რა არის საჭირო დღევანდელ საქართველოში მოქალაქეობის მისაღებად?

რა არის საჭირო დღევანდელ საქართველოში მოქალაქეობის მისაღებად?

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ეს-ესაა დაასრულა ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს შავი ზღვის ამ ორ სახელმწიფოს შორის ერთობლივ ენერგეტიკულ და საექსპორტო პროექტებთან დაკავშირებული კავშირების ზრდას. ბორისოვმა, როგორც ამ პოლიტიკური დაახლოების სიმბოლომ, საქართველოს მოქალაქეობა და ქართული პასპორტი საჩუქრადაც კი მიიღო.

მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ყველასთვის ასეთი იოლი არ არის. 2011 წლის ოქტომბერში მთავრობამ მილიარდერს და ოპოზიციონერ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. (ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიენიჭა, მაგრამ მთავრობის განცხადებით, ის გაუქმდა იმის გამო, რომ მოგვიანებით ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახდა). მოქალაქეობა საჭიროა საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრისა და პოლიტიკური პარტიის შექმნისთვის. მას შემდეგ, ის და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლეგიტიმურობის ირგვლივ მიმდინარე ბრძოლაში მოექცნენ. სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ივანიშვილს (რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა) კრემლთან დაახლოებულ პირად წარმოაჩენენ.

2012 წლის 30 იანვარს, Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში, ივანიშვილი მთავრობაზე, მის აგრესიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას „სუპერ-ცენტრალიზებული, ფაქტობრივად ნეო-ბოლშევიკური მმართვის სტილი“ აქვს. მთავრობა დაადანაშაულეს ასევე 2012 წლის მარტში პოლიტიკური დაფინანსების გამოძიების პროცესში ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფის „ქართული ოცნების“ წევრების დაშინებაში.

ივანიშვილმა მოქალაქეობის დაკარგვა სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ 2011 წლის დეკემბერში პროცესი წააგო. 2012 წლის 5 იანვარს, მან განაცხადი მოქალაქეობის აღდგენაზე შეიტანა, და კანონის თანახმად, ხელისუფლებამ მას 3 თვის განმავლობაში უნდა უპასუხოს.

საბოლოო ვადა ამ კვირაში ხუთშაბათს იწურება, და მხოლოდ დროის საკითხია ის, თუ როდის შევიტყობთ ამ ქართული (პოლიტიკური) დრამის გაგრძელებას.

ამავდროულად, ივანიშვილს და (ყველა ჩვენგანს) ალბათ აპატიებენ იმით დაინტერესებას, თუ როგორ შეძლო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ასე სწრაფად მოქალაქეობის მიღება.
foreignpress.ge