პრეზიდენტმა კანონი დაარღვია

პრეზიდენტმა კანონი დაარღვია

პრეზიდენტმა კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია. ამჯერად ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნაზე პასუხის გაუცემლობით. 9 აპრილს ის ოთხდღიანი ვადაც ამოიწურა, რომელიც პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით გააჩნდა.

საუბარია იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინა ბურჯალიანის მიერ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლებას ივანიშვილის თხოვნისთვის პასუხის გასაცემად სამ თვეს კიდევ ოთხი დღე უნდა დამატებოდა, რადგან განცხადების შეტანის შემდეგ, რაღაც ხარვეზის გამოსასწორებლად სამდღიანი ვადა მისცეს.

იმის გამო, რომ ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის სახელზე ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით განცხადება 5 იანვარს შევიდა და შემდეგ სამი დღე დაემატა, პრეზიდენტს საბოლოო პასუხი 9 აპრილს უნდა გაეცა. ამასთან, ეს არის ბოლო ვადა.

სხვა საკითხია, პრეზიდენტი რა პასუხს გასცემს და მისი პასუხი იქნება თუ არა სამართლიანი, რადგან ხელისუფლების მიერ „ქრისტიან-დემოკრატების“ მეშვეობით დაწყებული კამპანია - ევროკავშირის მოქალაქეებისთვის პასიური საარჩევნო უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილს უკან დახევა არ სურს.

ცხადია, ეს თავისთავად საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამაზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა. ამ შემთხვევაში საუბარია მეორე პრობლემაზე, რაც პრეზიდენტის მიერ კანონის მორიგ დარღვევაში გამოიხატება.

თხოვნაზე პასუხის გასაცემად კანონმდებლობით განსაზღვრულია კონკრეტული ვადა და პრეზიდენტი ვალდებულია, კანონი შეასრულოს. მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამ თემაზე საუბარიც კი აღარ სურს. ცხადია, ეს განპირობებულია იმით, რომ სააკაშვილს არ სურს, საკუთარი გადაწყვეტილება უკან წაიღოს და ივანიშვილს მოქალაქეობა მისცეს. მაშინ მთელი ამდენი თვის კამპანია, რომ ის მოქალაქეობის ჩამორთმევას იმსახურებდა, წყალში ეყრებათ და ქართულ თუ არა, საერთაშორისო საზოგადოებასთან მაინც მოუწევთ თავის მართლება.

მეორე მხრივ კი, თუკი პრეზიდენტი მას უარს ეტყვის, მაშინ კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ დაასაბუთოს, რატომ უთხრა უარი. უარის სათქმელად მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმები არსებობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ივანიშვილი ან საერთაშორისო ტერორისტი უნდა იყოს, ან ინტერპოლით ძებნილი კრიმინალი და, ან ჩადენილი უნდა ჰქონდეს სამშობლოს წინაშე დანაშაული. ცხადია, პრეზიდენტი ვერც ერთ მიზეზს ვერ დაასახელებს და ამიტომაც არ სურს, მას პასუხის გაცემა.

თუმცა, სააკაშვილს ამას კანონი ავალდებულებს და ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება კონსტიტუციის და კანონის დაცვა.

პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულება არსად არ გამოქვეყნებულა და არც ივანიშვილს გაგზავნია პასუხი. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის პასუხი რამდენიმე დღის შემდეგ ძველი თარიღით არ გამოაქვეყნეს, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი. კანონის დარღვევას კი, წესით, სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს, მაგრამ პრეზიდენტს ვინ გაუბედავს, დასჯას თუ არა, იმის თქმას მაინც, რომ ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტები კანონებს არ არღვევენ.