„პირდაპირ უნდა უთხრან - თუ კვერცხებით ჩამოგკიდებენ, არ დაგიცავთ“

„პირდაპირ უნდა უთხრან - თუ კვერცხებით ჩამოგკიდებენ, არ დაგიცავთ“

Presage.tv-ს პრეს-კლუბში დღეს კახა კუკავა ჟურნალისტებს შეხვდა. მან ყველა იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრა, რაც დღეს საქართველოში ვითარდება.

პირველ რიგში კუკავამ კომენტარი გააკეთა „ქრისტიან - დემოკრატების“ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეებს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ.

„ძალიან არაორაზროვნად და ნათლად მინდა განვაცხადო - ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, როგორც საქართველოს მოქალაქემ და მხარს ვუჭერთ, რომ მან მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ისევე როგორც მე მხარს ვუჭერ იმ პოზიციას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქმა არა ერთხელ დააფიქსირა. მოგეხსენებათ, მან ბრძანა რომ ზოგადად ქართველს საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს, მიუხედავად იმისა რა პოლიტიკურ შეხედულებები აქვა მას. ყოველკვირეულად პრეზიდენტი ხელს აწერს უამრავი ჩინელისთვის, თურქისთვის და რუსისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას და ამ ფონზე, განსაკუთრებით ნონსენსია, როდესაც ქართველები იგივე უფლებით ვერ სარგებლობენ. კიდევ უფრო ნონსენსია, როდესაც ამით ვერ სარგებლობენ დიდი ფინანსური რესურსის მფლობელი ქართველები, რომლებსაც გარკვეული დამსახურებებიც აქვთ საქართველოს წინაშე და ქართული სახელმწიფოც მოიგებს ბუნებრივია როდესაც ასეთი მოქალაქეები ეყოლებათ“, -ამბობს კახა კუკავა.

აქვე მისი განმარტებით, ეს წინასიტყვაობა იმიტომ გააკეთა, რომ თვითონ კონსტიტუციურ ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია. კუკავა ამბობს, რომ ამ მიმართულებით „თავისუფალი საქართველო“ გეგმავს კამპანიას და მოხარული იქნება თუ ივანიშვილის შტაბი ამ კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს, ან სოლიდარობას გამოუცხადებს მას. კუკავას თქმით, ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც შეიძლება ორასი წლის წინ აფრიკაში შეეტანათ ევროპელ კოლონიზატორებს. იგივე წარმატებით ხელისუფლებამ შეიძლება შემოიღოს რაღაც ახალი კანონი, რომლითაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოგვანიჭებენ მონის, ან რაიმე სხვა სტატუსს, რომელიც კარგად ჟღერს, ხოლო ქვეყნის მმართველი შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე.

„ევროკავშირი მართლაც უფრო რბილად ჟღერს. ასეთი კანონი რომ შემოეღოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გახდეს არა მარტო საქართველოს მოქალაქე, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე, ამას ხომ უფრო მტკივნეულად მივიღებდით? მაგრამ, პრინციპულად ეს ერთი და იგივეა. რა, სომეხი და აზერბაიჯანელი პრეზიდენტი არ გვინდა და გერმანელი და ინგლისელი გვინდა? თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა, რომელსაც ქართულ საზოგადოებას აყენებენ, რომ თურმე შეიძლება საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. ფორმალურად, ჩვენს რეალობაში შეიძლება უახლოეს წლებში (ლაზიკა რომ აშენდება დაახლოებით იმ პერიოდისათვის) რეალური ძალთა ბალანსი იყოს ასეთი, რომ საქართველოს პარლამენტში 150 კაცი ხომ არის, 20 დეპუტატი იქნება ქართველი, 40 თურქი, 60 ჩინელი და დანარჩენ დეპუტატების ადგილს დაიკავებენ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები. ამის დაშვებაც კი წარმოუდგენელია და ამის გაფიქრებაც კი იქნებოდა ძალიან შეურაცხმყოფელი ნებისმიერი თავმოყვარე ერისთვის“, - ამბობს კახა კუკავა.

