„ქვეყანას უდგებიან პასტით, ფურცლით და კალკულატორით

„ქვეყანას უდგებიან პასტით, ფურცლით და კალკულატორით"

ფოთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა. დღესვე, კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ჟვანიამ და კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა შარტავამ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა თემურ ნერგაძემ და ფიდო საყვარელიძემ, ფოთის ოფისის ხელმძღვანელი, ფრიდონ კვარაცხელია საზოგადოებას წარუდგინეს. მანამ კი, პრეზენტაციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

ფრიდონ კვარაცხელია, პროფესიით ექიმია და შეთავაზება, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მისი პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე მოხდა.

კვარაცხელია, ამ დროისთვის არ აკონკრეტებს თუ ვინ ექნებიან წარმოდგენილები ფოთის ოფისში და ამბობს, რომ ძირითადად კანდიდატები კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიებიდან აირჩევიან, დანარჩენები კი მსჯელობის შემდეგ შეირჩევა.

„ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ იძულებული გავხდი ეს ნაბიჯი გადამედგა. მთავრობამ მოახერხა ის, რომ ჩემნაირი ადამიანი კაბინეტიდან გამოიყვანა და წაიყვანა პოლიტიკაში”, - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის პრიორიტეტებზე მსჯელობა არ ყოფილა და კონცენტრაცია არჩევნებზე კეთდება.

გიორგი ჟვანიას განცხადებით, დღეს ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია ძალაუფლება.

„ქვეყანას უდგებიან პასტით, ფურცლით და კალკულატორით. მათ ეს ქვეყანა კერძო საწარმო გონიათ, სადაც, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით უფრო მეტი მოგება უნდა მიიღო. ის, რომ ამ ქვეყანაშიც ცხოვრობენ ადამიანები და მათაც სჭირდებათ ნორმალური საარსებო გარემო, ამაზე ეს ხელისუფლება არ ფიქრობს“, - განაცხადა ჟვანიამ.

ჟვანიამ presage.tv-სთან კომენტარი, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება და პირადად ქვეყნის პრეზიდენტი, პატარა ბავშვის პოზიციაშია.

„მას არ უნდა აღიაროს, რომ ბიძინა ივანიშვილს კანონიერად ეკუთვნის მოქალაქეობა. ამას გარდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მას არ შეუძლია აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა და იძულებულია ათასგვარი ხრიკი მოიგონოს, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთი მხრივ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას არ დაემთხვეს მოქალაქეობის აღდგენა“, - აცხადებს გიორგი ჟვანია.

„ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარემ კახა შარტავამ, კოალიციის ფოთის ოფისის გახსნა, ქალაქის პრობლემებისგან განთავისუფლების წინაპირობად დაასახელა. მისი განცხადებით, ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც გამოიწვია იმ ძალების თავმოყრამ, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანაზე.

„ამ ისტორიულმა პროცესმა მოითხოვა პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც განასახიერებს იმ პოზიციას, სადაც უნდა მივიდეს საქართველო“, - აღნიშნა კახა შარტავამ.