მწვანე ლობიო ღამის ქოთანში - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

მწვანე ლობიო ღამის ქოთანში - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ქართულ ინტერნტფორუმებზე, ერთმანეთისადმი ფაშისტების ძახილი კვლავ მოდაშია. მთავარია, ვინ ამკვიდრებს ამ “მოდას“. წინა კვირის ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა შალვა რამიშვილის მცირე წერილით მინდა დავიწყო. ეს წერილი სოციალურ ქსელ – “ფეისბუკზე“ დაიდო, შემდეგ კი, ინტერნეტფორუმებზეც გავრცელდა. აი რას წერს შალვა:

“როგორც პუბლიკას მოეხსენება, ჟურნალ “ტაბულას” მესვეურებმა “ბნელეთის მოციქულის” მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟის მარდამჭერ წერილზე 182 ხელმომწერი გამოაცხადეს ფაშისტად. ამ შავ სიაშიც მეც ვარ.

დღეს ვკითხულობ გულაშვილის გაზეთის “ჯორჯიან თაიმისის” 7 ოქტომბრის ნომერს. მე-7-ე გვერდზე არის საინტერესო რუბრიკა “მალხაზ გულაშვილზე ისინი ამბობენ რომ...” ამ სათაურის ქვეშ მოყვანილია რამოდენიმე ე.წ ცნობადი სახის აზრი გულაშვილზე: თუ ვინაა ხსენებული პირი, რა გაუკეთებია და რა დამოკიდებულება აქვთ მისდამი. ჯუმბერ პატიაშვილი, დავით სოკოლოვი და მსგავსი პოლიტ. ორიენტაციის ბატონები რას იტყოდნენ მალხაზზე - გასაგებია. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ! მე აღმოვაჩინე რომ ჩვენი, ანუ ფაშისტთა რიგები უკვე მოქმედი ხელისუფლების წევრებითაც შეივსო. აბა ვნახოთ რას ამბობს “ექტრემისტ” გულაშვილზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამ ხელისუფლების წევრი გიგი წერეთელი:

“მალხაზს დიდი ხანია ვიცნობ. იგი ყოველთვის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. მალხაზს ყოველთვის შეიძლება გააჩნდეს შენგან განსხვავებული შეხედულება, თუმცა ეს არასდროს აისახება ადამიანურ ურთიერთობებზე. მე ვიცი, მალხაზი კიდევ არაერთხელ გაგვაკვირვებს თავისი ნოვატორული იდეებით. მინდა ვუსურვო მას დიდი წარმატებები საქმიანობაში”.

იქვეა კალიბრით მომცრო, მაგრამ მაინც “ნაც. მოძის“ წევრ დეპუტატის – კობა ხაბაზის სენტიმენტებგარეული სიტყვები :

"რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი ნაოჭიც არ უნდა მოგვემატოს სახეზე, მალხაზი ჩემთვის ისევ იმ ბიჭად დარჩება, გაბრწყინებული თვალებით, რომელიც გულწრფელად იბრძოდა უკეთესი საქართველოსათვის”.

როგორც იტყვიან, კაი მამაპაპური სადღეგრძელოს სიტყვებია. ამასთან, როგორც გაზეთი იუწყება, ეს აზრი მალხაზზე რესპონდენტებმა დღეს (ანუ ახლა) გამოთქვეს.

ახლა რა ვქნათ ქ–ნო თ. ჩერგოლეიშვილო და კომპანია? მივაწეროთ ეს ხალხი ფაშისტებს თუ ბრიყვებს და გულუბრყვილოებს? იქნებ გაარკვიოთ შიგნით? არა, თუ თქვენ არ გენანებათ ჩვენ ჩვენს რიგებში სიამოვნებით მივიღებდით გიგის. კობა კი არ გვინდა, ძალიან კომიკური ფაშისტი იქნება“.

მე უკვე ვხვდები, რომ არის ჩემში რაღაც ისეთი... ფაშისტურ–ბეყერული. უფრო მეტად ალბათ მაინც ბეყერული..