იგი მიიჩნევს, რომ ნონსენსია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ეს ივანიშვილისთვის კეთდება. თუ ხელისუფლებას სურს, ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს, ამას პრეზიდენტის ერთ ბრძანებულების ერთი ხელმოწერა სჭირდება მხოლოდ. კუკავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სურს ეს ცვლილება ამ კონტექსტში გაასაღოს და სინამდვილეში კარი გაუხსნას საქართველოში არა ქართველების და არა საქართველოს მოქალაქეობის მფლობელი ადამიანების პოლიტიკურ აქტივობას.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ასევე შეეხო ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებს რუსეთთან ომის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთში საქართველოს საკითხი და საქართველოსთან ომი საერთოდ არ არის სერიოზული განხილვის საგანი. უფრო მეტიც, კუკავას თქმით, ამაზე გაიცინებენ გინდ საჯაროდ და გინდ კულუარულად რომ ჰკითხოთ რომელიმე რუს პოლიტიკოსს ან ექსპერტს, მაგრამ თუ ძალიან მოვინდომებთ, შეგვიძლია ისეთივე ხათაბალში გავებათ, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტო.

კუკავა ამბობს, რომ თუ ქართული ხელისუფლების წარმოამდგენლებს აქვთ საშუალო ანტირუსულობის კოეფიციენტი, ბოლო ორ კვირაში ეს კოეფიციენტი გამორმაგებული ან გასამმაგებულია. აქვე იგი დასძენს, რომ აქ არანაირ რუსულ საფრთხეზე საუბარი არ არის, საუბარია სააკაშვილის საფრთხეზე, ანუ შესაძლებელია, წინასაარჩევნო პერიოდში მან მოაწყოს გარკვეული პროვოკაციები რუს სამხედროებთან და ეს თავიდან ბოლომდე ასი პროცენტით იქნება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა.

კუკავა ამბობს, რომ საშინაო პრობლემების დროს ავტორიტარულ რეჟიმს სჩვევია საგარეო პრობლემების წინ წამოწევა.

„ამის დასაბუთება საჭირო არ არის, რადგან საშინაო პრობლემების დროს საგარეო საფრთხის შექმნა ისეთივე ძველი მეთოდია, როგორც საერთოდ ავტორიტარიზმი. მაგალითად, სკოლაშიც ისწავლებოდა, რომ როდესაც 1905 წლის რევოლიცია ხდებოდა რუსეთში, რუსეთის იმპერატორმა დაიწყო ომი იაპონიასთან. ეს იყო იმის კლასიკურ მაგალითად მოყვანილი, როგორ ეძებენ ავტორიტარი მმართველები საშინაო პრობლემების გადაწყვეტას საგარეო საფრთხეების აქტუალიზაციის გზით. ეს მეთოდი სააკაშვილის მოგონილი არ არის. იმის საილუსტრაციოდ, რომ იგი ამ მეთოდს აქტიურად იყენებს, მე გაგახსენებთ 2008 წლის 21 მაისს, როდესაც საქართველოში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, მოხდა ხურჩის ინცინდენტი.

კენჭისყრის დღეს სახელისუფლებო არხებზე საინფორმაციო გამოშვებები დაიწყო არა იმით, თუ რომელი პარტია სად რა აქტივობას ეწეოდა, არამედ იმით, რომ გალის რაიონში აფეთქდა ავტობუსი. მინდა გითხრათ, რომ ამ ავტობუსის აფეთქებას ხელმძღვანელობდა ბატონი სანოძე და შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი და არანაირი რუსული და აფხაზური კვალი იქ არ იკვეთება“,- ამბობს კუკავა.

აქვე იგი საუბრობს საფრთხეებზე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო. მისი თქმით, პირველი საფრთხე არის ის, რომ შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლებამ დააფუძნოს ამ ისტერიკაზე, მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი საფრთხე. კუკავა ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთს უწოდებენ დათვს, რადგან იგი ჯერ არ რეაგირებს რაღაცეებზე, მაგრამ თუ რეაგირებს, ძალიან მწვავედ.

„საქმე იმაშია, რომ ხურჩის ინცინდენტი მათ მოზომეს და ამის შესახებ უკვე საღამოს ეთერებში, როდესაც ეგზიტპოლები გამოქვეყნდა, ხურჩა აღარავის ახსოვდა. მაგრამ თუ ვერ მოზომეს, შეიძლება მოხდეს ისევ ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ამიტომ (მე უკვე აღარ ვიცი, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, მაგრამ თუ ასეთი მეგობრები გვყავს დასავლეთში) დროულად მისცენ დირექტივები და მესიჯები საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამგვარი პროვოკაციის შემთხვევაში არ დაიცავენ სააკაშვილს. ბევრს უყვარს ამ ფრაზის ციტირება, რომ სააკაშვილს კვერცხებით ჩამოკიდებას უპირებენ. ამიტომ მას პირდაპირ უნდა უთხრან - თუ კვერცხებით ჩამოგკიდებენ, არ დაგიცავთ. ეს არის ერთადერთი, რაც სააკაშვილს შეაკავებს და საქართველოს დაიცავს ამ პროვოკაციისაგან“, - აცხადებს კუკავა.

