„ამომრჩეველთა ლიგა“ სამართლიანი არჩევნებისთვის

„ამომრჩეველთა ლიგა“ სამართლიანი არჩევნებისთვის

რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ძმები გაჩეჩილაძეები ისევ გააქტიურდნენ. ამჯერად კოკა გუნცაძესთან, გოგა ხაინდრავასთან, გია ყარყარაშვილთან ერთად „ამომრჩეველთა ლიგაში“ გაერთიანდნენ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელიც ყოფილმა პარლამენტარმა კოკა გუნცაძემ, მსახიობმა ნანა შონიამ და იურისტმა ლევან ჩიკვაიძემ დააფუძნეს.

უკვე ცნობილია, რომ მოძრაობის დამფუძნებლები ქვეყანაში შიშისა და უიმედობის დასაძლევად აქტიურ სამოქალაქო ქმედებებზე გადასვლას დაიწყებენ, თითოეულ ოჯახში მივლენ და საერთო სახალხო მოძრაობად ჩამოყალიბდებიან. მათი გააქტიურება კი საბოლოოდ ოქტომბრისთვისაა გათვლილი, რათა ქვეანაში თავისუფალი, გამჭვირვალე და გაუყალბებელი არჩევნები ჩატარდეს. ამ იდეის მხარდასაჭერად „ამომრჩეველთა ლიგას“ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც შეემატნენ - ზაზა პაპუაშვილი, ბიძინა გეგიძე, შოთა გლურჯიძე, დათო რურუა, გია სანაძე, გოგა ხაინდრავა, კახა მიქაია, ნანა ფაჟავა, ბასა ფოცხიშვილი, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და სხვანი.

იმთავითვე ცნობილი იყო, რომ „ქართული ოცნების“ მიღმა დარჩენილი, მაგრამ ბოლო დროის ქართული პოლიტიკისთვის განუყოფელი ადამიანები ასპარეზზე გამოჩენის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებდნენ და მათი დროებითი მიყუჩება რაიმე სახით ტრანსფორმირდებოდა. მართლაც, კოკა გუნცაძემ ამას წინათ განაცხადა, ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკის მიღმა დასატოვებელი კაცი არ არისო და უმალვე ძმები გაჩეჩილაძეები ჯერ მხოლოდ „ამომრჩეველთა ლიგის“ ფარგლებში გააქტიურდნენ, 28 აპრილს კი უკვე თავისუფალი, გამჭვირვალე და გაუყალბებელი არჩევნების მხარდასაჭერი მანიფესტაცია დაანონსეს.

რადიკალ ოპოზიციონრებად მიჩნეული და „მიშა, მოვდივარ“ შეძახილით ცნობილი ლევან გაჩეჩილაძე დღეს ქვეყანაში სულ სხვა რეალობას ხედავს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა იგი და მისი თანამოაზრეები არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. დღეს ისინი დარწმუნდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა და პოლიტიკური სივრცე კონკურენტული გახდა.

„თუ საჭირო იქნება, ფეხზე ავდგები“, - ამ სიტყვებით მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებელ ყრილობაზე გადაჭედილ დარბაზს. მისი თქმით, მას სურს მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რასაც თავისუფალი არჩევანი და ქართველი ხალხის გამარჯვება ჰქვია, ვინაიდან ხალხის ხმას, ხალხის ძალას შეუძლია, უიმედობა იმედად, უსამართლობა კი სიმართლედ გადააქციოს.

„კახა მიქაია ოთხ კედელშიც რომ იყოს, ის მაინც თავისუფალი ადამიანი დარჩება. არიან ადამიანები ამ ქვეყანაში, რაც უნდა გარეთ იყვნენ და დიდი ფული ჰქონდეთ, მაინც მონებად დარჩებიან“, - ასეთია გია გაჩეჩილაძის, იმავე „უცნობის“ შეხედულება.

გია გაჩეჩილაძის თქმით, 21-ე საუკუნეში ქართველმა ხალხმა დიდი უსამართლობა და „დაჭერები“ გამოიარა, მაგრამ ერთ დღეში ქართველ ხალხს ასი ათასი წმინდანი ჰყოლია, რომელთაც ხატს ფეხი არ დააბიჯეს.

აქვე გია გაჩეჩილაძემ უკვე მერამდენედ დააფიქსირა, რომ იგი ხალხის ნაწილია და პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებს. ამასთან, „უცნობი“ ბასა ფოცხიშვილთან ერთად მომზადებული კლიპის ჩვენებასაც შეეცადა, თუმცა, პირველ ჯერზე, კლიპის გაშვების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან დარბაზში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ფონი კი მიდიოდა, მაგრამ ხმა არ ისმოდა. მეორე მცდელობა კი წარმატებული აღმოჩნდა.

