„ყველაფერი, რაც ამ თვეების განმავლობაში მოხდება, სააკაშვილის „დამსახურება“ იქნება“

„ყველაფერი, რაც ამ თვეების განმავლობაში მოხდება, სააკაშვილის „დამსახურება“ იქნება“

10 მაისს, ევროპარლამენტის დეპუტატების მონაწილეობით, საქართველოს პირველი პოლიტიკური სადამკვირვებლო მისია ეწვევა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა „ქართული ოცნების“ თხოვნა დააკმაყოფილეს და მარტის თვეში გამართულ კონგრესზე შესაბამისი რეზოლუციაც მიიღეს.

დელეგაციის წევრები პირველ შეხვედრას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან გამართავენ, მოგვიანებით კი, ხელისუფლებას შეხვდებიან და დემოკრატიულ საარჩევნო პროცესთა დაცვას მოსთხოვენ.

ამის შემდეგ, უკვე მომდევნო თვენახევრის განმავლობაში, ამ პირველ მისიას სხვა დელეგაციებიც მოჰყვებიან. ამ მიზნით კოალიცია „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ასპარეზზე აგრძელებს საქმიანობას, რათა, რაც შეიძლება, მეტი ფართოპროფილიანი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყნაში.

ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელიც საერთაშორისო ინტერნაციონალისა და ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობას აერთიანებს (მათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრაქცია აქვთ ევროპარლამენტში), ანგარიშგასაწევი ძალაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლიბერალ ინტერნაციონალი აერთიანებს მსოფლიოს ლიბერალ დემოკრატიულ პარტიებს, მათ შორის, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ ბრიტანელ, გერმანელ და ჰოლანდიელ ლიბერალებს, საქართველოში მათი ვიზიტი პოლიტიკური განცხადებებით იქნება აღსავსე.

მანამდე კი „ლიბერალ ინტერნაციონალი“ და, კერძოდ, ევროპის წამყვანი ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური ძალები და პარტიები შეშფოთებულნი არიან იმ პრობლემებით, რაც წინასაარჩევნოდ საქართველოში დაგროვდა. რამდენიმე დღის წინ მათ მიერ მიღებულ რეზოლუციაში პირდაპირაა ნახსენები ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი. ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტის განკარგულებით, 2011 წლის 11 ოქტომბერს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რაც მიერ მიერ პოლიტიკური განაცხადის გაკეთებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოხდა.

ასევე, მისი ბიზნესისა და საკუთრების წინააღმდეგ მრავალი საკანონმდებლო ცვლილება და ადმინისტრაციული ღონისძიება განხორციელდა. ანუ, „ლიბერალ ინტერნაციონალი“ საუბრობს საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ოპოზიციური აქტივისტების დაკითხვასა და ზეწოლაზე და ბოლო ერთი თვის მანძილზე კოალიცია „ქართული ოცნების“ 300-ზე მეტი აქტივისტის დაკითხვა-შეურაცხყოფაზე.

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სწორედ ამ თემებზე პასუხს მოითხოვენ ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებისგან. ასევე, მედიის თავისუფლების შესახებაც გაამახვილებენ ყურადღებას.

„ლიბერალ ინტერნაციონალის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად იზღუდება მედიის თავისუფლება. ამიტომ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ანტიდემოკრატიული მოვლენების განვითარების გამო და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამართლიანი და კონკურენტული გარემო უზრუნველყოს.

ამ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, თინა ხიდაშელმა მოითხოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნოს ოფიციალური მოწვევის ტექსტები, რომლებიც მათ გაუგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებს - ეუთოს, ევროპარლამენტს და სხვა სადამკვირვებლო მისიებს, რათა კიდევ ერთხელ შეცდომაში არ შეიყვანონ ქართული საზოგადოება.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში, რა ფარგლებში გაიგზავნა მოსაწვევები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიმართ,“ - აღნიშნა ხიდაშელმა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების თანხმობა 2012 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების წარმოგზავნის თაობაზე, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგია.

Presage.tv თინა ხიდაშელს ესაუბრა.

- ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანი ე.წ. პოლიტიკური სადამკვირვებლო მისიების ჩამოყვანაა, რომლებიც, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი ან ორი თვით ადრე ჩამოდიან ხოლმე. ჩვენ გვაქვს ევროპის ლიბერალური პარტიების პირობა, რომლებიც დღეს ევროპის სამი დიდი ქვეყნის (დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის) ხელისუფლებაში არიან, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ უმასპინძლებს 20-25 კაციან დელეგაციას ევროკავშირის პარლამენტების წევრთა შემადგენლობით, რომლებიც საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად ესტუმრებიან. მათი მიზანი მარტივია, საქართველოში შექმნილ პრობლემებს ადგილზევე გაეცნონ. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისგან“ ყველა პრობლემის შესახებ შეიტყობენ, სავარაუდოდ, მათ მაღალი დონის შეხვედრები ექნებათ საქართველოს ხელისუფლებასთან. გვექნება შანსი, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებთან კონსულტაციით იმაზე მეტ შედეგს მივაღწიოთ, ვიდრე დღეს გვაქვს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თავის დროზე გერმანიის „მარშალის ფონდის“ წარმომადგენლების ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად გაუგებარი მიზეზებით უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე. რა გარანტიაა, რომ ევროპარლამენტის დელეგაციასაც ასე არ მოექცევიან?

- ამის არანაირი გარანტია არ არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, ევროპარლამენტის დეპუტატებთან მიმართებაშიც ასეთ უტვინო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ეს ხელისუფლება და ჩემი განცხადების მიზანიც ესაა, რომ როგორმე ხელი შევუშალოთ ამ ტიპის განვითარებას. ევროპარლამენტის დეპუტატები პოლიტიკოსები არიან და, შესაბამისად, მათი განცხადებების დიდი ნაწილიც პოლიტიკური იქნება.

თვის ბოლოს ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. სავარაუდოდ, მას ბიძინა ივანიშვილთანაც ექნება შეხვედრა...

- არა, ჯერჯერობით, მისი ვიზიტი და თარიღი დადასტურებული არ არის, ამიტომ, სანამ ეს არ დადასტურდება, ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების ერთ-ერთ საშუალებად ხელისუფლება მის მიერ გამოცდების ჩაბარებას ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნაში განიხილავდა და „ჩაჭრის“ შემთხვევაში, მისთვის ჩრდილის მიყენებას აპირებდნენ. ამ ვერსიის შესახებ რას გვეტყვით?

- სხვათაშორის, ამის შესახებ პირველად მე განვაცხადე. დავით დარჩიაშვილთან დებატების დროს ვკითხე მას, თუ კანონს ასე დეტალურად იცავთ, რატომ არ იბარებთ გამოცდაზე ენასა და ისტორიაში-მეთქი?! ის მაშინვე მიხვდა და მითხრა, რა იყო, ცირკი გინდა მოვაწყოთო?! რა თქმა უნდა, მათ ასეთი რამ არ გაუკეთებიათ.

წინა კვირას „ამომრჩეველთა ლიგა“ შეიქმნა. ეს ხომ არ ამყარებს მოზარებას, რომ მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესი და ამ თემის გააქტიურება ისევ დაიწყოს?

- არ ვიცი, ამომრჩეველთა ლიგა შეიქმნა, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლევან გაჩეჩილაძე, ამაზე პასუხი არ მაქვს.

რამდენად ქმედითი იქნება „ამომრჩევეთა ლიგა“ წინასაარჩევნო პერიოდში? მათი ოფიციალური განაცხადით, ამ საზოგადოებრივმა მოძრაობამ არჩევნებისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად.

- არავითარი ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ მაქვს. ეს ადამიანები არიან საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მსურველი სრულიად ლეგიტიმური პირები. იმ ფორმით, რა ფორმითაც გადაწყვეტენ, მე მათ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. ახლა, მეორე საკითხია, რამდენად მივესალმები ან არ მივესალმები. ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული, თუ რამდენად ქმედითი იქნება მათი მცდელობა საპალამენტო არჩევნებისთვის. ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა.

ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ დაიახლოვა „ეროვნული ფორუმი“ და გუბაზ სანიკიძე, რომ ისინი არ წასულიყვნენ მესამე პოლიტიკურ ცენტრში ნინო ბურჯანაძესა და ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად.

- ეს ერთმანეთთან არაფერ კავშირში არაა.