რაც შეეხება შეიარაღებული ფორმირებების საკითხს, კუკავა შეეხო ბოკერიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერია.

აქვე კუკავა ამბობს, „ბოკერიამ განაცხადა - რა გამოვიძიოთ, ზუგდიდის რაიონში ერთ სახლში 7-8 კაცი რომ ცხოვრობსო? არ მესმის, რატომ არ უნდა გამოიძიონ ეს ფაქტი. ზუგდიდში გეი ოჯახები ცხოვრობენ? არ არის გამოსაძიებელი, რომ ერთ ოჯახში შვიდი მამაკაცი ცხოვრობს? იმ რეგიონში დაბადებული არ ვარ, მაგრამ იქ გავიზარდე და მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამეგრელოს არც ერთ სოფელში და რაიონში შვიდ-შვიდი მამაკაცი თითო ოჯახში არ ცხოვრობს. როდესაც ასეთი რამ არის აღმოჩენილი, შეიძლება არავინ დასაჯო იმისთვის, რომ შვიდ მამაკაცს ერთად ცხოვრება მოუნდა, მაგრამ ეჭვის საბაბი და გამოძიების დაწყების საფუძველი ეს ნამდვილად არის“.

კუკავას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ამ პროცესს ლეგალიზება გაუკეთოს და დაარქვას მას რეზერვი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ზონდერ-ბრიგადები და მეტი არაფერი.

კახა კუკავა გამოეხმაურა ასევე პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი მისიის ჩამოყვანის შესახებ. კუკავას თქმით, ეს მისიები ჰგავს იმას, რომ მიგიწვიონ რაღაც საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთში ან რუმინეთში, რომელსაც ჰქვია „უსაფრთხოება სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპაში“, მაგრამ ძალიან კარგად იცი, რომ იქ გასართობად მიდიხარ, თუ ფული გეყო „შოფინგსაც“ მოსაწრებ, თუ არადა, ყოველ შემთვევაში, კაფეში მაინც დაჯდები მეგობრებთან ერთად და გაერთობი. ასეთივეა ეს სადამკვირვებლო მისიები. ისინი საქართველოში მოდიან გასართობად.

„როდესაც ჩვენს აქტივისტს დააკავებდნენ, ან სადღაც ყალბ ბიულეტენებს დავიჭერდით, ანუ, როდესაც გვჭირდებოდნენ, არ მახსოვს, რომ რომელიმე მათგანი მოსულიყოს და რაღაცას მართლა დაკვირვებოდა. ნანახი მყავს ეს ხალხი, ოთხი საათის შემდეგ გადათხლეშილი მთვრალები ჰყავდათ ნაციონალებს მოყუჩებულები სხვადასხვა რესტორნებში, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამდენად, აქ მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რამდენი დამკვირვებელი ჩამოვა, არამედ იმას, თუ ვინ იქნება „სუპერვაიზერი“, ანუ თვითონ ამ მიზიის ზედამხედველი.

როგორც წესი, ეს არის ხოლმე ამერიკელი კონგრესმენი (ბოლო არჩევნებზე ეს იყო ჰასტინგსი), რომელიც მოხსენებას წერს წინასწარ, ანუ არჩევნებამდე. თუ ამერიკელი კონგრესმენი დაწერს, ჩვენ უნდა ვიყოთო აღშფოთებულები, ეს დამკვირვებლები მონახავენ უამრავ მიზეზს, რატომაც უნდა იყვნენ აღშფოთებულები. თუ კონგრესმენი დაწერს თავის მოხსენებაში, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად, ეს დამკვირვებლებიც დაწერენ ინფორმაციებს ცალკეული უბნებიდან, როგორ კარგად ჩატარდა არჩევნები. რა თქმა უნდა, გამოჩნდება ერთი-ორი პატიოსანი დამკვირვებელი, რომელიც დაწერს იმას, რაც იყო, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის.