როგორც იქნა, ვიხილეთ ამომრჩეველთა ლიგის მხარდასაჭერად გადაღებული კლიპი, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით და, ამავე დროს, ამ კლიპში მოულოდნელად გამოჩენილი ყვითელი წიწილებით, რაც, ალბათ, სიმბოლურად იმის მაუწყებელი იყო, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.

მართალია, თავდაპირველი ჩანაფიქრით, კლიპი ისეთივე მძიმე უნდა გამოსულიყო, როგორც დღევანდელ დღეს ეკადრება, მაგრამ მოგვიანებით „უცნობმა“ აზრი შეიცვალა და სახალისო კლიპის გადაღებაზე შეჯერდა.

„რატომაც არა, სახალისო უნდა იყოს, სულ ხალისით, სიცილ-სიცილით უნდა წავიდნენ ესენი და მოვიყვანოთ ახალი დღე ჩვენს ქვეყანაში“, - განმარტა „უცნობმა“.

ლევან გაჩეჩილაძემ ორიოდე ფრაზაში ჩაატია მის მიერ განვლილი პოლიტიკური ცხოვრება: „წარმოუდგენელია, რა ღალატი მაქვს მე ნანახი ამ ბრძოლაში, რა სიძულვილი, რა ტყუილი, დრო ყველაფერს თავს სახელს დაარქმევს. მიუხედავად ამისა, მე სანამ ბრძოლაში ვარ, არავისთან არცერთი კითხვა არ მაქვს და არავისგან პასუხს არ ველი, რადგან ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტკივილთან ერთად, ლევან გაჩეჩილაძეს უნახავს ძალიან დიდი სიყვარული, ერთგულება და სიმართლე, რაც მისი თქმით, სწორედ საქართველოა.

„ეს არის, რისთვისც ვიბრძოდი. ასეთმა საქართველომ განაპირობა, რომ დღეს ჩვენს ბრძოლაში შემოვიდა ყველაზე წარმატებული ქართველი და დღეს ყველა ჩვენგანს შანსი მოგვეცა, მივაღწიოთ იმას, რასაც ვნატრობდით“.

აქვე, საკუთარი ძმის მსგავსად, ლევან გაჩეჩილაძემაც, შეახსენა დარბაზში მყოფთ, რომ არასდროს პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია, არც დღეს აქვს ეს ამბიცია.

„უბრალოდ, მე სადაც აქამდე ვიდექი, დღესაც იქ ვდგავარ და ასე გაგრძელდება ბოლომდე. ეს არის ჩემს ხალხთან ერთად. ეს არის ბრძოლა თავისუფალი ქართველისა და თავისუფალი ამომრჩევლისთვის“.

ყრილობაზე სიტყვა დაუთმეს მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობ პალიკო ნოზაძესაც, რომელსაც ამ შენობაში, სხვა 40 მსახიობთან ერთად, შესვლა აკრძალული ჰქონდა, რადგან სულ ახლახანს დაატოვებინეს თეატრის კედლები.

ცნობილი მსახიობის გამოსვლა ემოციური იყო და აპლოდისმენტებით არაერთხელ შეაწყვეტინეს სიტყვა. მისი თქმით, ბოლო დროს ამ თეატრში არაკაცობა, არაადამიანურობა სუფევდა და თვით გიგა ლორთქიფანიძემაც ვერ გაუძლო ამ „არაკაცებს“.

„თუ თეატრი განადგურდება, ერი გაგვინადგურდება. ქართულ თეატრს ანადგურებენ. ქართველობა მარტოდენ წარმოშობას კი არ ნიშნავს, ქართველობა ბედისწერაა. ვინძლო, არ შედრკეთ, არ შეშინდეთ, არ დაიფანტოთ, არ გათითოკაცდეთ, ვეშაპის სისხლით ამოსულ დევებთან შერკინება აწი გვიწევს“, - აღნიშნა პალიკო ნოზაძემ.

Presage.tv „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებლებსა და მიწვეულ სტუმრებს ესაუბრა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას გამოჩენა „ამომრჩეველთა ლიგის“ პრეზენტაციაზე ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასვლას იგი არსად არ აპირებს.

„ამომრჩეველთა ლიგა“, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, არჩევნების კარგად ჩასატარებლად და ამომრჩევლების ხმის დასაცავად შეიქმნა. ამიტომ ნებისმიერ ასეთ გაერთიანებას მხარს დავუჭერ. მიმაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მიმართ სოლიდარობის გამოცხადება ერთიანი რესურსების, ძალების თავმოყრის შესაძლებლობაა. კარგია, რომ ასეთ ინიციატივას ის ადამიანები უძღვებიან, ვინც ბრძოლაში გამოცდილია. ამდენად, საჭიროა, მოხერხდეს საერთო ძალების გაერთიანება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

„ამომრჩველთა ლიგის“ თავმჯდომარე კოკა გუნცაძე აცხადებს, რომ ლიგა ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლისთვისაც თავისუფალი არჩევნების იდეა მნიშვნელოვანი იქნება.

