„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესია საქართველოსთან მიმართებაში, და ობამა საპრეზიდენტო სკამს დაემშვიდობება“

„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესია საქართველოსთან მიმართებაში, და ობამა საპრეზიდენტო სკამს დაემშვიდობება“

სახელისუფლებო გუნდი ომის დაწყების საფრთხეზე ალაპარაკდა. რუსეთთან ახალი ომის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ჯერ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ომის მიზეზად საქართველოს დემოკრატიისა და ნატოსკენ სწრაფვა დაასახელა.

შემდეგ მოსალოდნელ ომზე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის სამხედრო წვრთნები ქართულ არჩევნებს დაუკავშირა, მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ომის საფრთხე რეალურად არსებობს, მაგრამ ეს განცხადებები ქართულ არჩევნებს არ უკავშირდება და საბაბი ირაკლი ალასანიას განცხადებები შეიძლება გახდეს.

ცოტა ხანში ნუგზარ წიკლაურმა საკუთარი განცხადება განავრცო და თქვა, რომ მართალია, ომის საფრთხე რეალური არ არის, მაგრამ ...

დაიწყება თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ომი, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:

- ასეთი მოლოდინი არ მაქვს, წინასაარჩევნო მანიპულაციის თემა თუა, არ ვიცი, ამ წუთას ამის საშიშროებას ვერ ვხედავ. ამაზე იმან უნდა ისაუბროს უფრო დაწვრილებით, ვინც ეს კომენტარი გააკეთა...

დღევანდელი კამპანია, რომელიც ომის დაწყების საფრთხეს ეხება, მასშტაბურ სამხედრო წვთნებზეა აგებული, საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, ამით არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი საერთაშორისო თანამერგობრობაა შეშფოთებული...

- მხოლოდ იმიტომ, რომ 2008 წელსაც ანალოგიური წვთნები იყო, საფრთხეს ვერ ვხედავ. მასშტაბებს რაც შეეხება, რაც რუსულ პრესაში წამიკითხავს და სხვათა შორის, სომხურ და აზერბაიჯანულ პრესაშიც იყო ამაზე საუბარი, მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის წვრთნებია, მაგრამ მარტო ეს ფაქტი ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ რუსეთი მაინც და მაინც ომისთვის ემზადება. სახელმწიფო ვალდებულია, რომ როდესაც მის საზღვრებთან ასეთი რამ ხდება, გარკვეული რისკები და საფრთხეები დაითვალოს, მაგრამ რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნებს, არ ვიცი.

უმრავლესობის ლიდერი ნუგზარ წიკლაური იმასაც ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადებები, აფხაზეთის საზღვართან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ, რუსეთს დამატებით კოზირს აძლევს და ეს შეიძლება იქცეს ომის დაწყების საბაბად...

- რუსეთს ისედაც აქვს ინფორმაციები ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებითაც. უბრალოდ, სასაცილოა, მარტო ამ ტიპის ინფორმაციებზე დაყრდნობით რუსეთმა სადღაც ომი დაიწყოს...

გიგა ბოკერიას ვერსიით, ომის საფრთხე იმიტომ არსებობს, რომ რუსეთს საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ნატოსკენ სწრაფვა არ მოსწონს.

- საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა რომ არ მოსწონს რუსეთს, ეს ახალი თემა არ არის და რამდენიმე თვის წინ პირდაპირ თქვა რუსეთის პრემიერმა და პრეზიდენტმაც, რომ 2008 წლის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის პრევენცია მოეხდინათ. ამაში ახალს ვერაფერს ვხედავ და დღეს რამდენად არის ეს თემა აქტუალური, ძნელი სათქმელია.

რაც შეეხება ნატოსა და რუსეთს... როდესაც რუსეთში ნატოს ბაზების განლაგების საკითხი განიხილება, ამ შემთხვევაში, არ მგონია, ისე მტკივნეულად იდგეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, რომ რუსეთმა ომი დაიწყოს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, შემთხვევითი არ არის, რომ წვრთნები ემთხვევა საქართველოში არჩევნებს. რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში წვრთნებსა და არჩევნებს შორის?

