სახელმწიფო ბიუჯეტი ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის სადარაჯოზე

სახელმწიფო ბიუჯეტი ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის სადარაჯოზე

საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. მართალია, ამას არ აღიარებენ, მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე ნაციონალური მოძრაობის ფართო პიარ კამპანიას. ამას ემატება ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერების შევიწროვება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის და ა.შ. ყველაფერი ეს აისახა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანგარიშში, რომელიც დღეს დაიდო და, რომელშიც წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებია ასახული. წინასაარჩევნო პროცესებს საია აკვირდებოდა საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში, 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით.

პირველი, რაზეც საიას ანგარიშშია საუბარი, არის საკნონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გასული წლის დეკემბერში შევიდა კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. საიას დასკვნის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ქმნის უთანასწორო საარჩევნო გარემოს, საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს, შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობებს, ადგენს არაგონივრულ და არაპროპორციულ სანქციებს და, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განხორციელებას.

„მნიშვნელოვანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის შეფასება განხორციელებულ ცვლილებებთან მიმართებით. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია გაიგივებული არ უნდა იყოს სახელმწიფოსთან და მას არ უნდა შეეძლოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც უთანასწორო პოლიტიკური თამაშის ველს ქმნის პოლიტიკური პარტიებისათვის. ასევე, მოხსენებაში საუბარია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე, რომელიც შეზღუდვებს უდგენს ყველა პირს და მათთან “საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებს” მხოლოდ მათი პოლიტიკური მოსაზრებებისათვის, რაც არღვევს გაერთიანების თავისუფლებას და ქმნის პოტენციურ საფრთხეებს არასამთავრობოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, ვინაიდან მათი საქმიანობა შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ საქმიანობად.” - ნათქვამია ნაგარიშში.

ვინაიდან ანგარიშში საუბარია იმ საკითხებზე („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები და კონტროლის პალატის მიერ ჩადენილი ქმედებები), რაც უკვე არაერთხელ გახდა ქართული მედიის და საზოგადოების მსჯელობის საგანი, ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ საიას ანგარიშში ასახულ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაზე, რაც იურისტების შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წინა წლებში განხორციელებული მონიტორინგების პრაქტიკის შესაბამისად, კვლავ დაინტერესდა საბიუჯეტო რესურსებით, რადგან ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო სხვადასხვა პროგრამის ინიცირების ტენდენცია წინასაარჩევნოდ, რომლებიც, შესაძლოა, უშუალოდ არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებს, თუმცა, თავისი არსით, წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას საარჩევნო მიზნებისათვის და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისათვის.

იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო, რამდენად კავშირში იყო ინიცირებული პროგრამები საარჩევნო წელთან, საიამ ყურადღება გაამახვილა 2011 წლის ბოლოსა და 2012 წლის დასაწყისში ინიცირებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროექტებზეც. სახელმწიფო ბიუჯეტის საქართველოს კანონით, საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შემოსავლები განისაზღვრა 6,839,399.4 ათასი ლარით, ხოლო ხარჯები 6,554,288.3 ათასი ლარით, რაც აღემატება საქართველოს კანონით 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს. 2011 წლისთვის ხარჯები 6,029,421.0 ათას ლარს შეადგენდა.

საია ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის ბიუჯეტში, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდები კვლავაც 50-50 მლნ. ლარით განისაზღვრა, თუმცა, ხაზგასმულია ის გარემოება, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ფონდებს, არსებობის დღიდან არაერთ ცვლილებას დაექვემდებარა. უკანასკნელი ცვლილებებით, სარეზერვო ფონდების მიზანი უკიდურესად გაფართოვდა. იურისტების აზრით, ეს ქმნის საფრთხეს, რომ შესაძლოა, აბსოლუტურად უკონტროლო გახდეს ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილებების სრულყოფილად ასახვა წლიურ საბიუჯეტო კანონში და ამ ფონდებიდან, ძირითადად, ამომრჩეველზე ორიენტირებული ღონისძიებები დაფინანსდეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2012 წლის თებერვლის თვეში: აბრები წარწერებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ 2012 წლის თებერვლამდე განთავსებული იყო ოზურგეთში, ზუგდიდსა და დუშეთში არსებული უფასო სასადილოების შესასვლელებში. ეს ფაქტი კი ერთდროულად რამდენიმე კანონს ეწინააღმდეგება.

საანგარიშო პერიოდში საიას მიერ შესწავლილ იქნა თვითმმართველი ქალაქების, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის მუნიციპალიტეტების 2012 წლის ბიუჯეტები და შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამები. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, იკვეთებოდა თუ არა წინასაარჩევნოდ გარკვეული ტენდენციები ადგილობრივ ბიუჯეტებში. კერძოდ, ხდებოდა თუ არა საარჩევნო წელს ბიუჯეტებში თანხების მიმართვა საარჩევნო მიზნებისთვის და რა მოცულობით.

ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტების ანალიზისას, შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა - 2012 წლის ბიუჯეტებით, გამოვლინდა ცალკეული პროგრამების დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა, რასაც ადგილი არ ჰქონია წინა წლების ბიუჯეტებთან შედარებისას. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამების დაფინანსებაც; ნარჩენების გატანისა და ქუჩების დასუფთავების პროგრამა; გარე განათების პროგრამები; ბიუჯეტების ანალიზისას შეინიშნება თვითმმართველობაში დასაქმებულ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ზრდაც.

ამასთანავე, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ხდება მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა ისეთი ახალი ღონისძიების დასაფინანსებლად, რომელიც საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული 2010 და 2011 წლების ბიუჯეტებში. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტების ანალიზისას, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ისეთი პროექტების გათვალისწინება, რომელთა დაფინანსებაც მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო 2010 და 2012 წლებში მოხდა და არანაირი დაფინანსება არ ყოფილა გამოყოფილი არასაარჩევნო 2011 წლის ბიუჯეტით.

2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტებით, გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. აღნიშნულ ფაქტს ადგილი აქვს საიას მიერ შესწავლილი თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და გორის ადგილობრივი ბიუჯეტების ანალიზისას. თბილისის ბიუჯეტის მაგალითზე, გაზრდილია მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გამოყოფილი თანხები. 2012 წელს, აღნიშნული მიზნით, 33 900,0 ლარია გამოყოფილი, რაც 20 414, 5 ლარით აღემატება 2011 წელს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გამოყოფილ სახსრებს და 6 842, 8 ლარით მეტია 2010 წელთან შედარებით.

ქუთაისის ბიუჯეტის მაგალითზე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებიდან გამოიყოფა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა. გაზრდილია პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტები და ბენეფიციართა რაოდენობა - თუ 2010 და 2011 წლებში მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემოდა მაქსიმუმ 100 ლარიანი ტალონი, 2012 წელს ეს ლიმიტი 200 ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამით ხდება ბენეფიციართა 50%-იანი თანადაფინანსება ქუთაისის ბიუჯეტიდან: თუ 2010-2011 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას ეხმარებოდა 700 ლარი ლიმიტის ფარგლებში, 2012 წელს აღნიშნული ლიმიტი 1000 ლარამდე გაიზარდა. ქუთაისის ბიუჯეტის ანალიზისას, გამოიკვეთა ასევე სოციალური ღონისძიებების პროგრამები, რომლებიც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

2011 წელთან შედარებით გაზრდილია გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებიც. აღნიშნული მიმართულება, 2010 წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 231,300 ლარით, ხოლო 2011 წლის მონაცემებთან შედარებით - 65,700 ლარით. ბათუმის ბიუჯეტის მაგალითზეც, სოციალური დაცვის პროგრამები, სხვა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა 9,721,100 ლარი, რაც 2011 წლის მონაცემებს 6,622,500 ლარით აღემატება.

ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტი ჯანმრთელობის დაცვის კუთხითაც მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ისევე, როგორც ქუთაისში, ბათუმის ბიუჯეტითაც გაიზარდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას დაემატა ახალი სფერო – სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება, რომლისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა 148,300 ლარი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ინტერესს იწვევს აღნიშნული პროგრამების დაფინანსების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა. მაგალითად, ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამები ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსდება 450,000 ლარით, მაგრამ საბიუჯეტო დოკუმენტში არ არის მითითებული ღონისძიება, რომელიც აითვისებს აღნიშნულ თანხებს. ხოლო მოცემული ზოგადი ხასიათის განმარტება არის საკმაოდ ბუნდოვანი და დაინტერესებულ პირთათვის ძნელად აღსაქმელი. ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტების ანალიზისას შეინიშნება თვითმმართველობაში დასაქმებულ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ზრდაც.

„აღსანიშნავია, რომ გაზრდილი პროგრამების ძირითადი ნაწილი ამომრჩეველთა სერვისთან არის დაკავშირებული და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს წინასაარჩევნოდ“, - აღნიშნულია ანგარიშში და აქვე არის იურისტების შეფასებაც - „მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელებით, ხელი ეშლება საქართველოში სამართლიანი და პოლიტიკური გაერთიანებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და იქმნება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენების რისკები.

მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს კეთილი ნება, წინასაარჩევნოდ არ განახორციელოს ისეთი ერთჯერადი და სპონტანური საბიუჯეტო პროექტები და, ამ გზით, პოლიტიკური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს“.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქალაქეების სახელმწიფო სამსახურებიდან პოლიტიკური ნებით განთავისუფლების შესახებ. ასევე საუბარია პოლიტიკურ დაპატიმრებებზე.

„საია შეშფოთებას გამოხატავს სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან განთავისუფლების და ზეწოლის არაერთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც დღემდე შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია სათანადო ორგანოების მხრიდან. აღნიშნული ფაქტების სიმრავლე და ინტენსივობა კიდევ უფრო ხაზს უსვამს არასამართლიანი და არაკონკურენტული საარჩევნო გარემოს არსებობას ქვეყანაში“, - დასკვნის სახით არის ნათქვამი ანგარიშში.