ამდენად, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეუთოდან 200 დამკვირვებელი ჩამოვა თუ ხუთასი, ეს არ არის გადამწყვეტი. რუსეთში ხუთი დაკმვირვებელი ჰყავდათ, მაგრამ რატომღაც დაადგინეს, რომ პუტინმა დემოკრატია ფეხქვეშ გათელა. საქართველოში კი 400 დამკვირვებელი ჰყავდათ, საერთოდ არ არსებულ უბნებზე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ რატომღაც მათ ეს ვერ დაადგინეს. უფრო მეტიც, საერთოდ ნონსენსი მოხდა მაშინ საქართველოში, დიტერ ბოდენმა გერმანიის რადიოს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ ასეთი გაყალბებული არჩევნები მთელს მსოფლიოში არ უნახავს, მაგრამ დასკვნაში, რომელიც ამის შემდეგ დაიდო, ეწერა, რომ ეს იყო ძირითადად ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარებული არჩევნები. ეს არის რეალობა და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როგორიც იქნება თეთრი სახლის პოზიცია, ისეთი იქნება ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა“, - აცხადებს კახა კუკავა.

აქვე იგი ამბობს, რომ თეთრი სახლისთვის დღეს არსებული სტატუს-კვო არის მისაღები და ამაში არის ლოგიკა. კუკავას თქმით, მას ვაშინგტონში ჰყავს მეგობრები, ვისაც აზრს ეკითხება ხოლმე და ამაზე დაყრდნობით იგი ამბობს, რომ სანამ სააკაშვილი რაიმე შეცდომას არ დაუშვებს საქართველო - ამერიკის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება.

აქვე კუკავა ამბობს - „არ ვიცი რა უნდა დააშავოს მან საშინაო პოლიტიკაში ისეთი, რომ თეთრი სახლი აღშფოთდეს. ალბათ ერთი - ორი ოპოზიციის ლიდერი უნდა გაატყავოს და ტყავი გასაშრობად გაკიდოს რუსთაველის გამზირზე, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ თეთრი სახლი შეფასებას გააკეთებს. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ.“

კუკავას თქმით, საქართველოში პრეზიდენტის შეცვლა მოხდება მხოლოდ ისეთი კანდიდატურით, რომელიც მისაღები იქნება ამერიკისთვის და რომელიც მთლიანად შეინარჩუნებს პროამერიკულ კურსს. ასევე მას მიაჩნია, რომ ამერიკა ზრდილობიანად ამცნობს ამ კანდიდატურის შესახებ რუსეთს და სავარაუდოდ, რუსეთისთვისაც ეს კანდიდატურა უფრო მისაღები იქნება, ვიდრე სააკაშვილი.

„ივანიშვილის კანდიდატურა კი არის მხარდაჭერილი იმისათვის, რომ მან შეცვალოს საპარლამენტო ოპოზიციაში ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა, ანუ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. ეს არის მათი შეთავაზება, დაგიწერენ 11%-ს, ივლით საზღვარგარეთ, გექნებათ შეხვედრები და ნუ მოკლედ ყველაფერი ის, რასაც ვუკეთებდით თარგამაძეს, გაგიკეთებთ თქვენც და როდესღაც ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ცხადია, რომ ამ არჩევნებში შეერთებულ შტატებს არანაირი ცვლილების გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თუ რაღაც საიდუმლო „პლან-ბარბაროსა“ აქვთ შენახული და ჰილარი კლინტონის და ობამას გარდა ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, მაშინ, ნუ, არც მე ვიცი. იმ რეალობის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, ეს არის ფაქტი. მესმის, რომ წყალწაღებული ყოველთვის ხავსს ეკიდება.

ჩვენი საზოგადოება ეხლა არის იმ ვითარებაში, როდესაც უნდა ვთქვათ, რომ ლუის ნავარომ ეს კვლევა ამერიკის მთავრობის დაკვეთით კი არ გამოაქვეყნა, არამედ თურმე ეს კვლევა შვედების ფულით ყოფილა დაფინანსებული და იმიტომ დაიწერა ეს შედეგი. რაღაც პატარა კვალიფიკაცია გამაჩნია ამ სფეროში და შემიძლია ვთქვა, რომ ლუის ნავარო არ არის ზესტაფონის გამგებელი, რომ სადღაც რესტორანში წაიყვანო, დაათრო და მერე სასურველი დასკვნა დააწერინო. ის ციფრები, რომლებიც გამოქვეყნდა, მინიმუმ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან არის შეთანხმებული.“- აცხადება კუკავა.