- საქართველოში არჩევნების პერიოდში ომის დაწყებას გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ საქართველოში არჩევნები წინ უსწრებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს. ის, რომ პუტინისთვის დღეს ბევრად უფრო კომფორტული პარტნიორია ობამა, ვიდრე „რესპუბლიკური პარტიის“ ნებისმიერი კანდიდატი, ამაზე წერს როგორც რუსული, ასევე - ამერიკული პრესა. ესეც აღიარებული ფაქტია და საქართველოში არჩევნების შემდგომ, რუსეთის მხრიდან ძალის აგრესია პირდაპირ გამოიწვევს იმას, რომ ობამა პრეზიდენტობას დაემშვიდობება. ეს კი არ მგონია, პუტინის ინტერესში შედიოდეს.

ხშირად მიწევს ხოლმე შიდა და გარე ფაქტორების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც ასეა. ასეთ მოვლენებს ლოკალურად და კონტექსტიდან ამოგლეჯით ვერ განიხილავ. თუ აპრიორად ავიღებთ იმას, რომ პუტინს აშშ-ს პრეზიდენტის რანგში ობამა ურჩევნია, საქართველოში რუსეთის ძალისმიერი გზით შემოჭრა პირდაპირ გამოიწვევს იმას, რომ ობამა ცალსახად დამარცხდება და ხელისუფლების სათავეში მოვა რუსეთის მიმართ ყველაზე რეაქციული ძალა რესპუბლიკელების სახით, ესეც ძალზე თვალსასჩინოა და ეს, ერთ-ერთ ყველაზე წონად არგუმენტად მიმაჩნია. სწორედ ამაზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ომს არ დაიწყებს, იქამდე მაინც, ვიდრე აშშ-ში პრეზიდენტის ბედი არ გადაწყდება.

ანუ, ამ ეტაპზე თვითონ რუსეთს არ აწყობს საქართველოსთან ომი...

- მახსენდება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადება, რომელიც მთელმა ამერიკამ აიტაცა. საუბარი იყო მსოფლიოს სტაბილურობაზე, „უახლოესი წლების მსოფლიო პერსპექტივისთვის სასურველია, რომ რუსეთში პრეზიდენტად მოვიდეს პუტინი და აშშ-ში დარჩეს ობამა“ - ეს განცხადება ჯერ კიდევ პუტინის არჩევამდე გაკეთდა. ვფიქრობ, რომ რეალობასთან ახლოს არის ის, რაც პატრუშევმა გააჟღერა. გარდა პატრუშევის განცხადებისა, კიდევ ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინისთვის ობამა უფრო კომფორტული პარტნიორია. მაგალითად, გავიხსენოთ რესპუბლიკელების რიტორიკა, სადაც კარგად ჩანს, რამდენად აგრესიულები არიან რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ პუტინი იყოს დაინტერესებული პოსტზე ობამას დარჩენით. კიდევ ვიმეორებ – რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესია საქართველოსთან მიმართებაში არის იმისი გარანტი, რომ ობამა საპრეზიდენტო სკამს დაემშვიდობება.

პუტინი რუსეთის პრეზიდენტია და, როგორც ამბობენ, საკმაოდ ხანგრძლივი დროით. მას არ სჭირდება საომარი რიტორიკით საკუთარი ამომრჩევლის გულის მოგება. მას ასევე არ სურს დაძაბული ურთიერთობა აშშ-სთან, რამდენად საკმარისი არგუმენტებია იმისთვის, რომ ახალი ომის საფრთხეები არ განვიხილოთ?

