„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შეცდომები და წარმატებები

„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შეცდომები და წარმატებები

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, დაპირისპირებული პოლიტიკური ცენტრების ორთაბრძოლა სულ უფრო მწვავე ფაზაში შედის, თუმცა საზოგადოებისათვის ბოლომდე მაინც აუხსნელი რჩება, ამ წინასაარჩევნო მარათონში, ვისი უპირატესობა იკვეთება, მმართველი გუნდის თუ პოლიტიკაში ახლადშემოსული ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული კოალიციის.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ლოკალურ ბრძოლებში ხან ერთი ხან მეორე პოლიტიკური ცენტრის უპირატესობა იკვეთება, ორივე მხარეს არის შეცდომები, მაგრამ რომელი გუნდი გაუძლებს ბოლომდე ნერვების ჭიდილს, - პოლიტიკური ბრძოლების დიდი გამოცდილების მქონე ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აკრძალულ ილეთებსაც შესანიშნავად ფლობს, თუ პოლიტიკაში ახლად შემოსული პოლიტიკური ძალა, რომელმაც, როგორც ამბობენ, მმართველ გუნდს საკუთარ თავზე კონტროლიც კი დააკარგვინა, ამას მოგვიანებით შევაფასებთ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომებსა და წარმატებებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:

- ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ფურორი მოჰყვა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ზოგიერთები შეცდომად უთვლიდნენ, თუმცა იმდენად შეცდომად არა, რამდენადაც გაუთვლელ ნაბიჯად მისი იურიდიული სამსახურის მუშაობას. ისიც ითქვა, რომ ივანიშვილი ისეთ სიტუაციაში არ უნდა ჩაეყენებინათ, მისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ და ამისგან თავი სამართებლივად უნდა დაეზღვიათ.

მაგრამ, თუ სააკაშვილმა მას მოქალაქეობა მიანიჭა, ასეთ შემთხვევაში, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო შეცდომა, არამედ ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომელმაც ივანიშვილს საშუალება მისცა, მთელი ამ თვეების განმავლობაში, ოქტომბრიდან მოყოლებული აპრილამდე, ყოველგვარი დაძაბვისა და განსაკუთრებული პიარსტრატეგიული ტაქტიკის გარეშე ყოფილიყო მუდმივად ყურადღების ცენტრში.

მეორეა ის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ივანიშვილს ხელისუფლებისთვის შეექმნა იმიჯი, რომ მან თავის ძირითად კონკურენტს არაკანონიერი მეთოდებით დაუწყო ბრძოლა.

მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე ოფიციალური უარი ჯერ არ უთქვამს, თუმცა იუსტიციის სამინისტროს განცხადების საფუძველზე დიდია მოლოდინი, რომ სააკაშვილი ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამასთანავე ქვეყნის კონსტიტუციაში სასწრაფო წესით შედის ცვლილება, რაც ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად ჩართვის საშუალებას აძლევს. ასეთ შემთხვევაში რომელი გუნდის გამარჯვებასა თუ მარცხზე შეიძლება იყოს საუბარი?

- თუ ივანიშვილს მოქალაქეობა დაუბრუნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მისი პირველი და ყველაზე სწორად და ეფექტურად გათვლილი პიარ-ნაბიჯი, რამაც როგორც აღვნიშნე, საშუალება მისცა, მთელი ამ თვეების მანძილზე ხელისუფლებისთვის და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს თემა წითელი ნაჭერივით ეფრიალებინა...

ამასთანავე, ამ საკონსტიტუციო ცვლილებამ ივანიშვილის რანგი განუზომლად ასწია, იმიტომ, რომ ამით სააკაშვილმა დააფიქსირა - ამ კაცს მოქალაქეობას კი არ აძლევს, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა, არამედ ამ ადამიანისთვის ის იძულებულია, კონსტიტუცია შეცვალოს.

