შემაკავებელი ფაქტორი ოქტომბრამდე მის მიერ გაწერილი გეგმებზე არ აისახება. როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო მისაღებად მიიჩნევს, საკუთარ მოქალაქეობასთან დაკავშირებით დაელოდოს ქართული სასამართლოს განაჩენს (რაც წინასწარვე ცნობილია, რომ ივანიშვილისთვის სასარგებლო არ იქნება) და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგეს სტრასბურგის გზას. მართალია, 21 აპრილამდე სტრასბურგი კი არა, საქართველოს სასამართლოს განაჩენიც ვერ მოესწრება (რადგან უკვე ექვსი თვეა, ჭიანურდება პროცესი), მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ ქართული სასამართლოს, თუნდაც, უარყოფით პასუხს როდესმე მაინც მოესწრებიან, რასაც სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა, ხოლო თავის დასკვნაში მიუთითა, რომ ივანიშვილმა ორმაგი მოქალაქეობის მიღებისთვის საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართოს, ზემოთნახსენებ მიზეზთა გამო ეს გზა ივანიშვილმა არ აირჩია. თუმცა არც მეორე გზა აღმოჩნდა მისთვის მისაღები - საუბარია ქდმ-ს ინიციატივაზე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას საქართველოში დაბადებულ ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეობის მქონე ყველა პირს აძლევს.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილისთვის ქართული სახელმწიფოს ძირითადი კანონი მხოლოდ ფარატინა ფურცელია. რეალურად კი პრეზიდენტი კონსტიტუციას ივანიშვილის გამო კი არ ცვლის, არამედ - საკუთარ თავზე ირგებს. ფანჯიკიძის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ, სააკაშვილის პრობლემების მოსაგვარებლად იცვლება კონსტიტუცია, რადგან ივანიშვილს რომ დაუბრუნოს მოქალაქეობა, ეს დანაშაულისა და შეცდომის აღიარება იქნებოდა.

მაია ფანჯიკიძის მოსაზრებით, სააკაშვილი იძულებულია, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დაემორჩილოს და ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაუბრუნოს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით კი პრეზიდენტი იმ შეცდომებისა და დანაშაულის გადაფარვას ცდილობს, რაც ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ჩაიდინა.

„კონსტიტუციაში ნაუცბათევად შეტანილი ცვლილებებით ვერ გადაიფარება ორი კანონდარღვევა, რაც სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჩაიდინა. საქართველოს მოქალაქეობა მას ჩამოართვეს სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური პანიკით გამოწვეულ აფექტში და მოქალაქეობის ჩამორთმევა მოხდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, როგორც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი, სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი რეალური კონკურენტი მოახლოებულ არჩევნებში. ივანიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მიმართა განცხადებით, რომელშიც საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობდა. ამის შემდეგ ე.წ. ნატურალიზაციის გზით უნდა მიეღო სამშობლოს - საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ სააკაშვილის დავალების თანახმად, მას ნატურალიზაციაზე უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ იგი ჯერ კიდევ იყო საფრანგეთის მოქალაქე“.

უარის თქმის ამ მოტივაციას მაია ფანჯიკიძე ხელოვნურად მიიჩნევს, რადგან ქართველმა მოხელეებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ფრანგები მანამდე არ შეუწყვეტდნენ ბიზნესმენს მოქალაქეობას, ვიდრე არ დარწმუნდებოდნენ, რომ იგი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე გახდა. ასეთია ცივილიზებულ სამყაროში არსებული წესი, რათა რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში, ადამიანი მოქალაქეობის გარეშე არ დარჩეს.

მოქალაქეობის მინიჭება-არ მინიჭება ბოლო დროს ხელისუფლების თავშესაქცევ საშუალებად იქცა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა მარტო ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით არ ამოქმედებულა. ცოტა ხნის წინ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა აშშ-ის მოქალაქემ, ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორმა ნუგზარ დავითაშვილმა. თანხმობას არაფერი აკლდა, მაგრამ, როცა გაიგეს, რომ იგი ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, უარი უთხრეს.

კამპანია „ეს შენ გეხება“ წევრების აზრით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივა ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, რადგან იგი საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩარევას გამოიწვევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ 5 აპრილს ქრისტიან-დემოკრატების მიერ გაჟღერებული ინიციატივა რამდენიმე მიზეზის გამო მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს. ნინა ხატისკაცის თქმით, სწორედ იმის გამო, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ჩარევა არ მოხდეს, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა გააჩნია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას, ასევე, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო ქმედების განხორციელებას უკრძალავს. ეს კი ნიშნავს, რომ მათ არც არჩევით ორგანოში არ შეუძლიათ, წარდგენილნი იყვნენ და არც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. ასევე, შეზღუდვებია დაფინანსებასთან დაკავშირებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს არ შეუძლიათ, ქვეყნის შიგნით დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები და პროცესები.

„ჩვენმა კანონმდებლებმა ასეთი ლოგიკური გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენა ვერ მოახდინონ. მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაფინანსების ან ხმის მიცემის უფლებით განახორციელონ ზეგავლენა. აქედან გამომდინარე, ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამიერიდან შეეძლებათ, ქვეყნის საკანონმდებლო უწყებაში იყვნენ წარდგენილნი და არჩეულნი, ეს გაცილებით მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე - მათი მხრიდან უბრალო დაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თავად განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა და თავად მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა,“ - აცხადებს ნინა ხატისკაცი.

შეკითხვაზე, თითქოს ივანიშვილისთვის შეცვლილ კონსტიტუციას სააკაშვილი არჩევნებში თავის სასარგებლოდ ხომ არ გამოიყენებს, ნინა ხატისკაცი გვპასუხობს: „მართლაც, ძალიან ძნელია ამის შეფასება. იმ ფაქტებისა და თანმიმდევრობის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, ეს მართლაც დაემთხვა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემაზე უარის თქმას. თუმცა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი“.

ნინა ხატისკაცის აზრით, მოქალაქეობასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მარტივი, ლეგიტიმური გზები არსებობს და მისი მოგვარება ყველაზე მიუღებელი გზითა და მეთოდით - კონსტიტუციის ცვლილებით დაუშვებელია. თუმცა, აქვე ხატისკაცი აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც კონსტიტუცია გარკვეულ შეხედულებათა გამო ხშირად იცვლება. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ მსგავსი ტიპის რეგულაცია არცერთი ქვეყნის კანონმდებლობაში არ არსებობს.

„არცერთ განვითარებულ თუ არაგანვითარებულ ქვეყანაში ასეთი გზით პრობლემის მოგვარება არ ხდება. ეს მიზეზები საკმარისია, რომ ქ