ნებიერად მოსული გაზაფხული და ივანიშვილის მოქალაქეობა

ნებიერად მოსული გაზაფხული და ივანიშვილის მოქალაქეობა

საქართველოს ხელისუფლებას დღეს 17.00 საათზე ეწურება ვადა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭება - არმინიჭების საკითხის გადაწყვეტისა. სანამ საბოლოო პასუხს გაიგებდა ივანიშვილმა გააკეთა სპეციალური განცხადება, რომ 21 აპრილს ის, როგორც საქართველოს მოქალაქე დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას სახელით „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო“. ხოლო უფრო მოგვიანებით კოალიცია ჩამოყალიბდება ბლოკად „ივანიშილი - ქართული ოცნება“. ივანიშვილის განცხადებით, იგი დარჩება ამ ბლოკის ლიდერად და ასევე იქნება აღნიშნული ბლოკის პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი.

„ნახეთ გაზაფხული რა ნებიერად მოვიდა, ასე ნებიერად გაზაფხული იშვიათად მოდის საქართველოში, თითქოს ჩემს ხასიათზე მოერგო წლევანდელი წელიწადი. გპირდებით, რომ როგორც ნებიერად და ლამაზად მოვიდა გაზაფხული, უფრო უხვი და მოსავლიანი შემოდგომა გვექნება და გპირდებით, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველი ხალხი მოისურვებს.

ჩვენ ნელ-ნელა წამოვწევთ ქართველი ხალხის სულისკვეთებას. გარწმუნებთ ჩვენს გუნდს აქვს კონკრეტულად გაწერილი პროგრამა. ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ ერთი-ორი კვირის შემდეგ ქართველი ხალხის სულისკვეთების წამოწევას. ჩვენ ნელ-ნელა ვაიძულებთ ძალადობას უკან დაიხიოს და სააკაშვილის ძალადობა ვეღარ გამოყენოს ასე ჩვენმა პოლიციამ. გპირდებით, რომ შემოდგომისთვის ჩვენ ისეთ სიტუაციას მოვიტანთ, რომ ქართველებს აღარ ექნებათ შიში, ისინი თავისუფლად და ლაღად მოვლენ და გააკეთებენ თავიანთ არჩევანს. ჩვენ უარს ვიტყვით მოძალადე სააკაშვილზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ვრცლად და ქრონოლოგიურად ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა დეტალზე, შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომლებიც კონკრეტულად მის და მისი ბანკის წინააღმდეგ იქნა მიღებული, ასევე ისაუბრა სასამართლოზე, პოლიციაზე, სოსო ქიმერიძის საქმეც გაიხსენა და საბოლოო დასკვნის სახით განაცხადა - „ყველაფერი ეს იმის ბრალია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის - სააკაშვილის გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდება ქვეყნის მართვა“. ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი ძალადობს სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებზე, რომლებიც უკვე შემდეგ ძალადობენ საქართველოს მოსახლეობაზე. აქვე ივანიშილმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ახლო ურთიერთბა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, იგი ცდილობდა პრეზიდენტზე ისეთი გავლენა მოეხდინა, რომ მისი დადებითი მხარეები წამოეწია წინ. დღეს კი ივანიშვილი სააკაშვილს საშუალებას აძლევს თავისი ნეგატიური მხარეები წარმოაჩინოს.

„როდესაც სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ვცდილობდი მისი ადამიანური თვისებები წამომეწია წინ. ადამიანურად ძალიან გულით მინდოდა მას პოზიტივი გამოეყენებინა მისი ხასიათიდან და ისე ემართა ჩემი სამშობლო, ჩვენი საქართველო. ნაწილობრივ, ალბათ, რაღაც შევძელი და მოვახერხე და როგორც დავშორდით ერთმანეთს, დაახლოებით თქვენ იცით.

ეხლა რაც მოვედი პოლიტიკაში, ისევ ვცდილობ ამ 6 თვის განმავლობაში ისე მოვიქცე, ისე მივმართო მას, რომ მან მაქსიმალურად სწრაფად და კარგად გამოაჩინოს საკუთარი სახე და მე მგონი, ამაში ჩემი დამსახურება, ჩემი ცოდნის, რომ ჩვენ მოვახერხეთ კარგად დავინახეთ მისი სახე მოკლე დროში. მე მგონი საქართველოში აღარავის დარჩა ილუზია, ვინ არის ეს კაცი, როგორი კაცი მართავს ქვეყანას და რომ ერთი კაცის ძალადობას განიცდის მთელი ქვეყანა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი კი საუბრობს სამოქალაქო რეესტრის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ივანიშვილს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, თუმცა კბილაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი, ქართული კანონმდებლობის თანახმად, მას შეუძლია გაითვალისწინოს თავისი ერთ-ერთი სამსახურის, ანუ სამოქალაქო რეესტრის დასკვნა და შეუძლია ამ დასკვნისგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს დასკვნა არის მხოლოდ რეკომენდაცია პრეზიდენტისთვის და მას არაფერზე ავალდებულებს.

კბილაშილმა ასევე ახსნა, თუ რატომ არ მიმართეს სამოქალაქო რეესტრს ივანიშვილის ადვოკატებმა მისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. კბილაშვილის თქმით, როდესაც პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე დ ითხოვს საქართველოს ორმაგ მოქალაქეობას, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია თავისი ნება-სურვილის შესაბამისად გადაწყვიტოს ეს საკითხი, ანუ შეუძლია პირს მისცე ორმაგი მოქალაქეობა და შეუძლია - უარი უთხრას ამ თხოვნაზე. ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში კი, კბილაშვილის განცხადებით, ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ პირის მოთხოვნა.

„ამდენად, ჩვენ მივიღეთ სრულიად სწორი გადაწყვეტილება და წავედით სწორი გზით, როდესაც მოვითხოვეთ ერთმაგი მოქალაქეობა ნატურალიზაციის წესით, რადგან ჩვენ ვალდებულების რეჟიმში ჩავაყენეთ საქართველოს პრეზიდენტი“ - ამბობს არჩილ კბილაშვილი.

აქვე მან ახსნა განსხვავება ერთმაგ და ორმაგ მოქალაქეობას შორის. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არ აქვს უფლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერ - მინისტრი. თუმცა კბილაშვილის თქმით, მათ ამიტომ არ მოუთხოვიათ ივანიშილისთვის ნატურალისაციის წესით მოქალაქეობის მინიჭება. მათი ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულების რეჟიმში ჩაეყენებინათ, რათა მას უარის თქმის არგუმენტი არ ჰქონოდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც მოგახსენეთ, ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს 17.00 საათზე უნდა გახდეს ცნობილი. ივანიშვილი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ 21 აპრილს იგი საქართველოს მოქალაქე იქნება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამ ყველაფერს კი დაემთხვა საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის განცხადება, სადაც იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ივანიშვილს მოქალაქეობა მისცენ.

„შეერთებული შტატების მთავრობა მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის დაკარგვა ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები არის ისეთი რამ, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული კანონის წინაშე თანასწორობის გათვალისწინებით. ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად“ - აცხადებს ჯონ ბასი.

ვნახოთ, ყველაფერ ამის გათვალისწინებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი, დრო არ ისე ბევრია.