ასეთი რამ, რომ კონსტიტუცია შეცვლილიყო, 2003 წლიდან გვახსოვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონსტიტუცია იცვლებოდა სააკაშვილისთვის. სააკაშვილმა თავად დაუშვა ის პრეცედენტი, რომ კონსტიტუციას ცვლის ერთი ბიძინა ივანიშვილისთვის. ვფიქრობ, თუ ნაციონალები ამას კარგად გაიაზრებენ, ეს გაცილებით წამგებიანია მათთვის.

თუმცა კოალიცია კვლავ მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს და არ ყოფილა შეფასება, რომ მათ მაინც მიიღეს რაც სურდათ... მეორე მხრივ, ამ ნაბიჯით ნაციონალებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი არ დათმობენ...

- რაც შეეხება მეორე მხარეს, ეს უკვე ტექნიკისა და ივანიშვილის პოლიტ-ტექნოლოგების საქმეა, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ეს როგორც გამარჯვება. იმიტომ, რომ მათ ფაქტობრივად მიიღეს ის, რაც უნდოდათ. შედეგის თვალსაზრისით მიიღეს ყველაფერი, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოქალაქეობის სახელი არ ჰქვია.

თუმცა შევხედოთ რიგითი ამომრჩევლის თვალით: ამით სააკაშვილმა თავისი იმიჯი დაიცვა. 10 ადამიანი რომ გააჩერო, უმრავლესობას არ ეცოდინება, რომ ივანიშვილს აძლევენ ყველაფერს, რაც მას უნდოდა და თუ რა რეგისტრში აიყვანეს ივანიშვილის ფიგურა ამ პროცესით. სამაგიეროდ, ასევე უმრავლესობას ეცოდინება, რომ მას მოქალაქეობა არ მისცეს. პიარული თვალსაზრისით, ამ ეტაპზე იგებს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ შინაარსობრივად, რაც მოხდა, ამით ცალსახად მოგებულია ივანიშვილი, თუ ისინი შეძლებენ ამის სათანადოდ გაპიარებას.

სააკაშვილს ისიც შეეძლო, ივანიშვილისთვის საკმაოდ მარტივად დაებრუნებინა მოქალაქეობა, ან საერთოდ არ ჩამოერთმია, დასავლეთი ამას გაცილებით მეტად დაუფასებდა. კოალიცია კი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მას მოუწევდა საკუთარი თავის გასაპიარებელი თემების ძებნა, რომ ეს ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი როგორმე ბოლომდე მიეყვანა...

- ეს არის პირდაპირი გამოხატულება იმ მოულოდნელობისა და აფექტის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ გამოიწვია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რამაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული შეცდომები დააშვებინა, თუნდაც იგივე მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩვეული შემოქმედობითობა შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის თუ საარჩევნო სტრატეგიების განსაზღვრის საკითხში.

აქედან გამომდინარე, ძირითადი მესიჯი, რაც ხელისუფლებიდან მოდის ამ წუთას და ვეღარ უხვევს იმ როლიდან, რომელიც თვითონვე მოირგო, არის ძლიერებაზე დამყარებული მისი იმიჯი - ანუ, მე ვარ ძლიერი და ამ ძლიერებასთან გამკლავება გაუჭირდება საზოგადოებას.

თუმცა, რეალურად, აქ დიდ როლს თამაშობს შიშის ფაქტორი, ანუ ფაქტობრივად ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით გამოწვეულ შიშს ხელისუფლებამ დაუპირისპირა ისეთი ტაქტიკა, რომ თვითონ ეს შიში გამოიყენა იარაღად საზოგადოების წინააღმდეგ - მე კი მეშინია ივანიშვილის, მაგრამ საზოგადოებას ეშინია ჩემი.