„ქვეყანაში აქციების მოწყობა რატომღაც ქილიკის საგნად იქცა. არადა, მანიფესტაცია არის ისეთივე ფორმა და საშუალება, როგორც სხვა ფორმები და საშუალებები. ეს არის სტერეოტიპი, რასაც ხელისუფლება თავისი კონტროლირებადი პროპაგანდის საშუალებებით ამკვიდრებს. 28-ში დაგეგმილია ერთდღიანი მანიფესტაცია, ეს არ არის აქცია. რაც შეეხება აქციებს, ისინი მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში - ათენში, რომში, ლონდონში, ნიუ-იორკში“.

გუნცაძის თქმით, „ამომრჩეველთა ლიგა“ არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ბლოკის ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახით ვერ მიიღებს,რადგან ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და გადასხვაფერებას არ აპირებენ. მისი თქმით, მათი ბრძოლა ყველა დასაშვები საშუალებებით გაგრძელდება. ისინი ყველა აქტიურ მოქალაქეს მოუწოდებენ, ერთობლივი ძალისხმევით სოლიდარობის ფონდი დააფუძნონ, რომელიც ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, რომელიც იყო, არის ან მომავალში გახდება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი. ამ ფონდში კი, შემოწირულობის უფლება ყველას აქვს და ისინი არც ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობაზე იტყვიან უარს, არც სააკაშვილის შენატანზე.

გუნცაძის თქმით, მათ ყველა იმ პოლიტიკური პარტიასთან ექნებათ კონსულტაცია, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი თამაშის წესების შექმნის მომხრე იქნება.

„შეშინებულმა ამომრჩეველმა არ უნდა გააკეთოს არჩევანი. ჩვენი სლოგანიც ასეთია: „არჩევანი ჩემია!“

აშკარაა, რომ კოკა გუნცაძეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ საუბარი არ სურს. აცხადებს, რომ ეს პატივი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, ისიც - რამდენიმე თვის წინ. ხოლო, თუ რის შესახებ ისაუბრეს, მისი პასუხი ლაკონურია: „ამინდზე“.

„ამომრჩველთა ლიგის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ისინი დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილისგან კი არა, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისგან იღებენ, რომელთაც აქ მცხოვრებლებზე მეტად სურთ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება.

მართალია, ლევან ჩიკვაიძის თქმით, მათ დამფინანსებელთა შორის არიან ბიზნესმენები, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, ამ ბიზნესმენებს შორის მოიაზრება თუ არა მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელია.

„ძალიან მალე წარმოგიდგენთ ყველა იმ უცხოელი მოქალაქის ჩამონათვალს, რომელიც ჩვენს დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ყველა ამომრჩეველთან ვითანამშრომლებთ და კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზე“ ყურადღების გამახვილება სწორად არ მიმაჩნია“.

ჩვენს შეკითხვაზე, „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ დაანონსებული მანიფესტაცია ხომ არ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო გზით სიარულს, ლევან ჩიკვაიძემ განმარტა, რომ მანიფესტაციის უფლება ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს. ამასთან, თავი შეიკავა იმის კომენტირებისგან, რას მოიმოქმედებს „ამომრჩეველთა ლიგა“, თუკი არჩევნები გაყალბდება და მათი სცენარით არ დამთავრდება.

კოტე გოგელიას მხრიდან „ამომრჩეველთა ლიგის“ დაფინანსებას გოგა ხაინდრავაც ვერ ადასტურებს. მისი თქმით, ჩვენი უამრავი მოქალაქე იძულებულია, დატოვოს ქვეყნის ფარგლები და საზღვარგარეთ წავიდეს სამუშაოდ. სწორედ ეს ადამიანები ეხმარებიან „ამომრჩეველთა ლიგას“ ფინანსურად.

„ძალიან ბევრ მათგანთან კონტაქტები გვაქვს. მალე დაინახავთ, რომ უცხოეთში მცხოვრები ბევრი ჩვენი თანამემამულე შემოგვიერთდება და არა მარტო ფინანსურად დაეხმარება ამ ორგანიზაციას, არამედ - აქტიური მოქმედებითაც დააჩენს კვალს ჩვენს მოღვაწეობას. სიმართლის მთქმელი არ შეიძლება, რადიკალი იყოს. რადიკალი ამ ქვეყანაში მხოლოდ ნაცმოძრაობაა“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.