საგარეო ფაქტორსაც შევეხოთ. ხელისუფლება რუსეთთან ომის თემით ყოველთვის აპელირებს. როდესაც დასჭირდებათ, რუსეთი უმალ საომარ საფრთხედ იქცევა. თქვენ თუ ხედავთ ამის პირობას სააკაშვილისა და ვაშაძის განცხადებების შემდეგ, რომ საქართველო გულუბრყვილო უნდა იყოს სამხედრო აგრესიის განმეორების შესაძლებლობა რომ გამორიცხოს.

- რა თქმა უნდა, როდესაც გყავს მეზობელი, რომლის სამხედრო ძალებიც შენი ტერიტორიის შუაგულში არიან შემოჭრილნი და მათი დროშები ფრიალებს, ამტკიცო და იძახო, რომ არანაირი საფრთხე არსაიდან არ გემუქრება, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო. რაც შეეხება არსებობს თუ არა დაუყოვნებლივი და ამ წუთიერი საფრთხე, ამას მე ვერ ვხედავ, რადგან დღეს, ძალიან გამწვავებული საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე, იმავე ირანის ფაქტორის გათვალისწინებით, არა მგონია და ნამდვილად არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ღია და ფართომასშტაბიანი ბრძოლა დაიწყოს რუსეთმა. ისე, თუ მაინცდამაინც საფრთხეზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი საფრთხე ჩემი სამშობლოსთვის მიშა სააკაშვილია და ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ, რადგან ყველაფერი, რაც საქართველოში შეიძლება მოხდეს ამ თვეების განმავლობაში, მისი „დამსახურება“, მისი მოქმედებების შედეგი იქნება და მას შეუძლია, ვითარება გააფუჭოს და გაამწვავოს.

ამისთვის, შეიძლება, საომარი ვითარებაც დასჭირდეს?

- ის როგორც მოიქცევა, დიდწილად, ამაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ამ ქვეყანაში.

ვახტანგ კომახიძის ინფორმაციასთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ. თქვენმა კოალიციამ შვეიცარიაში მყოფ ჟურნალისტთან სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა, რაც მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს.

- სერიოზულად მიუდგა თუ არა, ამას ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩვენი წარმომადგენელი დაბრუნდება. ამ საკითხს სერიოზულად მივუდექით იმიტომ, რომ, როდესაც ასეთი რამ ვრცელდება, თავისთავად, შეუძლებელია, იგნორირება გაუკეთო, თუკი იცნობ ამ ხელისუფლებას. მაგრამ ინფორმაცია რამდენად სერიოზულია, ეს გამოჩნდება.

იქნებ, ეს სპეციალურად შემოგდებული თემაა და ვახტანგ კომახიძეც გამიზნულად შეიყვანეს შეცდომაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ამით მაინც გააჩერონ? ამ ვერსიას გამორიცხავთ?

- ამით ვერ გააჩერებენ, ამიტომ გამოვრიცხავ.

და ბოლოს, NDI-ს კვლევა საქართველოში შეშფოთების საფუძველი გახდა. გაიხსენეს ასეთი პარალელებიც, რომ მუბარაქის მმართველობის პერიოდშიც მსგავსი გამოკითხვები ტარდებოდა, მაგრამ ის რეალობასთან აცდენილი იყო, რადგან ტოტალიტარულ ქვეყნებში ასეთი გამოკითხვები აზრს კარგავს.

- ასეთი შემთხვევები რეალურია. როდესაც არათავისუფალ ქვეყნაში ცხოვრობს ადამიანი, სადაც ძალიან მაღალია ზეწოლა და იმის ალბათობა, რომ ადამიანი, რომელიც კარზე გიკაკუნებს, კუდის თანამშრომელია, ან კიდევ უარესი, რასაკვირველია, ცდილობ, შენი პოლიტიკური სიმპათიები მაინცდამაინც ტელევიზიით არ გამოაცხადო. ეს გასაგებია. ამიტომაც ნახევრად დესპოტურ და არათავისუფალ ქვეყნებში კვლევები, პრაქტიკულად, ყოველთვის და ყველა შემთხვევაში, რეალობის არაადექვატურია. ეს ძალიან ბევრჯერ დამტკიცდა საქართველოს მსგავსი ქვეყნების მაგალითზე. მთავარი ის არის, არჩევნების დღისთვის რამდენად მოხერხდება, მოქალაქე, რომელიც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მიდის, თავისუფალი იყოს შიშისა და საფრთხეებისგან. თორემ, კვლევაში სწორ პასუხს გასცემს თუ არა, ამას დიდი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.