დაუშვათ ასეთი რამ, - „ნაციონალურ მოძრაობას“, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გააკეთა ეს პოლიტიკური განცხადება, მიეწვია ის სათანამშრომლოდ. ეს იქნებოდა სრულიად მოულოდნელი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც მეტ ფორას მისცემდა ნაციონალებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დაუშვათ ასეთი სცენარი, რომ სააკაშვილს ეთქვა: შენ ხარ ის ადამიანი, ვინც წლების მანძილზე მხარს უჭერდა ჩემს რეფორმებს, რომელიც წლების მანძილზე აფინანსებდა მათ და ფაქტობრივად იყო ჩემი თანამოაზრე ამ პროცესში, კი ბატონო, მერე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკითხებზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დღესაც ერთად დავსხდეთ, კვლავ შევაჯეროთ ჩვენი მოსაზრებები და ისევ ერთად მივხედოთ ამ ქვეყანას. ეს უფრო შედეგიანი იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისევე ჩემი და შენი იმიჯისთვის. - ეს რომ მომხდარიყო, რაც დღევანდელი გადასახედიდან ძალიან რთულად წარმოსადგენია, მთავარი კოზირი, რაც თვითონ შეუქმნა ხელისუფლებამ ივანიშვილს, ფაქტობრივად ორ პოლუსად დაყოფა საზოგადოების, აღარ იქნებოდა.

ანუ, ის სურათი რაც დღეს გვაქვს, არ შეიქმნებოდა. პირიქით, გაყოფილი საზოგადოება და მაქსიმალურად მაღლა აწეული დაპირისპირების მუხტი ამ ტიპის მიდგომას შეიძლებოდა დაეგდო და გაენეიტრალებინა. სააკაშვილის მხრიდან თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელის შემთხვევაში, ივანიშვილს შეეზღუდებოდა ლავირების საშუალებაც. ივანიშვილი ასე მკვეთრად დაპირისპირებულ მანტიას ვეღარ მოირგებდა ვერც დასავლეთის და ვერც ქვეყნის შიგნით საზოგადოების თვალში: მე კი გამოვედი ჩემი ოპოზიციური მოტივებით ასპარეზზე, მაგრამ აგერ ადამიანი მთავაზობს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მოდი ერთად დავსხდეთ და ისევ ერთად მივხედოთ ამ ქვეყანასო. რეალურად, სააკაშვილისგან რომ ესეთი ტაქტიკა წამოსულიყო, ეს იქნებოდა აბსოლუტურად მოულოდნელი, როგორც თავად ივანიშვილისთვის, ასევე დასავლეთისთვისაც.

ანუ სახეზე იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური ძალების ურთიერთობის სრულიად ახალი მოდელი. თუმცა, ისევ ვიმეორებ, ივანიშვილის გამოსვლისთვის ხელისუფლება მზად არ იყო. ვერ გეტყვით ხელისუფლებაში განიხილებოდა თუ არა საერთოდ მსგავსი სცენარი. რომ არა აფექტი, ხელისუფლება გაცილებით უფრო მოქნილი იქნებოდა თავის სტრატეგიებში. დღეს ის არჩევანში შეზღუდულია: მან თვითონ შექმნა ორი დაპირისპირებული პოლუსი და თავისივე შერჩეული როლიდან ვერ გამოდის. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე არსებით შეცდომად მიმაჩნია.

თუმცა, რაც შეეხება ლოკალურ ბრძოლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველა მეთოდი გამოიყენოს და საზოგადოების თვალში გამარჯვებულად დარჩეს. ეს ლოკალური ბრძოლები ისე მიმდინარეობს, რომ საზოგადოება დაბნეულია, ზოგიერთ შემთხვევაში კარგად ვერც კი ხვდება, სინამდვილეში რა ხდება. გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რა დოზითაც სურს, იმ დოზით ავრცელებს ინფორმაციას, მაგრამ მოვლენების დამატებითი ანალიზი არც ოპოზიციის მხრიდან კეთდება...

- რაც შეეხება ლოკალურ ბრძოლებს, ავიღოთ იგივე „ქართუ ბანკის“ თემა, „კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და ა.შ. როგორც კი დასავლეთის მხრიდან მკვეთრი რეაქციები წამოვიდა, ხელისუფლებამ უკან დაიხია. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის „კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ, სადაც საკმაოდ თვალსაჩინო ცვლილებები შევიდა და ამას ოპოზიციაც არ უარყოფს. როგორ გამოჩნდება იგივე აშშ-ის თვალში ხელისუფლების ეს უკანდახევა, როგორც წაგება, თუ როგორც მოგება ეს სხვა რამ არის.