პრესა.გე–ს სტატიაზე სახელწოდებით, “მთავრობამ მესტიაში ”მშრალი კანონი” შემოიღო” ჩვენი მომხმარებელი – დიმიტრი წერს:

“ამ ქვეყანას ნეობილოშევიკები მართავენ. რა ტურისტული ბიზნესი, რის სვანების კეთილდღეობაზე ფიქრი? ქართველების მონებად გადაქცევა უნდათ. ვის მოგიბრუნდებათ ენა ხელისუფლების ეს ქმედება გამართლოთ რამენაირად. სტატიის ავტორი ძალიან კარგადაც წერს, რომ ამ ხელისუფლების მენტალიტეტს კიდევ ერთხელ აშიშვლებს. რას ქვია ჭამა-სმაზე წერა არც შეიძლებაო. სვანებს მამა-პაპის დანატოვარ მიწებს და კოშკებს ართმევენ და თვითონ ისაკუთრებენ. ფხიზელი სვანი კიდევ თავშეკავებული და ზრდილია, ხოლო თუ დალია მაშინ შეიძლება თავიც შეაკლას ვინმეს. ყველა ვაჟკაცი ასეც უნდა მოიქცეს თუ წიანაპართა მიწას შეგიბილწავენ და ადათს შეგიგინებენ. 

გორბაჩოვის დროს, როცა მშრალი კანონი შემოიღეს, კახეთის ერთ სოფელში ინციდენტი მოხდა, სრულიად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. მთელი სოფელი მისტიროდა. ქელეხის სუფრა გაიშალა. ყველას ბურთი ყელში ჰქონდა სიმწრისგან გარდაცვლილის გამო. ქელეხში უბნის ინსპექტორი მოვიდა. ძალიან უხიაგი კაცი იყო და ჭირისუფლებს უკმეხად უთხრა, აქ ღვინო არ დავინახო სუფრაზე, თორემ დაგაპატიმრებთო. 

უთხრეს: კაცო, აქ ვინ უნდა დათვრეს ამ ბიჭის ცოდვით. მხოლოდ ქართული წესით შესანდობარი უნდა ვუთხრათო. ინსპექტორმა როგორ ჩემს სიტყვას არ ასრულებენო, და გაბრაზებულმა, იქვე მდგარ ხორცის ქვაბში ნავთიანი ბოთლი ჩააგდო. ინსპექტორი იმავე ადგილზე დააკლეს იმ ქვაბს“

ჯერ ისე ხომ ისედაც “კარგად“ გვაქვს საქმე და ახლა ერთი ნავთიანი ბოთლიღა გვაკლია...

სვანებისათვის დალევის აკრძალვის თემას ბევრი სხვა გამოხმაურებაც მოჰყვა.

გეორგია: “პრობლემა აქ არის მენტალიტეტში. მუშების უმეტესობა ისედაც ლოთია და რაც მეტ ფულს დაზოგავენ, მეტ ფულს მიიტანენ ოჯახში. მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხს, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტების მოზიდვა ხდება. სტატიას რაც შეეხება, მგონი ჟურნალისტმა დრო დაკარგა ამ თემაზე წერით. ჯობდა სხვა აქტუალურ თემებს დაუთმოს ყურადღება. ისე რა ჯობია ქვეყნისთვის სვანეთი გაკეთდეს, თუ 10 მუშა იყოს მთვრალი ყოველ საღამოს. მე პირადად ქვეყნის აღმშენებლობა მირჩევნია ისევე როგორც უამრავ ქართველს“.

რას ქვია ყველა მუშა ლოთია? ეს რაღაც ახალია, მგონი...

სტატიასთან დაკავშირებით: “საქართველო: სააკაშვილის სწრაფვა ახალი კონსტიტუციისკენ დავას იწვევს“, მკითხველი მეტსახელად: ტანგლი-ტუნგლი ამბობს:

ტანგლი-ტუნგლი: “რუსეთში პუტინმა გარისკა, არ შეუცვლია თავის თარგზე კონსტიტუცია და ისე გახდა პრემიერ-მინისტრი. ჩვენთან სიტუაცია უარესადაა! თუ რუსეთში ერთი კაცისთვის (პუტინისთვის) არ იკადრეს და სხვათაშორის არც პუტინს არ შეეშინდა იმის გამო რომ ხდებოდა პრემიერ-მინისტრი გადაესხვაფერებინა კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ, ჩვენთან ეს მოხდა. ამიტომ, ნურავინ ნუ ადარებს ჩვენ სიტუაციას რუსულს. ჩვენთან სამწუხაროდ “ბოტსვანიზაცია” უფრო მაღალ ხარისხშია აყვანილი“.