- დღეს აშშ-საც ჰაერივით სჭირდება რუსეთის დახმარება, იგივე – ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის საკითხში, რადგან პაკისტანი, ფაქტობრივად, ჩაკეტილია. როდესაც ჯარების გამოყვანაზეა საუბარი, აქ ხომ არ არის, ას ან ათას ჯარისკაცზე საუბარი, ან რამდენიმე ერთეულ, ან თუნდაც ასეულ სამხედრო ტექნიკაზე! უზარმაზარი მოცულობის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალაა გამოსაყვანი ავღანეთიდან და ეს რუსეთის გარეშე ამერიკისთვის განუხორციელებელ ამოცანად შეიძლება მოვიაზროთ. ამიტომ, აშშ-სთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთთან ბევრ საკითხში თანხვედრა. მოკლედ, საგარეო პოლიტიკიდან კვლავ ქართულ არჩევნებთან მივდივართ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში 2012 წლის არჩევნების ბედს გადაწყვეტს ამერიკა და რუსეთი ერთად.

რაც შეეხება რასმუსენის ბოლო განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საქართველო ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდა, თქვენი შეფასებით, რა მოხდა ბოლო დროს საქართველოში ისეთი, რამაც ნატოსკენ თუნდაც ერთი ნაბიჯით წაგვწია წინ?

- რასმუსენის განცხადებიდან ის ნაწილი უფრო საინტერესოდ მომეჩვენა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა, რომ 2012 წლის არჩევნები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოსთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ეს უფრო ყურადსაღებია, ვიდრე ის, რაზედაც განცხადების პირველ ნაწილშია ლაპარაკი, რადგან ეს წლების მანძილზე გვესმის. ახალი ჟღერადობა განცხადების მეორე ნაწილს უფრო აქვს, სადაც არჩევნებზეა ლაპარაკი და ვნახოთ, როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას.

თუმცა, ეს თემაც ისევ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. დღეს აშშ-ს ძალიან სჭირდება რუსეთის კეთილგანწყობა და ამ კეთილგანწყობის შენარჩუნებისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანება უახლოეს პერსპექტივაში არ შედის. ამიტომ, ერთია განცხადება და მეორე - რეალობა, რომელსაც ვერანაირი განცხადება ვერ შეცვლის და ვერ გადაფარავს.

შეიძლება თუ არა ლაზიკას მშენებლობის თემა რამენაირად ჯდებოდეს ამ საომარი რიტორიკის კონტექსტში? უცხოურ პრესაში რამდენჯერმე გამოითქვა მოსაზრება, თითქოს, შესაძლოა, ლაზიკაში ამერიკის შეიარაღება და ჯარი განთავსდეს, რამდენად ახლოს შეიძლება იყოს ეს ეჭვები რეალობასთან?

- ლაზიკას თემა მართლაც ძალზე საინტერესოა. ბოლო ინფორმაცია, რაც ვნახე, იყო ის, რომ ლაზიკას თემაზე იუსტიციის სამინისტროში სამდღიანი კონფერენცია ეწყობა. გარდა ამისა, არსებობს NDI-ს გასაკვირი ინტერესი ლაზიკათი. ვერ გეტყვით, ეს მართლა წინასაარჩევნო სვლაა და ამ კონტექსტში განიხილება ყველაფერი თუ, ამის იქით რაიმე უფრო სერიოზული იმალება, ამ ეტაპზე ძნელია კომენტირება.

თუმცა ამ პროექტის მიმართ ეჭვები მაინც ჩნდება...

- ეჭვები ჩნდება იმიტომ, რომ თუ ასეთი არარეალური პროექტია და მხოლოდ პიარია ხელისუფლების მხრიდან... პრინციპში, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერ ვხედავ ლაზიკას აშენებით რა ხმები შეიძლება აკრიფოს ხელისუფლებამ, თანაც მისი აშენება არჩევებამდე ვერ მოხერხდება. ამიტომ, შეიძლება ცოტა უფრო სერიოზული გეგმები იმალებოდეს. ეს ხომ არ არის სოციალური პროექტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის თუნდაც 5%-ს მაინც მოიცავს? არავის პენსია არ ემატება არავის ხელფასი არ ენიშნება და არავის კბილები არ ესმება. ასეთი აბსტრაქცია არჩევნებზე დიდი შედეგის მომტანი არ უნდა იყოს. ამიტომ, შეიძლება, უფრო რეალური მიზეზები ვეძებოთ ამ ინიციატივის უკან. თუმცა, ეს მოგვიანებით გამოჩნდება.