„მარეგულირებელო - არეგულირე! ნუ ზღუდავ!“

„მარეგულირებელო - არეგულირე! ნუ ზღუდავ!“

Presage.tv -ს (For.ge) პრეს-კლუბში დღეს მედიაგაერთიანების შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე გაერთიანების წევრებმა იმსჯელეს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ტელეკომპანია „თრიალეთის“ დაჯარიმების და კომპანია „გლობალ თი-ვი“-ზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარეგულირებელმა კომისიამ „თრიალეთი“ 5000 ლარით დააჯარიმა მის მიერ სატელევიზიო სიხშირის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით. ტელევიზიის დამფუძნებელი ბადრი ნანიტაშვილი ამ ფაქტს აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან დამოუკდებელ ტელეკომპანიაზე ზეწოლას. იგივე აზრის არიან მედიაგაერთიანების წევრებიც და სწორედ ხელისუფლების ამ უკანონო ქმედების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ presage.tv-ს პრეს-კლუბში.

რაც შეეხება კომპანია „გლობალ თი-ვი“-ს, მისი ქსელიდან გაითიშა ქართული ტელეარხები - „რუსთავი2“, „იმედი“, „მზე“, და „საქართველო“. ამასთანავე, მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიისგან მოითხოვა რუსულ ტელეარხ ТНТ-ს გათიშვა, რასაც „გლობალ თი-ვი“ მასზე ხელისუფლების ზეწოლას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს მის ქსელში ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჩართვას უკავშირდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას სურს ქართული სატელევიზიო ბაზრიდან გააძევოს „გლობალ თი-ვი“.

მედიაგაერთიანების წევრები ტელეკომპანია „თრიალეთს“ და კომპანია „გლობალ თი-ვი“-ს მხარდაჭერას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებზე ზეწოლის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით უნდა იბრძოლონ. აქედან გამომდინარე, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხუთშაბათს, 12 აპრილს 14.00 საათზე ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შენობის წინ გაიმართება მედიაგაერთიანების აქცია სლოგანით „მარეგულირებელო არეგულირე! ნუ ზღუდავ!“.

მომავალი აქციის და მედიაგაერთიანების სამომავლო საქმიანობის შესახებ, გაერთიანების ერთ - ერთი წევრი, ტელეკომპანია „მაესტრო“-ს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გვესაუბრება.

მამუკა ღლონტი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხუთშაბათს ორ საათზე მარეგულირებელი კომპანიის შენობის წინ ვაწყობთ აქციას. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც შედიან ამ მედიაგაერთიანებაში. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგს გამოიღებს ჩვენს მიერ მიღებული ეს ზომები, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რადგან არ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება და იგივე მედია იყოს არა ქმედითი. ამაზე მეტყველებს IREX-ის ბოლო ანგარიში მედიასთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში მოყვანილია ყველა ის ფაქტები, რომლებსაც მედია აპროტესტებდა, თუნდაც, - ფოტორეპორტიორების საქმე. იმის თქმა მინდა, რომ მედიის ამგვარი აქტივობა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხვდება და შემდეგ ბუმერანგივით უბრუნდება ხელისუფლებას ყველა ის ზეწოლა, რასაც ის მედიაზე ახორციელებს.“

რაც შეეხება მედიაგაერთიანების მიზანს, მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ეს არის მედიასაშუალებების მიერ ერთმანეთის დაცვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ზეწოლისგან, უკანონობისგან და ყველა იმ აღმაშფოთებელი ფაქტისგან, რაც ხდება.

ღლონტის განცხადებით მედიაგაერთიანებაში შემავალ ნებისმიერ სუბიექტზე ზეწოლა აღიქმება, როგორც ზეწოლა მთლიან ორგანიზმზე და ამიტომ გაერთიანებაში შემავალი ყველა ორგანიზაცია ასეთი ფაქტებზე ერთად მოხდენს რეაგირებას.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე შემუშავებული იქნება პეტიცია, როგორც ტელეკომპანია „თრიალეთთან“, ასევე „გლობალ თი-ვი“-სთან დაკავშირებით. ამ პეტიციას აქციაზევე მედიაგაერთიანების ყველა წევრი მოაწერს ხელს და შემდეგ ეს პეტიცია გაეგზავნება როგორც მარეგულირებელ კომისიას, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსსაც.