„ნუ იქცევით რეზინის შტამპად“

„ნუ იქცევით რეზინის შტამპად“

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ცარიელ დარბაზში განხილვა ახალი ამბავი არ არის. ეს ტრადიცია არც დღეს დაირღვა და 26 მაისისთვის პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხის განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში დაიწყო.

თავდაპირველად დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ სამი წევრი იჯდა და ოპოზიციიდან „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი, მაგდა ანიკაშვილი. თუმცა, როგორც კი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, მან სხდომათა დარბაზი დატოვა და მხოლოდ საკითხის დასრულების შემდეგ დაბრუნდა.

ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ ამ შემთხვევაში გამოსვლა არ სურდათ და არც ის უნდოდათ, რომ დარბაზში ვინმე მჯდარიყო, რათა შემდეგ ვინმეს არ ეთქვა, რატომ ხმა არ ამოიღეთო.

სამაგიეროდ, დარბაზში ჯონდი ბაღათურია შევიდა და ხათუნა გოგორიშვილს, რომელიც ამ კანონპროექტის ავტორია, მოსთხოვა, განემარტა, თუ ერთი სხდომისთვის რატომ ხდება კანონის შეცვლა.

გოგორიშვილმა კი დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა არ არის და ა.შ.

როგორც გოგორიშვილი განმარტავს, კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლით, პარლამენტის ადგილსამყოფლად ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული, თუმცა აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შედის, რაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება. მისივე თქმით, მოქმედი პარლამენტის ადგილისმყოფელის შესახებ კონსტიტუციაში არაფერი წერია.

გოგორიშვილმა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი 26 მაისს ქუთაისში დაგეგმილ პლენარულ სხდომას უკავშირდება და ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ ისიც აღნიშნა, რომ ქუთაისში მშენებარე შენობის ის ნაწილი, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზს მოიცავს, 26 მაისისთვის მზად იქნება.

ჯონდი ბაღათურია მას არ ჩამორჩა და მოუწოდა, რომ პარლამენტმა თავმოყვარეობა გამოიჩინოს და „პრეზიდენტის ნებისმიერი ხუშტური თვალდახუჭულმა არ შეასრულოს“.

ჯონდი ბაღათურია: „ჯერ ერთი, მინდა, გითხრათ, რომ ნამდვილად არის კონსტიტუციის დარღვევა, რადგან დედაქალაქიდან პარლამენტის გადატანა კონსტიტუციის დარღვევაც არის და ანომალიაც. ხვალ რომ ხასიათზე მოვიდეს და თქვას, 1-ლ მაისს ზუგდიდში უნდა ჩავატაროთ სხდომაო, ზუგდიდში სასწრაფოდ პარლამენტის შენობა უნდა შევაკოწიწოთ? შეიძლება, პარლამენტმა იმაზე იაროს, ქარი საიდან დაუბერავს?

ახლა გადატანის ერთად-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა ვერ შეიკავა თავი, ვერ იანგარიშა და თქვა, რომ 26 მაისს სხდომას ჩაატარებდა და მთელი საზოგადოება გაუგებრობაში ჩააგდო, როდესაც განაცხადა, რომ 26 მაისს სხდომას ჩავატარებთო და ახლა, რადგან ეს თქვა, ერთი კაცის ხასიათზე (ცუდ ხასიათზე იყო თუ კარგ ხასიათზე თუ პახმელიაზე, ეს თქვენ არკვიეთ), უნდა ვიაროთ და ამის გამო, თურმე, ჩვენ აქეთ-იქით უნდა ვირბინოთ. ეს რა დამოკიდებულებაა?

მე მახსენებდა „დათა თუთაშხიადან” ერთი მომენტი, როდესაც ერთ-ერთი გმირი ამბობს მეორეზე, „არ ჩანს ეგ კაცი ჭკვიანი და დაგღუპავსო“. გეუბნებით, ეს კაცი ცუდ რამეს შეგვყრის. შესაძლოა, ახლა მე უტრირებას ვახდენ, მაგრამ ხვალ რომ თქვას, ახლა ბათუმში მინდა სხდომის გამართვაო, რა ვქნათ, პარლამენტი უნდა ვარბენინოთ იქით-აქეთ? სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. პარლამენტი ვართ თუ რა ვართ?“

ამის შემდეგ მან საკონსტიტუციო ცვლილება გაიხსენა, რომლითაც ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

„ამას მხოლოდ ერთი ნორმატიული აქტი უნდოდა და იმის გამო, რომ თავად შეცდომა დაუშვა დ ამის აღიარება არ უნდა, კონსტიტუცია უნდა ვცვალოთ? მართლა რეზინის შტამპი ხომ არა ვართ, რასაც ხშირად წერენ პარლამენტზე?” - განაცხადა ბაღათურიამ.