შეადარებ თუ არ შეადარებ, ამას რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რაც ჩვენი სახლის ფანჯრებიდან მოსჩანს. დაახლოებით ამასვე ამბობს, ერთ–ერთი ჩვენი მიკითხველიც.

თამაზი: “რა თქმა უნდა პუტინი შედარებით სამართლიანად მოიქცა, ხელი არ ახლო სახელმწიფოს უმაღლეს კანონს. მიშას საქციელს გამართლება არ აქვს. მას ქვეყანა საბავშო ბაღი ჰგონია. 7-წლის მანძილზე 2-ჯერ შეცვალა კონსტიტუცია.ეს არის უხამსობა, ნაგლობა,ქვეყნის კანონების არაფრათ ჩაგდება.

აშშ-ში 300-წლის მანძილზე, კონსტიტუციაში მხოლოთ რამდენიმე შესწორება შევიდა; მიშაზე ათი თავით ძლიერი პეზიდენტები ყოლია, მაგრამ ქვეყნის უმაღლეს კანონს ყველა პატივს სცემს. ჩვენი ცხვირმოუხოცავი პრეზიდენტი კი კანონებს, პირადი სარგებლობისთვის ლამის ყოველ დღე ცვლის. თავი უკვე საქართველოს მეფე ჰგონია“.

მეფე არა ის კიდევ... მიშამ ყველაზე კარგად იცის ვინცაა და რაცაა... 

ჩვენი პორტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მკითხველი – გურამ სანადირაძე, ესმაურება სტატიას, “მოსკოვში ჰილარი ქლინთონის განცხადებებით იმედგაცრუებულნი არიან“

გურამ სანადირაძე: “ჰილარი კლინტონის განცხადებას, ჩემი აზრით, იგივე ღირებულება აქვს, რაც პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებადობის შესახებ. ეტყობა ორივე ობკომმა, როგორც ვაშინგტონისამ, ისე მოსკოვისამ გადაწყვიტეს მიშას გაშვება (შეიძლება სინქრონულად, შეიძლება არასინქრონულად), და ახლა ორივენი ცდილობენ საქართველოში თავიანთი მომხრეების გამხნევებას, აქაოდა, პრობლემებს მოგიგვარებთო.

 სინამდვილეში კი, ვერც ერთი და ვერც მეორე პრობლემას ვერ გადაგვიწყვიტავს. თუ რამეს გააკეთებენ, მხოლოდ სათავისოს. ჩვენი პრობლემები ჩვენ თვითონვე უნდა გადავწყვიტოთ. უბედურება ისაა, რომ ამის უნარი არც ერთ ხილულ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია“.

შალვა ნათელაშვილს არ უთხრათ, პრობლემების გადაწყვეტის უნარი არ გაგაჩნიაო, თორემ, ვაი–უშველებელი მერე უნდა ნახოთ თქვენ.

ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას? ძველი და თანამედროვე მამათა და შვილთა ბრძოლა.

დიდოუ ნანა: “ალბათ ბევრმა იცით, რომ მეცხრამეტე საუკუნეში გრიგოლ ორბელიანმა ომი გამოუცხადა ახალგაზრდა ლიბერალთა თაობას – ილია ჭავჭავაძეს და მის თანამოაზრეთა დასს. ის და ბევრი მისი თანამოაზრე ვერ ეგუებოდა ქართულ სინამდვილეში სიახლისა და ნოვაციების დამკვიდრებას როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ ფონზე და ამის გამო სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა იქნა გამოცხადებული ახალგაზრდა რეფორმატორების მისამართით. 

ცნობილია ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის მიმოწერები, მათ შორის გამოირჩევა (ღ)ენერლის ლექსი “პასუხი შვილთა”. ამ ლექსში ორბელიანი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ახალგაზრდა ლიბერალებს, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ის მონობისკენ მოუწოდებს მათ:.

ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი, როცა პროტესტი გამოვთქვი ამ საკითხზე და მასწავლებელმა რომ ვერაფრით გაამართლა ორბელიანი, გარდა იმისა, რომ “გელაქუნი” და “ტოლუბაში” მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებებად წარმოაჩინა, გაბრაზებულმა გაჩუმება და დაჯდომა მომთხოვა. 

მოკლედ, მეჩვენება, რომ დღესაც იგივე ხდება. საბჭოეთში გაზრდილი და საბჭოური კულტურით ნაკვები უფროსი თაობა ვერ ეგუება ცვლილებებს, რომელიც მეტად და მეტად აშორებს საქართველოს რუსეთისგან და კნავის განწირული ხმით. ბრალდებებიც, რომლებსაც ორბელიანი უყენებს “შვილებს”, გასაოცრად წააგავს ზოგიერთ დღევანდელ რიტორიკას“

ამ მოსაზრებების დიდ ნაწილს მეც ვიზიარებ, ოღონდ ცოტა არ იყოს მეშინია. მეშინია იმის, რომ მავანი უსაქმურები მომივარდებიან და “დიდი გრიგოლ ორბელიანის“ გაბიაბურებას დამწამებენ. თუმცა, რაღა დამწამებენ... ვაბიაბურებ და ისაა...

გრძელდება ლადო ვარძელაშვილის “საქმიანი ვოიაჟები“ საზღვარგარეთ ცოლთან ერთად.

ლაზარე: “ყველამ ვიცით,რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი გაუგებრობის გამო, საქმის გასარკვევად მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სასწრაფოდ იაპონიაში გაემგზავრა. მაგრამ, ეტყობა მეუღლეც ხელს გააყოლა...

“როდესაც სამსახურებრივ საქმეზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა უწევს, შეძლებისდაგვარად, მეც თან მივყვები.ახლახან, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოში ვიყავით წასული” – ამბობს ირინა ონაშვილი,ვარძელაშვილის მეუღლე...

მაინტერესებს, ისეთი რანგის ჩინოვნიკს, როგორიც ვარძელაშვილია, აქვს თუ არა უფლება საქმიან შეხვედრებზე თან იახლოს მეუღლე? რა თქმა უნდა ბიუჯეტის ხარჯზე. ეს ერთი და, მეორე – სწორია ვარაუდი, რომ ვარძელაშვილი იაპონიაში ჩავიდა არა საქმისთვის, არამედ მეუღლის გასასეირნებლად?“

და რა გინდათ ლადოსგან? კაცმა დროშა აფრიალა ვარდების რევოლუციის დროს და იაპონიაშიც აღარ წავიდეს? 

სვეტიცხოვლობა დღეს, პრეზიდენტმა მცხეთის სალობიე დააჯილდოვა – რაც ჩვენ აქ პური გვიჭამიაო...

Tevzi1: “სალობიეს დაჯილდოვებაზე დოდო აბაშიძის მონაწილეობით, ერთი ფილმი გამახსენდა. დოდო სოფლის თავჯდომარე რომაა და ზურიკელა რომ საღორეს აშენებს, მე მგონი “უდიპლომო სასიძოა”.

მერე სხვა ფილმის გმირი რაიკომის მდივანი მომაგონდა გეგმის წარმატებული შესრულებისათვის, მთელი პრესა რომ ჰყავს მობილიზებული, არ მახსოვს კინოს სახელი.

ეს მიშა მე მგონი დაბერდა, ისე უცებ დაბერდა და მოტყდა, ედიკა გამახსენდა სიბერეში რომ დაჰყავდათ აქეთ იქეთ და არ იცოდა რას აკეთებდა“ 

არადა, ხომ იცით რომელიცაა ეს მცხეთის სალობიე?! გაზინტლული მაგიდები, მუყაოს ხელსახოცები და კოკა-კოლას ბოთლებში დაფასოებულ პილპილი... ეს ყველაფერი – პირველად ევროპაში!

და ერთიც: იმ ფილმს კი ჰქვია “უდიპლომო სასიძო”, და ფერმასაც მართლა აშენებენ, მაგრამ იმ ბიჭს სულაც არ ჰქვია ზურიკელა, ხოლო დოდო აბაშიძის გმირი თავმჯდომარე კი არ არის, არამედ – სოფლის სულელია და მეტსახელად “გენიოსას” ეძახიან