კი ბატონო, სააკაშვილი შეეცადა, შეეზღუდა ოპოზიციის სივრცე ამ კონკრეტული და კიდევ სხვა ქმედებებით, მაგრამ როგორც კი დასავლეთმა მას ამაზე მიანიშნა, მაშინვე უკან დაიხია. ანუ ამ ტიპის დათმობებით დასავლეთის თვალში ეს ხელისუფლება ისეთ იმიჯს იქმნის, რომ ის არის ის ძალა, რომელთანაც კვლავ შეიძლება მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული თანამშრომლობა.

თუ ოპოზიციის გადასახედიდან შევაფასებთ, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ლოკალური გამარჯვებები ხელისუფლებაზე, მაგრამ მთავარია რამდენად იქნა ამომრჩევლამდე მიტანილი ეს როგორც გამარჯვება, ანუ რამდენად არის ინფორმირებული საზოგადოება ამ „გამარჯვებების“ შესახებ.

გამოდის რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ქმედებების ამომრჩევლამდე მიტანის პრობლემა აქვს. თუმცა სწორედ ქართველი ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას...

- სასურველია, რომ ამ პრიზმიდან შეხედონ პროცესებს: გასაგებია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი სუბიექტური მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ მათი გამარჯვების წინაპირობა არის ის, რამდენად აღიქვამს საზოგადოება ამა თუ იმ მოვლენას ვიღაცის გამარჯვებად, ან ვიღაცის მარცხად და არა მათი სუბიექტური წარმოდგენები და სურვილები.

არც ერთ სხვა ქვეყანაში, სადაც ფერადი რევოლუციები მოხდა, ვერ შენარჩუნდა პროამერიკული ხელისუფლება. დარჩა ერთადერთი საქართველო, თავისი გახმაურებული და კარგად გაპიარებული რეფორებით. ამერიკისთვის საქართველოს ამ იმიჯის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. იმისათვის რომ ამ მოდელმა თავისი სახე შეინარჩუნოს, ამერიკას სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ საქართველოში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელსაც მსოფლიო აღიარებს.

ანუ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკას თვითონ სჭირდება საქართველოში გამჭვირვალე არჩევნები...

- თუ სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარდება არჩევნები, საქართველო მართლა ფენომენი და მაგალითი იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის იმ კუთხით, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც რეალურად ერთადერთმა მთელ ამ სივრცეში, ტრანსფორმაცია განიცადა. კიდევ ვიმეორებ, ეს იმ შემთხვევაში -თუ არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარდება. თუ არ ჩატარდება ასეთ გარემოში, მაშინ აშშ-ს პოზიციას გადაწყვეტს ის, თუ როგორი იქნება ქართველი ხალხის რეაქცია: თუ ხალხი შეეგუება, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამერიკა სიტუაციის გამწვავებას მოერიდება და დათანხმდება იმ სტატუს-კვოს, რომელსაც ოფიციალურად აღიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ამერიკის პოლიტიკური ელიტის გადამწყვეტ ნაწილში უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს განწყობა, ვისი ხილვა სურს საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ საბოლოო სიტყვას, არჩევნების შემდგომ, მაინც ქართველი ამომრჩეველი იტყვის.

როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი რამდენად შეეგუება პოზიციის დათმობას?

- საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებისთვის ამერიკის კეთილგანწყობა არის პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი. როგორც ბოლო თვეებმა აჩვენა, ამერიკის პოზიციას ბევრ საკითხში გაითვალისწინებენ. როგორ არჩევნებს ჩავატარებთ საქართველოში, დიდწილად დამოკიდებულია, რამდენად მოისურვებს ამერიკა საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში ის ეცდება, მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემო შექმნას დემოკრატიული არჩევნებისთვის. ამ შემთხვევაში უკვე ოპოზიციაზე, კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, რამდენად შეძლებს გახდეს აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ფავორიტი. ჩვენ მოგვწონს თუ არა, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ზუსტად აცნობიერებს.