ამის შემდეგ კი უკვე ვრცლად „პრეზიდენტის ამ ახირებაზე“ ისაუბრა.

ჯონდი ბაღათურია: „რეგლამენტში ამ ცვლილების შეტანა არის სრულიად უკანონო და ამას კამათი არ უნდა. რაც შეეხება 2012 წლიდან პარლამენტის გადატანას, ესეც ასევე უკანონო და ანომალიური აქტია, რომელიც დაკავშირებულია უფრო პოლიტიკურ მომენტთან და არა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ახირებასთან. იმიტომ, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ, რომელმაც აქამდე ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა, ახლა გაყალბების გზით ცდილობს ხელისუფლების მიტაცებას. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ათი ათასობით და ასი ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და ვფიქრობ, თბილისის ქუჩებში ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვა. სააკაშვილს სწორედ ეს აქვს ჩაფიქრებული, რომ ქუთაისში ნახევარი მილიონი ადამიანი საერთოდ არ ცხოვრობს და რამდენიმე ათასზე მეტი ვერ შეგროვდება.

ბატონო დავით, ჩვენ ხომ გვახსოვს, როდესაც 9 აპრილის აქციები იყო, პარლამენტის წევრთა უმრავლესობას შემოსვლა ეშინოდა და ვეძებდით ადგილს სხდომების ჩასატარებლად. მაშინ კონსტიტუცია ამის უფლებას არ გვაძლევდა და ამიტომ შემოგვაქვს ეს ნორმა და დარწმუნებული ვარ, თქვენ და ბევრი თქვენი კოლეგა ქუთაისშიც ხალხს თავს ძალიან მალე მოაბეზრებთ, საქმე გასაქცევად გექნებათ და მერე ვიაროთ ასე, რიგრიგობით ქალაქებში. ერთი კარავი ვიყიდოთ და სადაც მიტინგი იქნება, იმ ადგილს გავეცალოთ, ვარბენინოთ ეს კარავი და იქ ვატაროთ ეს სხდომები, სადაც აქცია არ იქნება.

შეიძლება, ერთი დღისთვის ამის გაკეთება? თანაც თქვენ ამბობთ, რომ მშენებლობა დასრულებული არ არის. ერთმა კაცმა რაღაცა რომ თქვა, შეიძლება ამის გამო თავი გავიმასხარაოთ? არ შეიძლება, ამ კაცს ავუხსნათ, რომ კანონი და კონსტიტუცია რას ეუბნება, რომ მერე კანონში და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ დაგვჭირდეს?

მოგიწოდებთ, ნუ ჩაიგდებთ ისეთივე მძიმე მდგომარეობაში თავს, როგორც წინა სხდომაზე ჩაიგდეთ, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნას არ დაუჭირეთ მხარი და ამით ხელი დააფარეთ დანაშაულს, რაც თავის მხრივ დანაშაულია. ეს დანაშაული არსად არ დაიმლება და ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მაინც მოუწევს და თქვენ ყველა, ვინც ამ კომისიის შექმნაზე უარი თქვით, გაიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბაღათურიას მოუწოდა, რომ 26 მაისს პარლამენტის სხდომების ქუთაისში ჩატარებას ნუ ეწინააღმდეგება.

„ბატონო ჯონდი, ქუთაისში თუ აპირებთ ჩასვლას, ყველაზე რეალური შანსი 26 მაისს გაქვთ და ინიციატივას ნუ ეწინააღდმეგებით,“ – მიმართა დავით ბაქრაძემ ბაღათურიას.

ბაღათურიას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილიც გამოეხმაურა.

„ბატონო ჯონდი, თქვენი ბოლო 2–3–თვიანი კასტინგი იმისკენ არის მიმართული, რომ იქნებ როგორმე მოხვდეთ, თქვენი აზრით, ჯერ არაშენებულ პარლამენტში. დანამდვილებით ვიცი, რომ თუ ბედმა გაგიღიმათ და სიაში მოხვდით, პირველი თქვენ იქნებით, რომელიც ქუთაისში იმ შენობაში შესასვლელად ყველას ჩაასწრებს“, – მიმართა გოგორიშვილმა ბაღათურიას.